რომელი ტრიმესტრიდან გაქვთ თმის შეღებვის უფლება, რით ვუშველოთ თმის ცვენას მშობიარობის შემდეგ - სპეციალისტის რეკომენდაციები
ორსული ქალი რომ ყველაზე ლამაზია, ამაზე არავინ დაობს. ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ორსული არ არის ავადმყოფი, გამობერილი მუცელი და დამრგვალებული ფორმები მხოლოდ დროებითი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც პატარის დაბადებისთანავე ჩვეულ პოზიციებს უბრუნდება. ბევრი ორსული ორსულობის პერიოდში გამორიცხავს თმის შეჭრას, შეღებვას, ხშირად ეს დიდ დისკომფორტსაც უქმნის მას. ორსულობის დროს თმის მოვლის შესახებ ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრის სპეციალისტი ნინო ფოფხაძე გვესაუბრება:
- შეიძლება თუ არა ორსულთათვის თმის შეღებვა?
- ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან უკვე ნებადართულია თმის შეღებვა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საღებავი იყოს უსაფრთხო როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. ორსულობის დროს თმის შესაღებად წარმატებით გამოიყენება სპეციალური, უამიაკო საღებავი, რომლის უსაფრთხოებაც დადასტურებულია. ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. შეღებვიდან საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერს, რაც კიდევ უფრო ამცირებს თმის შეღებვის აუცილებლობას.
- რამდენად არის რეკომენდებული რადიკალური ცვლილებები? მაგალითად, თმის გაღიავება?
- ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული მაგალითად მუქი ფერიდან ღია ფერზე გადასვლა. ამ დროს აუცილებელია მხოლოდ ისეთი საღებავებისა და ინგრედიენტების გამოყენება, რომელიც არის უსაფრთხო ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც.
- რას გვეტყვით შეჭრაზე? რამდენად ხშირად მოგმართავენ ორსულები თმის შესაჭრელად?
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ორსულებს დღესაც სჯერათ მითის, რომ ორსულობის დროს თმის შეჭრა არ შეიძლება. მეცნიერულად და სამედიცინო კუთხით, ორსულობის დროს თმის შეჭრის უკუჩვენება არ არსებობს. ეს ძველად გავრცელებული მითია, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვისაც არ სჯერა, რა თქმა უნდა, ხშირად გვსტუმრობს, ხოლო ვისაც სჯერა ამ მითის, ბავშვის გაჩენიდან უახლოეს დღეებში, ხშირად სახლში გაწერამდე გვაკითხავს და 9 თვის ნანატრ სურვილს ისრულებს.
9 თვის განმავლობაში თმას აუცილებლად ესაჭიროება მოვლა, რაც გულისხმობს დროდადრო თმის ბოლოების შეჭრას. ორსულებს, რომელთაც მითის სჯერათ, მშობიარობის შემდეგ ექმნებათ პრობლემები. თმა ხდება უხეში, თმის ბოლოები დაყოფილია, ამიტომ აუცილებელი ხდება თმის განაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
- როგორ შეიძლება ვუშველოთ თმის ცვენას ორსულობის, მშობიარობის შემდეგ, რაც ხშირია ხოლმე?
- პირველ ეტაპზე, აუცილებელია ვიზიტი ოჯახის ექიმთან, რომელიც დაგეხმარებათ თმის ცვენის მიზეზის გარკვევაში, შესაძლებელია ეს იყოს სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის ნაკლებობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა არ მოხდეს ზედაპირულად, მხოლოდ გარკვეული მედიკამენტებით და თმის დასაბანი საშუალებებით. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ თმის ცვენის მიზეზი, ამ პრობლემის მოგვარება სირთულეს არ წარმოადგენს.
სალომე გორგოშიძე