"იმ საღამოს მე და ჩემმა ქმარმა ვიკამათეთ ძილის წინ... ბავშვები მე წავიყვანე დასაძინებლად..." გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე ძალიან და თან მინდა დაგაფიქროთ თქვენც და ჩემი შეცდომით მიგახვედროთ, რომ არასოდეს მსგავსი რამ არ უთხრათ შვილებს!!!!
დღეს ცოტა დაძაბული საღამო გვქონდა ოჯახში, მშობლებმა ვიკამათეთ, ზუსტად ბავშვების ძილის წინ. მამიკო აძინებს ბავშვებს ჩვენთან, დღეს ყველაფერი სხვანაირად მოხდა და მე შევიყვანე ბავშვები დასაძინებლად. უსიტყვოდ ჩავაწვინე ორივე და მეც მივუწექი.
ვერ ვაძინებ, ცელქობენ, ჩემთან უჭირთ დაძინება, მამასთან ერთად მიეჩვივნენ. ცოტა ხანში ლეგა მეკითხება, მაი, რამე გტკივაო? არა, დედი-მეთქი. უჩვეულოდ მეფერება და კიდევ და კიდევ მეკითხება: - თუ რამე გტკივა, უნდა თქვა, ხო იციო?.. ნანა რომ არ იძინებს ახლა, ტვინში გირტყამს? - მეკითხება ისევ ლეგა. - არა, დედი, არა უშავს, ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისეა.
ნანა არ იძინებს, მაიმუნობს. საწოვარა საწოლის უკან გადააგდო, ლეგა წამოხტა: - მაი მე ამოვიღებ, იყავი შენ, არ შეწუხდე, მაი, არ ადგე!
შევატყვე, რომ ემოციებშია.
- ლეგა, მე არაფერი არ მჭირს, ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ, უბრალოდ, მამამ გამაბრაზა, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი, ხვალ აღარც მემახსოვრება...
- მაი, მეტირება და ვიტირო? - მეკითხება ლეგა.
- იტირე, დედი, თუ გეტირება, მაგრამ რატომ, რატომ გეტირება? არაფერი არ მომხდარა, ხომ იცი, მე და მამა არ ვჩხუბობთ ხოლმე, დღეს ვიჩხუბეთ, მერე რა?! როცა რაღაც არ მოგწონს, უნდა ამოუშვა, თორემ გულში გროვდება და უფრო ცუდია, უნდა უთხრა ადამიანს, რომ ეს არ მოგწონს და ნანას თუ ვერ ვაძინებ, ეგეც არა უშავს, არ მეშლება ნერვები, ყველაფერი კარგადაა, ნუ ნერვიულობ, ლეგა.
- მაგრამ, დედა, მე არ მინდა, რომ მოკვდე!!!
სრული შოკი მივიღე...
- რატომ უნდა მოვკვდე, დედიკო?
- აბა, ერთხელ ხომ მითხარი, თუ გამაბრაზებთ, მოვკვდებიო?..
ღმერთო, მერჩივნა ყველაფერი, ვიდრე ეს სიტყვები...
- მე გითხარი ეს, შვილო, ოდესმე?
- კი, მითხარი და არ მინდა, რომ მოკვდე.
- მე ეს არასოდეს მითქვამს, ლეგა, ამას მე არ გეტყოდი, ვინმემ გითხრა?
- არა, შენ მითხარი.
- არა, დედა, არა, ეს ტყუილია. გაბრაზებაზე არ კვდებიან ადამიანები.
- ა, ჰო, მგონი როგორ მითხარი, იცი?! რომ ყოველ გაბრაზებაზე და ნერვების მოშლაზე ბერდები და რომ მალე დავბერდებიო...
- ჰო, დედა, ეგ კი გითხარი...
"ნუ ვთხოვთ ბავშვებს სრულყოფილებას!" - ერთი ქართველი დედის ემოციური პოსტი
გამახსენდა ეგ დღე და ჩემი ნათქვამი ეგ სიტყვები... საშინელი ბრაზი ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ და იმედგაცრუება... ეს როგორ ვუთხარი ბავშვს? პატარა გულს და პატარა გონებას ასეთი გულისამრევი აღმზრდელობითი იდიოტობა როგორ შთავაგონე? როგორ დავუშვი, რომ ასეთი დანაშაულის გრძნობა გულით ეტარებინა? რომ ყოველთვის, როდესაც გამაბრაზებდა, მე ვბერდებოდი და ან სიცოცხლის წლები მაკლდებოდა. ახლაც ბრაზი და ცრემლები მახრჩობს... არ ვიცი, რატომ ვუთხარი, როცა მაბრაზებთ მალე დავბერდები-თქო... მაგრამ ვიცი, რომ შევცდი!!! არასწორი და სავალალოა, ბავშვს ამხელა დანაშაულის გრძნობა გაუჩინო, თან ბავშვის გონებამ კიდე სხვანირად განმარტა და აი, თურმე ასე ჰქონია შემორჩენილი მეხსიერებაში, რომ დედას თუ გავაბრაზებთ, მოკვდებაო...
მრცხვენია... ასეთი ტვირთი და ფიქრები შეიძლება ძალიან უარყოფითად აისახოს ბავშვის ფსიქიკაზე... იმდენი რამეა, რაც ნაადრევად გვაბერებს ამ ცხოვრებაში, ეს ყველანაირი მიზეზით შეიძლება მოხდეს, მხოლოდ ერთი მიზეზით კი არასოდეს - გყავდეს შვილი და თუნდაც გაბრაზებდეს ბავშვური საქციელებით! ეს როგორ დაგაბერებს, ეს გაცოცხლებს სწორედ მშობელს, შვილი! გაუბრაზებლად კი არც ერთი ბავშვი გაზრდილა, ეს ბუნებრივია.
მე დღეს ბოდიში მოვუხადე ჩემს პატარა გულაჩუყებულ და ფიქრებარეულ ბიჭუნას და ავუხსენი, რომ სწორედ ის და თავისი დაიკო მჩუქნიან მე სიცოცხლეს და რომ სწორედ მათთვის ვარსებობ მე და ძალიან დიდხანს ვიცოცხლებ კიდევ!!!!
მაია შერვაშიძე