ის, რაც ყველა ორსულმა უნდა იცოდეს და სპეციალისტის პასუხები ბოლო თვეში მომავალი დედა ყურადღებით უსმენს საკუთარი ორგანიზმის იმპულსებს, რათა არ გამოეპაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი - უკვე დროა!
გთავაზობთ ხალხში მოარულ რამდენიმე მითს და მათზე მეანის პროფესონალურ მოსაზრებას.
მითი 1: მუცელი დაბლა ჩამოვიდა - ანუ უკვე დროა?
ეს არის პირველი და უტყუარი ნიშანი მოახლოებული მშობიარობისა. ბავშვის თავი სამშობიარო გზებში ჩადის, საშვილოსნოს კუნთები იწელება. მუცელი დაბლა ჩამოდის და მსხალს ემსგავსება. გარდა ამისა, ორსულის ორგანიზმში ცვლილებებია: ხშირი დეფეკაცია და შარდვა (ნაყოფის თავი შარდის ბუშტს და სწორ ნაწლავს აწვება).
არის დადებითი ნიშნებიც: უფრო გაადვილებულია სუნთქვა, არ აღინიშნება გულძმარვა, რადგან ნაყოფი ისე აღარ აწვება კუჭსა და დიაფრაგმას.
თუმცა არის ეს იმის ნიშანი, რომ უკვე მშობიარობის დროა?
სინამდვილეში: თითქოს ეს ის ნიშნებია, რის გამოც დროა სამშობიაროში წასვლა. მაგრამ - ჯერ ადრეა. როგორც წესი, მუცელი დაბლა ჩამოდის მშობიარობამდე 1-3 კვირით ადრე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიმპტომები შეინიშნება მხოლოდ პირველ მშობიარობაზე. თუ თქვენ მეორედ ან მესამეჯერ მშობიარობთ, მუცელი დაბლა იწევს ზუსტად მშობიარობის დაწყების დროს. ყველაფერი დამოკიდებულია ნაყოფის ზომაზე, დედის მენჯის ზომებზე და ბავშვის მდებარეობაზე (თავით თუ მჯდომარე).
მითი 2: ლორწოს საცობის მოშორება
მშობიარობამდე ცერვიკალური სითხე იმატებს, ხოლო მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ნაყოფს სცილდება ლორწოვანი საცობი, რომელიც მთელი ცხრა თვის მანძილზე იცავდა ინფექციებისგან. ეს არის მოყვითალო, გამჭვირვალე ბლანტი სითხე, რომელშიც შეიძლება შერეული იყოს სისხლი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირებში საშვილოსნოდან ასეთი გამონადენი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკვე დროა! თუმცა იმის დრო კია, რომ ექიმთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე.
სინამდვილეში: ზოგჯერ ლორწო ეტაპობრივად გამოდის რამდენიმე დღის განმავლობაში. არის შემთხვევები, როცა ცერვიკალური სითხის გამოსვლის შემდეგ მშობიარობის დაწყებამდე 10 დღეც გადის. არის კიდევ ასეთი შემთხვევაც, როდესაც მშობიარობამდე საშვილოსნოს ყელი რბილდება და დამცავი ლორწოვანი შეიძლება დარჩეს ცერვიკალურ არხში და გამოვიდეს უშუალოდ მშობიარობის წინ.
მითი 3: თუ წყლები დაიღვარა - დროა?
ორსულმა შეიძლება უეცრად იგრძნოს სითხის გამოდინება საშვილოსნოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სანაყოფე ბუშტი დამოუკიდებლად გასკდა და არსებობს რისკი ნაყოფის დაინფიცირებისა. ამიტომ არ შეიძლება, უწყლო პერიოდი 12 საათზე დიდხანს გაგრძელდეს. ბუნებამ დაადგინა, რომ სანაყოფე ბუშტი აქტიურად მონაწილეობს მშობიარობის პროცესში - იგი უნდა დააწვეს საშვილოსნოს ყელს, რათა გაიწელოს ჭინთვების დროს. ნორმაში ეს ხდება კუმშვების დაწყების შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ხდება პირიქითაც, რაც დამოკიდებულია წყლის მოცულობაზე (ნორმაში უნდა იყოს 1,5-2 ლ.), ნაყოფის წონაზე, მდებარეობაზე, ორსულობის ვადაზე. სანაყოფე ბუშტის მთლიანობა შეიძლება დაირღვეს დასაწყისში, ორსულობის შუაში და მშობიარობის დროს. არის შემთხვევები, როდესაც სანაყოფე ბუშტის მთლიანობა არ ირღვევა და ბავშვი იბადება ბუშტიანად, მაშინ არის საშიშროება, რომ ახალშობილი პირველი შესუნთქვისას გადაყლაპავს წყალს.
სინამდვილეში: სჯობს მშობიარე სამშობიაროში წავიდეს არა მაშინ, როდესაც დაღვრის წყლებს, არამედ მანამდე. თუ უკვე ვადას გადააცილეთ, ნუ დაელოდებით წყლების დაღვრას.
მითი 4: შეკუმშვები და შეტევები დაიწყო
როგორც ცნობილია, მშობიარობამდე 2 კვირით ადრე იწყება პირველი შეგრძნებები - ცრუ შეკუმშვები და ცრუ შეტევები. ის ძალიან ჰგავს ნამდვილს - ძალითაც და შეგრძნებებითაც, მაგრამ ამ დროს არ იხსნება საშვილოსნოს ყელი. უმეტეს შემთხვევებში ცრუ შეკუმშვები სუსტია, არა რეგულარული. ამ დროს საშვილოსნო ტალღისებურად იკუმშება, ორსულს მუცლის ქვემოთ დაქაჩვის და წელის ტკივილის შეგრძნება აქვს.
სინამდვილეში: ნამდვილი სამშობიარო შეკუმშვები რეგულარულია და მათი ინტენსივობა ნელ-ნელა მატულობს. ამასთან ერთად იხსნება საშვილოსნოს ყელი, რაც ცრუ შეკუმშვებს არ ახლავს თან.
მითი 5: სამშობიაროში წასვლა ჯობს ადრე
თითქოს ყველაფერი ლოგიკურადაა: ჯობს იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მშობიარობა ხანგრძლივი პროცესია, განსაკუთრებით პირველი მშობიარესთვის. სინამდვილეში: სასაწრაფოდ გაემართეთ სამშობიაროში, თუ ორსულს ბოლო კვირის მანძილზე აღენიშნება: გამონადენი, რომელიც წააგავს მენსტრუალურ გამონადენს; ძლიერი ტკივილი შეკუმშვის დროს; თუ საშვილოსნო მტკივნეულია და არ დუნდება შეკუმშვებს შორისაც; ნაყოფის მოძრაობა შენელებულია; ორსულს აწუხებს თავის ტკივილი, ბუნდოვანი გახდა მხედველობა; მოიმატა არტერიულმა წნევამ; აღინიშნება შარდის შეკავება... სასწრაფოდ სამშობიაროში!