”ბაბუა აბორტის გაკეთებას აიძულებდა. არ ვაცოცხლებ, მაგისთანებს ვხოცავდი ომშიო?..”
”ბაბუა აბორტის გაკეთებას აიძულებდა. არ ვაცოცხლებ, მაგისთანებს ვხოცავდი ომშიო?..”
ნინო ბაიდაური, 32 წლის, თბილისი
„ქალების გარემოცვაში გავიზარდე და ქალებმა აღმზარდეს. ადამიანები, რომლებიც სიმკვახიდან სიმწიფემდე სვლაში, ყველაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ჩემზე, ქალები იყვნენ. ყველაზე გამორჩეული ფიგურები. დედა, ბებია, დეიდა - ჩემი მეორე დედა და ჩემი პირადი მაგალითი იმისა, რომ დეიდას დედის სუნი ასდის, ქართულის მასწავლებელი, თუ თუნდაც, ფიჯეი ჰარვი თავისი სიმღერებითა და ინტერნეტ-კაფეში ამობეჭდილი ტექსტებით.
პირდაპირ თუ ირიბად, მათი ცხოვრება და თვალსაწიერი მაძლევდა ერთგვარ გეზს, საით გამეჭრა კალაპოტი, რომელსაც ადრეული ასაკიდან მე
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავად ვჭრიდი ნებით თუ უნებურად და რომელმაც დღემდე მომიყვანა.
მე რომ
დავიბადე და ვიზრდებოდი, ოჯახის წევრი მამაკაცები ან გარდაცვლილები იყვნენ, ან... არ იყვნენ. გარდაცვლილებს გადმოცემით ვიცნობდი, ცოცხლებს - დისტანცირებულად.
დედაჩემი მას შემდეგ დაიბადა, რაც ბაბუა მეორე მსოფლიო ომიდან და ომის დამთავრების შემდეგ კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში – სასტიკად აძენძილი ნერვებითა და გაუსაძლისი ხასიათით. უკვე ასაკში შესულ ცოლ-ქმარს "შემთხვევით შემოეჩინა" დედაჩემი. ბებიას ეგონა, რომ კლიმაქსი ჰქონდა. როცა ფეხმძიმედ აღმოჩნდა, ბაბუა აბორტის გაკეთებას აიძულებდა. აბორტის გასაკეთებლად წასული უკან დაბრუნდა, გადაწყვეტილებით, რომ მეოთხე შვილი მაინც გაეჩინა. ბაბუა იმუქრებოდა, არ ვაცოცხლებ, მაგისთანებს ვხოცავდი ომშიო?
სისხლისმსმელი მტარვალი არ იყო, მის შესახებ ბევრი კეთილი ამბავიც შემონახულა. დედა გაჩნდა და მამის ნებიერადაც იზრდებოდა საბოლოო ჯამში. თუმცა, საკუთარი ოჯახის წარსულს ნეიტრალური ფერის სათვალით თუ გავხედავ, ცხადად ჩანს ბებია, 17 წლის ასაკში გათხოვილი გოგო, ზურგზე სამი შვილით, შემდეგ მეოთხეთი, ნატანჯი და წელში გაწყვეტილი მთელი ცხოვრება, მარტოსული და მაინც ყველაფრის შემძლე. ბაბუა, ასევე ადრიანად დაოჯახებული, ძალიან ბევრი ღირსებით, ვერგაწეული ქმრობით, ვერგაწეული მამობით და დიდად ხელშემწყობიც ცოლ-შვილის უმძიმესი ცხოვრებისა. ეს ჩემი ინტერპრეტაციაა, როცა რამეს მიყვებიან, ოჯახის მითიური უფროსის ავტორიტეტს მაინც ყველა უფრთხილდება და ლამაზად, თუმცა კუსტარულად ფუთავს, ჯერ კიდევ.

დედაჩემს, პირადად და პერსონალურად, ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა, რომ ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყო – ძალიან ლამაზიც იყო, ძალიან ჭკვიანიც, ძალიან კეთილიც და ძალიან ლაღიც. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც ერთი შეხედვით უნდა წასულიყო. თითოეული დღე იყო ბრძოლისა და წვალების არსებობისთვის, თავის გატანისთვის, ადგილის დამკვიდრებისთვის.
მე მარტოხელა დედობის ეტაპიდან ვიცნობ. როცა ჩემთან ერთად სრულიად დაუძლურებულ, მოხუც დედასაც უვლიდა. 80-იანი წლების ბოლო, 90-იანი წლები, როგორც უამრავი სხვა ქალი, დილით სამსახურში გარბოდა, იქიდან მოსული ცდილობდა ერთი საათი წაეძინა, რადგან მერე ღამე უნდა ეთენებინა. შუქი, წყალი, გაზი, ღამღამობით იყო ხოლმე. უნდა ერეცხა, ელაგებინა, მეორე დღისთვის საჭმელი მოემზადებინა, ბებოსთვის მიეხედა, ჩემთვის წიგნები წაეკითხა, წაკითხულზე გვემსჯელა, თავისთვის წაეკითხა. ეს ერთი საათით წაძინებაც არ გამოდიოდა ყოველთვის, იმიტომ, რომ მაშინ მძინარე ადამიანი მკვდარი მეგონა და როგორც კი თვალებს დახუჭავდა, ტირილს ვიწყებდი. როცა სკოლაში შევედი და მეორე ცვლაში ვიყავი, სკოლაში წასაყვანადაც და იქიდან გამოსაყვანადაც ცალ–ცალკე გამორბოდა სამსახურიდან. მერე მუსიკაზეც უნდა წავეყვანე და კიდევ ხან აქ და ხან იქ. გაკვეთილებს არ იბარებდა. მენდობოდა და მე ეს მწყინდა. მაშინ შეუმოწმებლად, უსიტყვოდ ნდობაზე მეტად ის უფრო მიხაროდა, როცა დავანახვებდი, რომ ამ ნდობას ვუმართლებდი. ქვეყანა კიდევ უფრო რომ აირია, ის სამსახურიც გაუქმდა, "კუპონი კუპონობდა" და საშუალოდ ცხოვრებას ვინ ჩივის, პირდაპირი გაგებით ლუკმა–პურის ფული იყო პრობლემა, რაც რამ ოდნავ ღირებული გვქონდა, ყველაფერი გაყიდა.
ერთხელ ბაზარში ვიყავით. სოსისების დახლს რომ მივუახლოვდით, წინ ამეფარა (ჩემი უსაყვარლესი საჭმელი იყო, მაგრამ ვერ მიყიდიდა). შევამჩნიე და რატომღაც, უკვე სახლში მისულმა ვუთხარი, რატომ ამეფარე, არ მინდა სოსისი, აღარ მიყვარს-მეთქი. ბევრი იტირა. ამის მერე აღარ გამიზიარებია ჩემი დაკვირვებები, როცა ვხედავდი, პატარა ეშმაკობებით როგორ ცდილობდა ჩემს დაცვას. აღარც იმას ვიმჩნევდი, როცა ხანდახან ღამით მეღვიძებოდა და ვხედავდი, ტიროდა. როცა ასეთ რაღაცებს ვხედავდი და ვამჩნევდი, ეს უფრო მტკივნეული იყო მისთვის. მაინც ახერხებდა, რომ რაც აუცილებელი იყო, ყველაფერი მქონოდა. მაგალითად, გაზი წავიდოდა და საუზმის გარეშე დარჩენის საფრთხე მელოდა სკოლაში წასვლამდე? ეზოში სარეცხის ხის „შპილკებს“ ცეცხლს შეუნთებდა და ზედ ჩემს პატარა ტაფაზე შემიწვავდა კვერცხს. ყოფილა ასე.


ასევე იხილეთ: "ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად" - ბაია დავითაიას ემოციური მოგონება


პატარა კაფეში დაიწყო მუშაობა. დილიდან შუა ღამემდე იქ იყო. ამასობაში მე გარდატეხის ასაკი მქონდა, გავრთულდი და გავძნელადაღსაზრდელდი, რატომღაც და ჩემდა სამარცხვინოდ, მამაჩემის თუ უმამობის ტკივილი და აგრესია დედაჩემზე გადამქონდა. მახსოვს სიზმარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვნახე. მამაჩემი სამების ტაძარში დავინახე მღვდლების ჯგუფში, მარტო თავი უჩანდა, ისიც მღვდელი იყო და მერე ამას დედაჩემს ტირილით ვუყვებოდი ვითომ. ამ სიზმარმა დამაფიქრა სერიოზულად იმაზე, რაზეც მანამდეც მეფიქრა. საიდან, როდის და რატომ გამიჩნდა პირველი პროტესტი ეკლესიისა და მღვდლების მიმართ. მაშინ, როდესაც ჩვენ არსებობისთვის ვიბრძოდით, საკმაოდ შეძლებული მამაჩემი ძალიან ეკლესიურ ცხოვრებას ეწეოდა, ჩემ მიმართ დანაშაულის გრძნობას (ამ გრძნობის შესახებ თავად აქვს ნათქვამი) აღსარებებით, ეკლესიის რემონტებით, სასულიერო პირებისთვის ნადიმების მოწყობით იქარვებდა. მოკლედ, იმ ეკლესიის მსახურნი, რომლის მრევლიც იყო, ამბობდნენ, რომ დიდწილად მის ჯიბეზე იყვნენ დამოკიდებულნი. მათივე თვალწინ, რამდენიმე თვეში ერთხელ მამაჩემი ამ ეკლესიაში დამიბარებდა ხოლმე, რამდენიმე წუთით და 100 ლარს მაჩუქებდა, ხანდახან 200-ს. იყო ამაში "რაღაც" ძალიან დამამცირებელი. თუმცა, მაშინ მის მიმართ საყვედურს ხმამაღლა ვერავინ დამაცდენინებდა, რაღაც აღმატებული არსება იყო ჩემთვის, რომელიც გადაულახავად დისტანცირებულად, მაგრამ უპირობოდ მიყვარდა. მამა, რომელიც ყოველთვის მაკლდა და ვერასდროს ვგრძნობდი, რომ მყავდა. დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოა, მაგრამ მე მინდოდა, რომ მამაჩემს რამე ესაყვედურა, გაებედა, დასჯით დამმუქრებოდა, ასე მაინც ხომ დავიჯერებდი, რომ მეც მყავდა მამა. ესეც შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო ხანდახან. დღეს, როცა თითქოს ყველა ტრავმა გადავხარშე, უკან მოვიტოვე, თითქმის დავივიწყე, ყველა მტკივნეული გამოცდილებიდან სარგებელი გამოვადნე, მაინც ვხედავ ანაბეჭდს, რომ მე ის შვილი ვარ, რომელიც უყვარდათ, მაგრამ საკმარისად არა, რომ მის გვერდით ყოფილიყვნენ, ეღიარებინათ, არ შეშინებოდათ, ყინული გაელღოთ, არ გაქცეოდნენ, არ დამალვოდნენ და ხანდახან დაეტუქსათ კიდეც. ამ სქემას ყოველ ჯერზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ურთიერთობებში, ზოგჯერ იმ დროისთვის გაუცნობიერებლადაც, გონებაში თავს დავტრიალებ და ყოველ ჯერზე გავრბივარ, რომ იგივე არ განმეორდეს.
შეიძლება ითქვას, სასიამოვნოდ უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი პატარა ქალაქის გარემოში და კულტურაში ვცხოვრობდით, არც დედაჩემისთვის და არც ჩემთვის, არასდროს, არავის, არაფერი წამოუძახებია - უქმრობა და მარტოხელა დედობა, ან უმამობა. პირიქით, პატივისცემის მეტი არაფერი მინახავს დედაჩემის მიმართ. და ჩემ მიმართ, სკოლაში, კლასში, რომელიც უსასტიკესი საზოგადოებაა, ყოველგვარი საბაბის გარეშე. უსასტიკესი იყო ყოველთვის, ჩემ დროსაც, როცა ბულინგს ბულინგი არ ერქვა და ამაზე არავინ ლაპარაკობდა. არ ვიცი, რამ დაგვიცვა მე და დედაჩემი და იმავე რაღაცამ რატომ არ დაიცვა, მაგალითად, დეიდაჩემი, რომელიც საკუთარი ძალიან ეფექტური გარეგნობისა და თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობის, თუ პარტნიორი მამაკაცების არსებობის გამო მის ცხოვრებაში, უახლოესი ადამიანებისგანაც გამხდარა განკითხვის ობიექტი. მაგრამ დეიდაჩემს ამისგან საკუთარი ხასიათი იცავდა - ყურადღება არ მიექცია და გარიდებოდა, საიდანაც გაცლა სჯობდა.
დღეს მე 32 წლის ვარ. ჩემი პირადი გამოცდილებები, უახლოესი ქალების გამოცდილებები ქალურია, მძიმეა, სწორია და ლეგიტიმური. 150 ქალი, რომელთაც პროექტში „ქალები საქართველოდან“ შევხვდით და გადავიღეთ, მასწავლის და განმამტკიცებს, რომ ჩემი სხეული, გონება, სექსუალობა, ცხოვრება და თვითგანვითარება მე მეკუთვნის, მე ვარ და უნდა ვიყო პასუხისმგებელი მათზე, მათ ერთობასა და ურთიერთთანხმობაზე. მე ვიცი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თანაბარი შესაძლებლობებისთვის, პირადი სივრცისთვის, არჩევანის თავისუფლებისთვის, თუნდაც გაორმაგებული ძალისხმევით, ჩვენი ცხოვრების მთავარი ბრძოლაა და ყოველთვის არის შედეგიანი. ესაა, რაც გვჭირდება საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებისათვის, ღირსეული ცხოვრებისათვის. მრავალი წელი დამჭირდა, დამერქმია სახელი იმისთვის, რისიც მჯეროდა, მეთქვა ხმამაღლა, რომ მე ფემინისტი ვარ და სხვაგვარად შეუძლებელია.“

© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან
14880
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
20.02.2017
”დღემდე მიჭირს იმის თქმა, როდის უფრო მაკლია დედა, როცა ძალიან ცუდად ვარ და მისი თბილი სიტყვების მოსმენა მჭირდება, თუ როცა რაღაც ძალიან კარგი ხდება...”
04.02.2017
"თუკი იგრძნობთ, რომ ბედნიერება გაქრა და გრძნობთ, რომ ებღაუჭებით ქმრებს, ოჯახს და აზრს, თუ რას იტყვის ხალხი..."
01.02.2017
ამ ვიდეოს ყურება გულს გაგითბობთ - ორი საყვარელი არსება
31.01.2017
ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს შედარებით ღია ფერის თვალები და ქერა თმა აქვს, მეორეს - მუქი თვალები და მუქი თმა
30.01.2017
"მადლობა უფალს, რომ შენ ხარ ერთ-ერთი კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა..."
28.01.2017
"19 დღის წინ კიდევ დამარტყა! მეტკინა, მაგრამ ვიფიქრე გადაღლილია და ეპატიება-თქო"




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი