"ბავშვს გული წაუვიდა და დედა სიამაყით მიყვებოდა, რომ ის უკრძალავდა მას ყოფილიყო სუსტი და წუწუნა..." ხშირად ბავშვები ისჯებიან ჩვეულებრივი ადამიანური და ბუნებრივი გრძნობების გამო, უმეტეს შემთხვევაში არც კი ვუხსნით, რატომ არ გვინდა და არ მოგვწონს, რომ ყვირიან, ჭირვეულობენ, შურთ, გაბრაზებულები არიან, ეჭვიანობენ, ეზიზღებათ და ა.შ., ანუ მთელ რიგ უარყოფით ემოციებს და მათ გამოხატვას უბრალოდ ვუკრძალავთ. აი, დააკვირდით, როდესაც ბავშვი რაღაცაზე ძალიან ნაწყენია ან გაბრაზებულია, რისი უფლებაც ადამიანს აქვს, დამეთანხმებით, და მაგალითად ხმამაღლა დაგვიყვირა, რომ არ დაურტყია ამ წუთას უმცროსი დისთვის და ნუ მაბრალებთ ყოველთვის მეო... წარმოიდგინეთ მისი ემოცია ამ დროს, პატარა დედმამიშვილმა დაიწყო ტირილი, მშობელი კი ეჩხუბება უფროსს, რატომ ატირე, არადა მართლა არ აუტირებია და უფროსი ბავშვი ბრაზს და ათას უარყოფით ემოციას გრძნობს და ყვირის... დამიჯერეთ, რომ არ დამირტყამს, რატომ მაბრალებთ მე. მშობელი კი ეჩხუბება - როგორ გაბედე და ხმას აუწიე, დედას როგორ უყვირი, გაჩუმდი, საერთოდ ხმას ნუ იღებ, გადი ოთახიდან!.. არ ვაცდით გაბრაზებას და წყენას.
ახლა მსგავსი მომენტი თქვენს თავზე წარმოიდგინეთ, თქვენ ხომ ცილისწამებაზე გამწარდებით და საკმაოდ ხმამაღლა თუ ეტყვით დამბრალებელს, მე არ ვიყავიო, არც არავინ დაგსჯით ამ სამართლიანი წყენისა და ბრაზის გამო. თქვენ გაქვთ უფლება გამოხატოთ უკმაყოფილება, ბავშვს კი ამის უფლებას ართმევთ.
მშობლები ვართმევთ შვილებს უფლებას, იყვნენ ცუდ ხასიათზე, ხმამაღალი ტონით ილაპარაკონ, როდესაც გაბრაზებულები არიან, უნდოდეთ მარტო შეკეტვა ოთახში ჩხუბის დროს, ეჭვიანობდნენ დედმამიშვილზე, შურდეთ თანაკლასელის, ეზიზღებოდეთ რაიმე კერძი, ეწყინოთ აკრძალული რამ მშობლისგან, მაშინ როდესაც ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს ყოველდღიურად გვაქვს ეს უარყოფითი ემოციები. არც ერთი ზრდასრული ადამიანი არ არის იდეალური, ჩვენ კი ბავშვებისგან, პატარებისგან მოვითხოვთ ქცევის ზეიდეალურ გამოვლენას. ძალიან მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ, დაფიქრდით, აბა!
უფრო მეტიც, ვუკრძალავთ გამოხატონ ემოცია, თუნდაც უარყოფითი. დიახ, ეს ემოციები წლების განმავლობაში ილექება სადღაც ორგანიზმში, გონებაში, ადამიანში და ხომ იცით, რომ ასეთი ემოციებისგან დაცლა აუცილებელია, ეს ემოციები თუ ვერ გადავამუშავეთ, მუდამ დავთრგუნეთ და დავაკონსერვეთ, ოდესღაც აუცილებლად ცუდად ამოხეთქავს და დააზიანებს ადამიანს. ერთი გერმანელი ფსიქოლოგის, რობერტ ბენცის სემინარს ვუსმენდი, ის კარგად ხსნის ამ თემას და გვარწმუნებს, რომ დაგროვილი უარყოფითი ენერგია, რომელსაც გადამუშავების და გააზრების და ჩვენგან განდევნის, ჩვენგან მოშორების და გაშვების საშუალება არ მივეცით, გროვდება ჩვენში და სხვადასხვა დაავადების სახით იფეთქებს ორგანიზმში. დიახ, უარყოფით ემოციებს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია.
მეც ახლახან გავიაზრე და დავაკვირდი, რომ ბავშვს ვუკრძალავ გაბრაზებას, როდესაც ის რეალურად ძალიან გაბრაზებულია, ვეჩხუბები, აბა, გაჩერდი ახლა, ნუ ყვირი, ხმას ნუ უწევ, ნუ ბრაზობ, ნუ ტირი! უსამართლობაა ეს და მიხარია, რომ ამაზე დამაფიქრა ვიღაცამ, კონკრეტულად კი ზემოხსენებულმა გერმანელმა ფსიქოლოგმა რობერტ ბენცმა.
მე დავაკვირდი, რომ მართლაც ვუკრძალავ უარყოფით ემოციებს. შური? ეს სირცხვილია, როგორ თუ გშურს, როგორ თუ ეჭვიანობ, როგორ თუ ტირი ამხელა ბიჭი სათამაშოს გატეხვაზე, როგორ თუ ყვირი ხმამაღლა, როცა გაბრაზებული ხარ... მე ეს შევწყვიტე, მე ვცდილობ დავეხმარო შეიგრძნოს, გაიაზროს და გადაამუშაოს უარყოფითი ემოციები (ყოველთვის არ გამომდის, დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, სამწუხაროდ).
განსაკუთრებით სასტიკად მიმაჩნია, როცა ვეუბნებით გულამოსკვნით ატირებულ ბავშვს: ნუ ტირი! წარმოვიდგენ საკუთარ თავზე და ძალიან მწარეა. ან წაქცეულ ბავშვს, განსაკუთრებით ბიჭებს რომ ეუბნებიან, შენ ბიჭი ხარ, არ უნდა იტირო... - ეს არ მიმაჩნია სწორად. ვინ დაადგინა, რომ ბიჭები ტკივილზე არ ტირიან? საუბარია თანაც პატარა ბიჭებზე, ბავშვებზე. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს ბიჭს, რომ როდესაც ეტკინება ფიზიკურად ან სულიერად, მას აქვს სრული უფლება იტიროს. ამის აკრძალვა მომავალში აუცილებლად არასწორ და ზოგჯერ ადამიანისთვის საშიშ რამედ ჩამოუყალიბდება, რომელმაც რაღაც კონკრეტულ მომენტებში შეიძლება ავნოს. მახსენდება ერთი დედა, რომლის გოგონაც სკოლაში ძალიან ცუდად იყო და არაფრით არ იძახდა, წაუვიდა მერე გული. დედა სიამაყით მიყვებოდა, რომ ის უკრძალავს იყოს სუსტი და იყოს წუწუნა, როცა სტკივა, უნდა მოითმინოსო, მაგარი უნდა იყოს და მომთმენიო... ჰმ...
არავითარ შემთხვევაში ისე არ უნდა გაიგოთ, რომ მე შვილს ვაძლევ სითავხედის უფლებას და არ მივუთითებ, რომ დედაზე ან მამაზე ასეთი უხეში ტონით საუბარი და ყვირილი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველაფრის პარალელურად მე მას ვასწავლი ზრდილობიან მოქცევას უფროსებთან. კარგი გამგები სჭირდება ჩემს ამ პოსტს, არავითარ შემთხვევაში არ ვიძახი იმას, რომ ბავშვს უნდა მივცეთ ყველაფრის უფლება, იყვიროს, იკივლოს, დაანგრიოს და გააფუჭოს, როცა გაბრაზებულია-თქო. რა თქმა უნდა, არა! ძალიან შევეცადე სწორად ამეხსნა, რისი მინიშნებაც მსურს, მივცეთ პატარებს უფლება იყვნენ ცუდ ხასიათზე, იყვნენ გაბრაზებულები, ეწყინოთ და ეტკინოთ, უფლება მივცეთ, ხოლო მერე როგორ ვიმოქმედებთ, ეს უკვე დიდი ხელოვნებაა, თან რომ მივცეთ უფლება და თან რომ ზღვარს არ გადასცდნენ და უზრდელობაში არ გადავიდნე, თან რომ გადავამუშავებინოთ ეს ემოცია და უარყოფითი ენერგია გადავაკეთებინოთ დადებით ემოციად, თან რომ მივცეთ უფლება შეშურდეთ, შეეზიზღოთ, იეჭვიანონ და თან რომ მშვიდად ავუხსნათ, რომ ესენი უარყოფითი გრძნობებია და უმჯობესია არ იყვნენ შურიანები და ეჭვიანები - აი, ამ ყველაფრის პარალელურად კეთება ძნელია, დიახ, ძალიან ძნელი, მაგრამ ჩემი აზრით, სამართლიანი ბავშვების მიმართ. ნეტა მამებმაც წაიკითხონ და მიხვდნენ ყოველდღიურად რამდენი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, უმეტეს შემთხვევაში დედამ, რომელიც ზრდის ბავშვს და ასევე მამებმა.
მაია შერვაშიძე