კი მაგრამ, ნუთუ ტრაფარეტი მიკიდია გულზე წარწერით: "თუ შეიძლება დამისვით პირადი ცხოვრებიდან ნებისმიერი შეკითხვა”? ადამიანები ბოროტები არ არიან. უბრალოდ, ყოველთვის ვერ ხვდებიან, რას გრძნობს მეორე ადამიანი და შეუძლიათ, თუნდაც "ალალი გულით", ისეთი სისულელე უთხრან ან ისე ატკინონ გული, ვერც მიხვდნენ. ყველა ახალგაზრდა დედას გავლილი აქვს ეტაპი, როცა განსაკუთრებულად გამაღიზიანებელ შენიშვნებს აძლევენ ან შეკითხვებს უსვამენ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა "დარტყმის ქვეშ" იქნება გოგონა, მოზარდი, რომელმაც პატარამ გააჩინა შვილი.
ის ჯერ კიდევ სკოლის მერხს უჯდა, რომ დედა გახდა. ახალბედა მოზარდი დედა თავის გრძნობებზე გვიამბობს:
”ჩემს მე-16 დაბადების დღეზე, ტესტი გავიკეთე და დავინახე ორი ვარდისფერი ხაზი, რომელიც მაუწყებდა, რომ 9 თვეში დედა უნდა გავმხდარიყავი. ვერ გეტყვით, როგორი შეშინებული და დაბნეული ვიყავი. ტირილი დავიწყე... ისე, როგორც ალბათ ნებისმიერი 16 წლის გოგომ. მერე კი მეგობრებს დავურეკე, რომ ერთად წავსულიყავით კონცერტზე, დისკოთეკაზე - მინდოდა მომესწრო ყველაფერი, სანამ ჩემი მუცელი ბურთს დაემსგავსებოდა...
ახლა ჩემი გოგონა 20 წლისაა, მე დიდი ხანია აღარ ვარ მოზარდი, მაგრამ ვარ ახალგაზრდა დედა, რომელიც ჯერ ვერ ”გაიზარდა” დედობამდე - არა აქვს მნიშვნელობა, 16 წლის ვარ თუ 36-ის, მთელი ამ ხნის მანძილზე ადამიანებისგან მესმოდა ერთი და იგივე ”უტაქტო” შეკითხვები:
1. მის უფროს დას უფრო ჰგავხარ, ვიდრე დედას!
დიახ ვიცი, რომ ეს კომპლიმენტია, რომლის მიზანია იმის აღნიშვნა, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები. მაგრამ ჩემი შვილის თანდასწრებით ნათქვამ ამ ფრაზას სხვა დატვირთვა ენიჭება. მე კანიდან ვძვრები, რათა ვიყო კარგი დედა და შვილი აღმიქვამდეს სერიოზულად. ვიცი, რომ გამოვიყურები როგორც მისი და, მაგრამ არა - მე დედა ვარ.
2. სად არის მისი მამა?
კი მაგრამ, ტრაფარეტი მიკიდია გულზე წარწერით: "თუ შეიძლება დამისვით პირადი ცხოვრებიდან ნებისმიერი შეკითხვა”? თუ ვარ ახალგაზრდა და არ ვატარებ საქორწინო ბეჭედს, ეს არ არის მიზეზი ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესებისა.
3. სკოლის დამთავრება მაინც მოასწარი?
რატომ გგონიათ, რომ დედა სკოლის მოსწავლეს არ შეუძლია მიიღოს სრულფასოვანი განათლება და ჩააბაროს უმაღლეს სასაწავლებელში?
4. მშობლები გეხმარებიან?
დიახ, ჩემი მშობლები ყოველთვის მეხმარებოდნენ და გვერდში მედგნენ. მაგრამ თქვენ ალბათ სხვა პასუხის მოსმენა გსურდათ - რომ მე ბავშვით ხელში მიმატოვეს, სახლიდან გამომაგდეს, არ მიმიღეს და ა.შ.
5. სულ არ ჰგავხარ დედას...
იცით, ძალიან ვცდილობ ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ ჩემნაირები, რომლებიც არ ჯდებიან მიღებულ ჩარჩოებში და არ მჭირდება შეხსენება, რომ განსხვავებულად გამოვიყურები სხვა დედების ფონზე, როლებიც ასევე აკითხავენ თავიანთ შვილებს თუ შვილიშვილებს საბავშვო ბაღში თუ სკოლაში.
6. შვილმა იცის? (ჩურჩულით ნათქვამი ფრაზა)
იცის თუ არა შვილმა, რომ ჩვენს შორის 16 წელია სხვაობა? - ამ შეკითხვას მისვამდნენ, როცა ბავშვი ჯერ კიდევ 2-3 წლის, ან ოდნავ მეტის იყო. ე.ი. მათი აზრით, უნდა დამესვა წინ 3 წლის ბავშვი და მომეყოლა, რომ სკოლის პერიოდში მქონდა ქორწინებამდე სექსი?.. და ეს კიდევ ვინმეს საქმეა, ჩვენ ორის გარდა? ჩემი პასუხი ასეთი იყო:
- ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ჩემს არჩევანზე, ოღონდ ჯერ ვისაუბრებთ ჩიტებსა და ფუტკრებზე.
7. რა მაგარია, მეც მინდა!
დიახ, ასეთებსაც მეუბნებოდნენ! როდესაც ყველა ნაჭამ-ნასვამი და ჩაცმულ-დახურულია, დედობა - სიამოვნებაა. მაგრამ იყო მშობელი ადრეულ ასაკში - არ არის იოლი.
8. გადაწყვიტე შეინარჩუნო?
როგორც ხედავთ - ის აქ არის, ამიტომაც ვდგავარ ჩემს შვილთან ერთად საბავშვო მოედანზე! რაღა დროს მაგ შეკითხვის დასმაა?
9. რა თქვეს შენმა მშობლებმა?
ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც მშობლებს ვაუწყე ორსულობის შესახებ... თუმცა სულ არ ვაპირებ უცნობი ადამიანების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.
10. ნანობ შენს საქციელს?
ეს კიდევ ვინმეს საქმეა? თუმცა თუ მაინც გსურთ პასუხი - რა თქმა უნდა - არა. ჩემი სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში არასოდეს მინანია, რომ ჩემს გოგონას სიცოცხლე ვაჩუქე. ის არ არის რაღაც აბსტრაქტული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო მხოლოდ მე. ის ჩემი ნაწილია და ისევ ისე ძლიერად მიყვარს, როგორც მისი ამქვეყნად მოვლინების დღეს".