პირველად ისტორიაში ქალმა ჯანმრთელი შვილი გააჩინა საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ პირველად ისტორიაში ქალმა ჯანმრთელი შვილი გააჩინა საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, კიდევ რამდენიმე მსგავს შემთხვევას ელოდებიან წელს და 2015 წელს. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ დონორი 61 წლის ქალი იყო, რომლის საშვილოსნო სრულიად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.
36 წლის ქალი ერთ-ერთია იმ ცხრა პაციენტს შორის, რომელსაც შვედეთის გეტებორგის საუნივერსიტეტო კლინიკაში დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა დედას საშვილოსნო მისი ოჯახის მეგობარმა "აჩუქა", რომელსაც ორი შვილი ჰყავდა გაჩენილი. ოპერაციიდან თორმეტი თვის შემდეგ ქალის უკვე ახალ საშვილოსნოში სინჯარიდან ემბრიონის იმპლანტირება მოახდინეს (ემბრიონი მისი კვერცხუჯრედისა და მისი პარტნიორის სპერმატოზოიდებისგან იყო შექმნილი). შედეგად დაიბადა ბიჭუნა. მართალია, ის ვადაზე ადრე დაიბადა, თუმცა მედიკოსებმა უკვე დაადგინეს, რომ ჯანმრთელია.
"61 წლის დონორის საშვილოსნო იდეალური გამოდგა, - ამბობს ექიმი ეშ ჰანაფი, რომელიც მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა, - გვაქვს იმის მტკიცებულებაც, რომ სამოცდაათი წლის ქალიც შეიძლება ისე მუშაობდეს, როგორც ოცი წლის გოგონას ორგანო. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვერცხუჯრედებს. საშვილოსნო ხომ უბრალოდ სახლია, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ძველ ან ახალ სახლში, თუმცა ორივე შეგიფარებთ წვიმისგან".
ტრანსპლანტაციის შემდეგ 12 თვის განმავლობაში ყველა ქალი, რომელიც დედობაზე ოცნებობდა, იმუნოდეპრესანტებს იღებდა. როგორც ითქვა, ამ ქალბატონის გარდა, კიდევ რვა ქალს გადაუნერგეს საშვილოსნო. აქედან ორის ორგანიზმმა ვერ მიიღო ახალი ორგანო. ოთხ ქალს ჯერ არ გაუვლია მოლოდინის ერთწლიანი პერიოდი, რომელიც დაორსულებას უნდა უძღოდეს წინ, კიდევ ორს კი უკვე გაუკეთეს ხელოვნური განაყოფიერება და მათი ორსულობა მშვიდობიანად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ისინი 2014 წლის ბოლომდე გააჩენენ.
მიუხედავად ამ სერიოზული მიღწევისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ტრანსპლანტაციის ეს სახეობა ჯერ ვერ გახდება პოპულარული, რადგან ძალიან ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია, რომელიც დიდ და მაღალკვალიფიციურ ჯგუფს საჭიროებს.
რაც უნდა იყოს, ამ მომენტში ეს ერთადერთი ხსნაა იმ ქალებისთვის, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო არ აქვთ საშვილოსნო. საშუალოდ 4500-დან ერთი ქალი საშვილოსნოს გარეშე იბადება. ბევრს ამ ორგანოს აცლიან სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების გამო. ადრე ასეთი ქალებისთვის შვილის ყოლის ერთადერთი გზა სუროგატი დედის დახმარება იყო. მართალია, ექიმები ამბობენ, რომ სანამ ეს მეთოდი მასობრივად დაინერგება, მინიმუმ ათი წელი უნდა გავიდეს, ეს მაინც ძალიან დიდი იმედია ბევრი ქალბატონისთვის.