"ვიმედოვნებ, ოდესმე მოვა დრო, როდესაც ორსული ქალი პირველი დღიდანვე არ იმუშავებს და დეკრეტულ შვებულებაში იქნება" რამდენჯერ უნდა გაიკეთოს ორსულმა ულტრაბგერითი კვლევა, რომელ პერიოდებში, როგორ უნდა მოუაროს თავს, შეიძლება თუ არა სქესის დაგეგმვა დაორსულებამდე, რა პათოლოგიებია ბოლო დროს გავრცელებული და როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები ორსულობის დროს – ამ და კიდევ ბევრ აქტუალურ და საინტერესო თემაზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი რადიოლოგი ამირან გურგენიძე გვესაუბრება, რომელსაც დიდი წარდგენა არც სჭირდება, მას თითქმის ყველა იცნობს. ბატონი ამირანი უკვე ბევრი წელია, რაც სამკურნალო-დიაგნოსტიკურ კლინიკა "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს და ყოველდღიურად უამრავი ფეხმძიმე სტუმრობს...
- რამდენი წელია მოღვაწეობთ ამ სფეროში (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკაში)?
- ასპირანტურას თუ ჩავთვლით, 1980 წლიდან. 1980 წელს ჩაჩავას ინსტიტუტიდან მოსკოვში გამგზავნეს, ექოსკოპია მაშინ ახალი შემოსული იყო და სწორედ ეს მომცეს სადისერტაციო თემად.
- ჩვეულებრივმა ორსულმა წესით, რამდენჯერ უნდა გაიკეთოს ექოსკოპიური კვლევა?
- კარგი იქნება, რომ გაიკეთოს სამ თვემდე, 12-იდან 14 კვირამდე, შემდეგ - 21-იდან 23 კვირამდე და შემდე სადღაც 36 კვირისათვის.
- არის თუ არა მავნე ექოსკოპია ორსულისთვის?
- არა, მავნე არ არის, არანაირად. საზღვარგარეთ სულ პატარა ორსულსაც ნახულობენ. მავნე რომ იყოს, ამას ნამდვილად არ გააკეთებდნენ. თუ ჩვენება არის, აუცილებლად უნდა დაათვალიეროს მდგომარეობა ექოსკოპისტმა.
- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ სამგანზომილებიან და ოთხგანზომილებიან ექოსკოპიაზე. რას გულისხმობს 3D და 4 D ექოსკოპია და რა სხვაობაა მათ შორის?
- 3D წარმოადგენს ნაყოფის სტატიკურ გამოსახულებას სამ განზომილებაში. ხოლო 4D - ეს არის 3D ფორმატით მიღებული გამოსახულება მოქმედებაში, რომელიც რეალურ დროში შეგვიძლია ვნახოთ.
- რამდენად ხშირია პათოლოგიები და რომელი მათგანია ყველაზე გავრცელებული?
- განვითარებულ მანკებს იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით, უფრო ხშირად იმის გამო, რომ ქალბატონს ორსულობის პირველ თვეში შეხვდა ვირუსი ან სხვადასხვა ინფექცია, ჩემი აზრით, ეს ყველაზე მეტად ინფექციების ბრალია. ადრე არ ხდებოდა ამის დიაგნოსტირება, მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ყველა ქალბატონი, ვინც კი დაორსულებას აპირებს, გამოიკვლიონ ვირუსებზე, გავრცელებულია: ტოქსოპლაზმოსი, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი და ქლამიდიები, ისინი ხშირად იწვევენ განვითარების მანკებს. თითქმის ნახევარზე მეტი ასე თუ ისე სამ თვემდე შეიძლება დაინახო, მერე უკვე - ნაკლებად, ამიტომ სამ თვემდე აუცილებლად ყველას უნდა ჩაუტარდეს ულტრაბგერითი კვლევა. უფრო ხშირად გვხვდება ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმოსი. ტოქსოპლაზმოსი კატებს, ძაღლებსა და სხვა შინაურ ცხოველებს აქვთ, ისინი კი ძალიან ბევრ ოჯახში ჰყავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ხშირად რაიონების მცხოვრებლები ავადდებიან, რადგან მათ უფრო მეტად აქვთ შეხება შინაურ ცხოველებთან, ამ შემთხვევაში, საგანგაშო არაფერია, უბრალოდ აუცილებლად უნდა ჩააბარონ ანალიზები, გამოიკვლიონ და იმკურნალონ.
- უკანასკნელ წლებში ხომ არ იმატა პათოლოგიებმა და პრობლემებმა და თუ იმატა, რას უკავშირებთ ამას?
- არა, პირიქით, ადრე უფრო მეტი იყო, ახლა ნაკლებია, უბრალოდ ინფორმაცია უფრო მარტივად ვრცელდება და თუკი რამდენიმე შემთხვევაა, ყველა იგებს ამის შესახებ.
- პათოლოგიების და გართულებების პრევენციისთვის რა უნდა გააკეთოს ქალმა ორსულობის დროს და ორსულობის დაგეგმვისას?
- ორსულმა, პირველ რიგში, უფრო მეტად უნდა მოუაროს თავს, რასაც ექიმი ეტყვის, ყველაფერი უნდა შეასრულოს, არ უნდა იმუშაოს, არ უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად, მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღოს, მას თვისუფლად წამოწოლის საშუალება უნდა ჰქონდეს, კარგად და ჯანსაღად უნდა იკვებოს, კუჭის მოქმედება უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული, ყაბზობა იწვევს ტონუსის მომატებას, ორსული ქალბატონი თავს ძალიან სათუთად უნდა ეპყრობოდეს, ჩინური ლარნაკივით. სამწუხაროდ, ხშირად მეუბნებიან – ვმუშაობ, ვერ ვახერხებო, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში არაფერი არ იქნება, სამუშაოს ეშველება, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და მუცელი მოგეშალათ, ამას უკვე ვეღარაფერი უშველის. ვიმედოვნებ, ოდესმე მოვა დრო, როდესაც ორსული ქალი პირველი დღიდანვე არ იმუშავებს და დეკრეტულ შვებულებაში იქნება, რადგან სწორედ ამ დროს არის ის ყველაზე სათუთი და გასაფრთხილებელი.
რაც შეეხება ორსულობის დაგეგმვის პერიოდს, მე ყოველთვის ვუწევ კონსულტაციას ჩემთან მოსულებს და ვეუბნები, როდის რა უნდა გააკეთონ, როგორ მოახდინონ გენეტიკური დაავადებების პროფილაქტიკა, რა უნდა მიიღონ და ა.შ. კერძოდ ორსულობის დაგეგმვამდე რამდენიმე თვით ადრე, ორივემ, ცოლმაც და ქმარმაც გენეტიკური დაავადებების პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს, ამისათვის ორივემ უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა, მთელ მსოფლიოში ასეა. ცოლ-ქმარი სამი თვის განმავლობაში იღებს ფოლიუმის მჟავას, შემდეგ ჩასახვამდე წყვეტენ მიღებას და ელოდებიან ორსულობას და როდესაც ქალი ორსულად რჩება, ისევ იწყებს ამის მიღებას სამ თვემდე, უკვე - მხოლოდ ცოლი, პროფილაქტიკის მიზნით გენეტიკური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
- რომელი პათოლოგიების დროს იღებენ აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას?
- ძალიან ბევრი პათოლოგიაა, ძალიან ბევრი, ყველაფრის დროს, რაც კი გადახრაა, და განვითარების მანკი, ასეთი კი უამრავია სისტემების მიხედვით, ძალიან ბევრი. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საჭიროა ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, სიფრთხილე ვირუსებთან, ინფექციებთან, არ არის საჭირო ქუჩაში შემხვედრი მეგობრების გადაკოცნა, ქუჩიდან შემოსული მეუღლეც კი არ უნდა მიეკაროს ცოლს, სანამ საგარეო სამოსს არ გაიხდის, ხელ-პირს არ დაიბანს და ასე შემდეგ.
- ბოლო დროს ხშირად ეუბნებიან ქალბატონებს, რომ ტონუსი აქვთ, რას ნიშნავს ეს?
- საშვილოსნოს შეკუმშვას, საშვილოსნო გადაღლილობის დროს იკუმშება და საჭიროა წამოწოლა. გინახავთ ადამიანი, რომელმაც წოლის დროს რამე იტკინოს? არა, რა თქმა უნდა, საშიშროება მოძრაობის, მუშაობის ან სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის დროს არსებობს, ამიტომ საჭიროა წამოწოლა.
- ბოლო დროს გავრცელდა ასეთი მოსაზრება, რომ ორსულობის მე-12 კვირაში ექიმები ორსულს აღარ ეუბნებიან სქესს, თითქოს შერჩევითი აბორტების პრევენციისთვის?
- არ არის ასე, რას ნიშნავს, არ ეუბნებიან? თუ ქალი ითხოვს, უნდა იცოდეს!
- ამბობენ, რომ სქესის დაგეგმვაა შესაძლებელი და თუ ასეა, როგორ გეგმავთ? რის მიხედვით და რამდენად გარანტირებულია შედეგი?
- როგორ არა, შესაძლებელია. 100%-იანი გარანტია არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, 10-დან 6, 7 შემთხვევა ემთხვევა და 3 შესაძლოა არ დაემთხვას. დასამალი არაფერი არ არის, დღეების გამოთვლა იწყება ოვულაციის მიხედვით. ვისაც ეს აინტერესებს, ყოველთვის ვუხსნით. თან იმასაც ვეუბნებით, თქვენ სცადეთ, თუკი გნებავთ და რაც გამოვა, გამოვა, გარანტირებული არაფერი არ არის. მართლაც თითქმის ყველა ამგვარი დამოკიდებულებით მოქმედებს.
- მართალია, რომ ქალები პირველ ორსულობაზე მეტად ფრთხილობენ და არ აცდენენ ექიმთან ვიზიტებს, ხოლო შემდეგ ორსულობებზე ნაკლებად ყურადღებიანები არიან?
- არა, რატომ? პირიქით, მათ ხომ წლები და გამოცდილება ემატებათ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ეზრდებათ. ძალიან ყურადღებით მისმენენ და ყველაფერს ასრულებენ, ამის კულტურა ნამდვილად გვაქვს, ბავშვის მოვლა ჩვენთან ნამდვილად იციან. ორსული ქალბატონები თითქმის ყველაფერს ასრულებენ, მხოლოდ სიგარეტზე მქონდა პრობლემა რამდენიმეჯერ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა კარგად აუხსნას ორსულს, რამდენი უნდა მოიმატოს, როგორ უნდა იკვებოს, რა არის ჯანსაღი კვება, რა უნდა დალიოს, რა ვიტამინები მიიღოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
- რით განსხვავდებიან ადრინდელები და ახლანდელი ორსულები? წლების განმავლობაში რა იცვლება? ადრე უფრო ყურადღებიანები იყვნენ, თუ პირიქით?
- ცივილიზაცია წინ მიდის, ახლა უფრო დიდია ინფორმაციული ველი, ტექნოლოგიური საშუალებები, შესაბამისად ქალებს თავის მოვლისა და გაფრთხილების მეტი შესაძლებლობა აქვთ და რაც მთავარია, მეტი იციან. ადრე ვინ ლაპარაკობდა სწორ კვებაზე, სად ჰქონდათ ორსულებს ამხელა ინფორმაცია, ან საერთოდ ვინ წარმოიდგენდა, რომ ბავშვის დანახვას შეძლებდა? ახლა დაუშვებელია და უხერხულიც კია, რამე არ იცოდე.
- ხშირად გყოლიათ ორსულები, ვინც სქესის გაგების ან ორსულობის დადასტურების შემდეგ აბორტის გაკეთებას აპირებს და თუ ეტყობა ქალს, უნდა ეს შვილი თუ არა?
- იშვიათად, ძალიან იშვიათად და მე მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში ისინი რაღაც ზეწოლას განიცდიან. ზოგჯერ ჩემი ახლობლების სურათებს ვაჩვენებ და ვუხსნი, რომ გოგონას, ქალიშვილს არავინ შეედრება, ყველა შვილი შვილია. თითქმის არსდროს არ მიდის ამაზე ქალი თავად, ზეწოლის გარეშე.
- მოჰყვებიან თუ არა ორსულ ქალბატონებს ექოსკოპიაზე მეუღლეები და როგორ იქცევიან ამ დროს ისინი?
- ხშირად მოჰყვებიან, შესანიშნავადაც იქცევიან, ყურადღებითაც მისმენენ და რაც მთავარია, გულდასმით ცდილობენ ეკრანზე ბავშვის დანახვას, მაგრამ ცოტა გულდაწყვეტილები ჩანან, ეტყობა, უფრო გასართობ სანახაობასEელიან, ამიტომ იმის ახსნა მიწევს ხოლმე, რომ ბავშვის დანახვა ასე ადვილი არ არის, განსაკუთრებით, თავი თუ აქვს შეტრიალებული და რომ სურათზე, რომელსაც გადავიღებ, აუცილებლად დაინახავენ.
- სახალისო ან გასართობ ამბებს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ამგვარი შემთხვევა, უამრავ სასაცილო რაღაცას ამბობენ ხოლმე ჩემთან მოსულები, მაგრამ მე იმდენად კონცენტრირებული ვუყურებ მონიტორს, რამე რომ არ გამომრჩეს, დიდად ვერ ვუსმენ და არ დამიმახსოვრებია. ეკრანზე არ უნდა გამომეპაროს არაფერი, რას ამბობთ, ბავშვთან გვაქვს საქმე! მერე რას ვიზამთ!
- რამდენიმე უმთავრესი რჩევა თუ შეგიძლიათ მისცეთ ორსულ ქალბატონებს?
- როდესაც გათხოვდებიან და დაორსულებას გადაწყვეტენ, აუცილებლად მივიდნენ ექიმთან და გაიარონ კონსულტაცია, ექიმი ყველაფერს აუხსნის და დააკვალიანებს, ეტყვის, რა უნდა გააკეთონ და როგორ. თქვენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეგიძლიათ მიაკითხოთ ქალთა კონსულტაციას. დაორსულების შემდეგ კი არ უნდა მიბრძანდეთ ექიმთან - მანამდე, ყველა ამგვარად იქცევა საზღვარგარეთ. ცალკე უნდა ჩაუტარდეს ლექცია ცოლს და ცალკე ქმარს და აღარ იქნება შემდეგ უცოდინრობით გამოწვეული შეცდომები, ის არ ვიცოდი, ეს არ ვიცოდი. ამიტომ ოჯახის შექმნის შემდეგ პირველ რიგში ექიმთან მისვლაა აუცილებელი და მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ წაბრძანდეთ საქორწინო მოგზაურობაში. ეს ჩემი პირველი რჩევა იქნება.
ხოლო მეორე - დაორსულდების შემდეგ დიდი ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას, ინფექციებს, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ოჯახში ყველა განსაკუთრებულად უნდა ეპყრობოდეს და უვლიდეს ორსულ ქალს. მხოლოდ დადებით ემოციები მიიღეთ, გულდასმით მოუსმინეთ ექიმის რჩევებს, დროულად, მიზანმიმართულად იმოქმედეთ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
თეა იაკობაშვილი