"ფეხმძიმობის დროს თირკმლებს, ისევე, როგორც ორგანოთა უმრავლესობას, ორმაგი დატვირთვით უხდება მუშაობა: ისინი არა მარტო ქალს, არამედ ნაყოფსაც ემსახურება" - ნეფროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
რა ფუნქცია აკისრია ადამიანის ორგანიზმში თირკმელს, შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს, რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს ორსულმა ნეფროლოგს? როგორ შეიძლება ორსულმა დაიცვას თავი თირკმლის, შარდის ბუშტსა და საშარდე გზების დაავადებებისგან? ამ თემაზე ღუდუშაურის კლინიკის ნეფროლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ცანავა გვესაუბრება.
- რა ფუნქცია აკისრია ადამიანის ორგანიზმში თირკმელს, შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს?
- თირკმელები ადამიანის ძირითადი გამომყოფი ორგანოა, რომელიც შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. თირკმელებში სისხლი იფილტრება, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება და თირკმლის ვენით ბრუნდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. სისხლის ფილტრატი შარდია, რომელიც შარდსაწვეთების მეშვეობით შარდის ბუშტში ჩადის, გროვდება და შემდეგ შარდსადენის მეშვეობით ორგანიზმიდან გამოიყოფა.
თირკმელები მონაწილეობს პლაზმასა და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების, მათი მოცულობის, ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენს აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმში არსებული ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმელები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (ერითროპოეტინი, რენინი, პროსტაგლანდინები და სხვ.) სინთეზში.
თირკმლის ინვოლუციური (განლევა, უკუგანვითარება) ცვლილებები სიცოცხლის მეოთხე ათწლეულში იწყება.
70 წლისთვის ნეფრონების რაოდენობა მცირდება. თირკმელების სტრუქტურულ ცვლილებებს თან სდევს მათი ფუნქციების დარღვევა: მცირდება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, კონცენტრაციული შესაძლებლობა, იზღუდება წყალელექტროლიტური და მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნების უნარი.
- ძირითადად რა პრობლემებს ხვდებით ორსულებში? რომელი დაავადებები გხვდებათ უფრო ხშირად? თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ფეხმძიმობის დროს თირკმლებს, ისევე, როგორც ორგანოთა უმრავლესობას, ორმაგი დატვირთვით უხდება მუშაობა: ისინი არა მარტო ქალს, არამედ ნაყოფსაც ემსახურება.
ორსული საშვილოსნოს ზეწოლის გამო შარდის ბუშტის ფუძე ზემოთ იწყებს ანაცვლებას, რასაც შარდსაწვეთების უმნიშვნელო დაჭიმვა და დაგრძელება მოჰყვება. ორსულობისას ორგანიზმის ჰორმონული ფონი საგრძნობლად იცვლება, რის გამო შარდსადენი მილისა და შარდსაწვეთების ტონუსი ქვეითდება, მატულობს ზომაში მომატებული საშვილოსნოს ზეწოლა (უმეტესად მარჯვენა) შარდსაწვეთზე, რაც თირკმელებიდან შარდის ჩამოდინებას აბრკოლებს, ვითარდება ე.წ. ფიზიოლოგიური ჰიდრონეფროზი. შარდის პასაჟის დარღვევის გამო მიკროორგანიზმები ადვილად გროვდებიან და მრავლდებიან საშარდე სისტემაში, ანუ ორსულებთან მაღალია შარდგამომყოფი ორგანოების მწვავე ინფექციური მდგომარეობების ჩამოყალიბებისა და ქრონიკული შემთხვევების გამწვავების რისკი.
- რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს ორსულმა ნეფროლოგს?
- სხეულის ტემპერატურის მატება, ტკივილი წელის არეში, დისკომფორტი, წვის შეგრძნება შარდვის - დროს საშარდე სისტემის ინფექციურ (ბაქტერიულ) პათოლოგიაზე მიგვანიშნებს. თუ ორსული მსგავსმა ჩივილებმა შეაწუხა, უთუოდ ექიმს უნდა ეწვიოს.
განსაკუთრებულ ყურადღებას და დაუყოვნებელ ვიზიტს ექიმთან საჭიროებს არტერიული ჰიპერტენზიის, სხეულის შეშუპებისა და შარდის საერთო ანალიზში ცილის (პროტეინის) არსებობა.
- როგორ შეიძლება ორსულმა დაიცვას თავი თირკმლის, შარდის ბუშტსა და საშარდე გზების დაავადებებისგან?
- შარდის გამომყოფი ორგანოების ინფექციებისგან თავდაცვა ყველას სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც ორსულებს მართებთ, ამიტომ გირჩევთ: ორსულობის პროგრესირებასთან ერთად მოერიდოთ ზურგზე წოლას, დაწვეთ გვერდზე, პერიოდულად დადგეთ მუხლ-იდაყვის პოზაში, რეგულარულად დაიცალოთ შარდის ბუშტი, მიიღოთ მეტი არამინერალური სითხე.
თუ გადატანილი გაქვთ საშარდე სისტემის დაავადება, ან გაქვთ რომელიმე სხვა სომატური პათოლოგია, ორსულობის დაგეგმვამდე მიაკითხეთ ექიმს, მისი მითითების მიხედვით საჭიროა ჩატარდეს კვლევები, მათ შორის შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ჩატარდეს სომატური და ნეფროლოგიური მდგომარეობის კორექცია, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ორსულობის უსაფრთო პროგრესირებას. ორსულობა არ არის ავადმყოფური მდგომარეობა, არ გესაჭიროებათ განსაკუთრებული შეზღუდვები, თუმცა მარტივი პროფილაქტიკური რეკომენდაციის შესრულება მრავალ გართულებას აგაშორებთ თავიდან.
სალომე გორგოშიძე