"15 სექტემბერი პირველი სექტემბერია ჩემთვის" ყოველ პირველ სექტემბერს (15 სექტემბერი პირველი სექტემბერია ჩემთვის) ბავშვებს ვეტყოდი: აბა თქვენ იცით, ხუთებზე ისწავლეთ.
- ახლა ათებია, მეტყოდა სამივე.
მე ვითომ სულ მავიწყდებოდა.
- ეს ფული სოსისიანი პურისთვის.
- ჰოთდოგია.
- კატლეტიანი პური არ იყიდოთ, დინოზავრის ხორცით აკეთებენ.
- ბურგერია ეგ.
მე ვითომ არ ვიცი.
...და აქაც ამერიკაში ყოველდღე ვეკითხები: - აბა, გამოგიძახა დღეს ვინმემ? რა მიიღე? რაც შეიძლება ხშირად იდექი დაფასთან, იაქტიურე.
- აქ გრეიდებს სხვანაირად წერენ.
- ათიანებზე უნდა ისწავლოთ, ხო იცით? ხედავთ, დავიმახსოვრე და ხუთებს აღარ გეუბნებით?
- აქ ათბალიანი სისტემა არაა, ეკატერინეე!
მე ვითომ ისევ არ ვიცი და სულ არ მიკვირს ამის მერე ნიკა (უმცროსი) რომ მეკითხება:
- დე, შენ დროს ტელევიზორი იყო? ბურთი იყო? სკოლაში პასტებით წერდით?
ეკატერინე ალფაიძე