ბევრჯერ გამიგონია, რომ რეზუსუარყოფით ქალს მუცელი მოეშალა. გთხოვთ აგვიხსნათ, რას ნიშნავს უარყოფითი რეზუსი და რა საფრთხეს უქადის ის ორსულს. - ბევრჯერ გამიგონია, რომ რეზუსუარყოფით ქალს მუცელი მოეშალა. გთხოვთ აგვიხსნათ, რას ნიშნავს უარყოფითი რეზუსი და რა საფრთხეს უქადის ის ორსულს.
- რეზუსფაქტორი (იგივე რეზუსანტიგენი) ცილაა, რომელიც ერითროციტების ზედაპირზეა მოთავსებული. იმუნური სისტემისთვის რეზუსანტიგენი ერთგვარი ამოსაცნობი ნიშანია. ეს ნიშანი ზოგ ადამიანს აქვს, ზოგს კი არა. პირველებზე ამბობენ, რომ რეზუსდადებითი (RH+) სისხლი აქვთ, მეორეებზე - რეზუსუარყოფითი (RH-). რეზუსი მთელი სიცოცხლე არ იცვლება. რეზუსდადებითი სისხლის თვისებები - დომინანტური, ხოლო რეზუსუარყოფითისა - რეცესიული გენის ზემოქმედებით არის განპირობებული. რეზუსდადებითი და რეზუსუარყოფითი ადამიანების სისხლი შეუთავსებელია. რეზუსუარყოფითი ადამიანის სისხლში რეზუსფაქტორის (ანტიგენის) მოხვედრა იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას, რამაც შესაძლოა ისეთი მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი.
- რა მნიშვნელობა აქვს რეზუსფაქტორს ორსულობისას?
- სისხლის რეზუსი მნიშვნელოვანია ქალისა და ნაყოფის ურთიერთქმედებისთვის, ხოლო მშობიარობის შემდეგ - ბავშვის შემდგომი არსებობისთვის. თუ ორივე მშობელს ერთნაირი რეზუსი აქვს, ნაყოფს ამ მხრივ არაფერი ემუქრება. მამის რეზუსუარყოფითობა ასევე არ არის საშიში, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ანტაგონიზმი არ წარმოიშობა. რეზუსდადებითი მამაკაცისა და რეზუსუარყოფითი ქალის შეუღლებისას კი შესაძლოა რეზუსდადებითი ნაყოფი ჩაისახოს. თუმცა არც ეს იწვევს ყოველთვის რეზუსკონფლიქტს - გააჩნია, მერამდენეა ორსულობა და წარმოიქმნება თუ არა დედის ორგანიზმში ანტისხეულები.
- როგორ მოქმედებს რეზუსფაქტორი?
- იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს, რაც ხდება მასპინძლის ცილების მიერ უცხო ცილების ანუ ანტიგენების განადგურების გზით. RH+ ნაყოფის ანტიგენები შესაძლოა პლაცენტის გავლით დედის სისხლში მოხვდეს. დედის იმუნური სისტემა მათ უცხოდ აღიქვამს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ერითროციტებს შლის. დედის სისხლში რეზუსანტისხეულების აღმოჩენისას მეანი სვამს რეზუსსენსიბილიზაციის დიაგნოზს. ასეთი ორსულები მიეკუთვნებიან რისკის მაღალ ჯგუფს, რადგან ანტისხეულებმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენონ ნაყოფს. პირველი ორსულობისას დედის სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია შედარებით ნაკლებია, ამიტომ ორსულობა უმეტესად ნორმალურად სრულდება. მაგრამ მშობიარობის, აბორტის, რეზუსდადებითი სისხლის გადასხმის შემდეგ დედის ორგანიზმში რჩება ერთგვარი მეხსიერების უჯრედები, რომლებიც მზად არიან, მომდევნო ორსულობისას სწრაფად გამოიმუშაონ ანტისხეულები. კონფლიქტის ალბათობა ყოველი მომდევნო ორსულობისას იმატებს. უფრო და უფრო იზრდება ანტისხეულების კონცენტრაცია. ისინი თავისუფლად გადიან პლაცენტაში, ხვდებიან ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში და აზიანებენ (შლიან) მის რეზუსდადებით ერითროციტებსა და სისხლის წარმომქმნელ ორგანოებს.
- როდის ვითარდება რეზუსკონფლიქტი?
- რეზუსკონფლიქტი შეიძლება განვითარდეს:
თუ წინა ორსულობა შეწყდა 8 კვირის შემდეგ; ქალს გადაესხა სისხლი რეზუსფაქტორის გაუთვალისწინებლად (თუმცა დღესდღეობით ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია); უფროს შვილს აქვს RH+ სისხლი.
- რა ელის ნაყოფს?
- ნაყოფის ერითროციტების დაშლისას ჰემოგლობინიდან გამოთავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერება - ბილირუბინი, რომელიც ბავშვის სისხლში გროვდება. ბილირუბინი ზიანს აყენებს ნაყოფის ტვინს. ვინაიდან ნაყოფის ერითროციტები განუწყვეტლივ იშლება, ღვიძლი და ელენთა ცდილობენ დააჩქარონ ახალი ერითროციტების გამომუშავება და იზრდებიან, მაგრამ ბოლოს ვეღარც ისინი უმკლავდებიან გაზრდილ მოთხოვნას. იწყება ძლიერი ჟანგბადოვანი შიმშილი და მძიმე დარღვევები ნაყოფის ორგანიზმში. ვითარდება ანემია, ინტოქსიკაცია, სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების ფუნქციათა მოშლა, ყველაზე მძიმე შემთხვევებში - თანდაყოლილი წყალმანკი, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. რეზუსკონფლიქტი შესაძლოა ნაადრევი მშობარობის, აბორტის ან მკვდრადშობილი ნაყოფის მიზეზად იქცეს.