ეს ფაქტი სამაგალითოა მათთვის, ვინც "იდეალური ფიგურის" თუ გახდომის დევნაში თავს იავადმყოფებს მოდას აყოლილი გოგონები ახალი ამბავი არ არის. განსაკუთრებით - მოზარდებს შორის. თუმცა მოდაც არის და მოდაც. საგანგაშოა, როცა თითქოსდა აღიარებული სილამაზის სტანდარტებისთვის ფეხის ასაწყობად გოგონები იმ ასაკში, როცა ეს განსაკუთრებით საშიშია, უკან არ იხევენ დიეტებზე და ხანდახან შიმშილობენ კიდეც, რომ ბუნებრივ პროცესებს აღუდგნენ და სასურველ მოტკეცილ ჯინსებში ან რომელიმე ულტრამოდურ სამოსში ჩაეტიონ.
ანორექსიის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მართალია, ამჯერად გოგონას გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად ფაქტი შემაშფოთებელია და სამაგალითო მათთვის, ვინც "იდეალური ფიგურის" თუ გახდომის დევნაში თავს იავადმყოფებს და ხშირად მისი ეს მცდელობები ლეტალურადაც კი სრულდება.
15 წლის ელენა ლიდერი, იაროსლავსკიდან, 50 კილოგრამს იწონიდა. ოდნავ პუტკუნა გოგონა მოდელის სხეულზე ოცნებობდა. სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა თავისი კლასელი.
ერთხელაც გაბედა და შესთავაზა, ერთად გავისეირნოთო.
- ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ რატომღაც ყველას თვალწინ მივახალე: "თავი დამანებე, არ მომწონხარ, მსუქანი ხარ!" - სერგეი დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გოგონას ასეთი რამ უთხრა, - მერე კი... გახდომა დაიწყო. ჯერ ვერ ვამჩნევდით, ვერც ჩვენ, ვერც მასწავლებლები. მერე კი სკოლაში სიარულის ნაცვლად უკვე საავადმყოფოებში იწვა.
ლენას დედის თქმით, მისმა შვილმა ჯერ სპორტს მიმართა, მაგრამ ნებისყოფა არ ეყო. "მერე გადაწყვიტა, ცოტა ეჭამა. ესეც დიდხანს არ გაგრძელებულა. მერე კი ნორმალურად ჭამა დაიწყო, მაგრამ გულის ასარევ წამლებს იღებდა. რაღაც პერიოდში უკვე რეფლექტორულად დაეწყო გულის რევები -დღეში შვიდჯერ".
გოგონას დედას აქამდე არ გაეგონა ასეთი დაავადების შესახებ, როგორიც ანორექსიაა. როცა მისი შვილი მკვეთრად გახდა, ექიმებთან წაიყვანა. თუმცა ვერც ფსიქოლოგები და ვერც სხვა სპეციალისტები ვერ ეხმარებოდნენ - 164-სანტიმეტრიანი ლენა უკვე 26 კილოგრამს იწონიდა.
- ერთხელაც სარკეში ჩაიხედა და თითქოს გამოიღვიძაო, - იხსენებს დედამისი, - იდგა და იმეორებდა: "რა ჩავიდინე? მინდოდა, ფოტომოდელს დავმსგავსებოდი და არა ჩონჩხს! მე ხომ ოჯახი და შვილები მინდა, ცხოვრებით მინდა დავტკბე!" ამის მერე საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა და ბრძოლაც დაიწყო.
ნელ-ნელა მოკეთდა, ორგანიზმი აღარ უარყოფს საკვებს. მართალია, ჯერ სულ ცოტას ჭამს - მცირე ულუფებით, რადგან ორგანიზმი გადაჩვეულია მეტი საკვების მიღებას. თუმცა აშკარად გამოჯანმრთელებისკენ მიდის. დედაც ხელს უწყობს, ჯანსაღად კვებავს და მხარში უდგას შვილს.
18 წლის იუბილე ლენამ ყოფილ თანაკლასელებთან ერთად აღნიშნა სკოლაში, რომელიც ვეღარ დაამთავრა თავისი პრობლემის გამო. სერგეისთან კი მეგობრობს, რადგან მანაც არ მიატოვა და საავადმყოფოშიც ხშირად აკითხავდა... ლენას გაუმართლა, რომ მხარში ამოუდგნენ ახლობლები, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს და ბევრი მარტოობაში ემსხვერპლება მსგავს პრობლემას. მაგალითად, შარშან დეკემბერში როსტოვში გარდაიცვალა 15 წლის მარია, რომელიც 25 კილოგრამს იწონიდა. მას ცეკვის ანსამბლში მიუთითებდნენ ხოლმე, რომ უნდა დაეკლო. თანაკლასელებიც დასცინოდნენ მის "არაიდეალურ" სხეულს და შიმშილობით სცადა პრობლემის მოგვარება...
კიდევ ერთი შემთხვევა - ყოფილ მოდელ კეიტ პანჩერს ბოიფრენდი ემუქრებოდა, რომ მიატოვებდა, თუ წონაში მოიმატებდა. გოგონამ 25 კილოგრამამდე დაიკლო და ექიმებმა დაასკვნეს, რომ შვილის ყოლა აღარ შეეძლო. ბოიფრენდმა მაშინვე მიატოვა. თუმცა მასაც გაუმართლა, ცოტა ხანში შეხვდა ინგლისელ მეხანძრეს, რომელმაც ორი ზომით დიდი საპატარძლო კაბა უყიდა და შეჰპირდა: მაშინ მოგიყვან ცოლად, როცა ეს კაბა მოგერგებაო.
როცა გათხოვდა, კეიტი 50 კილოგრამს იწონიდა და ქმარს შვილიც გაუჩინა.