არ გაჭრა არც თხოვნამ და არც მუდარამ... მე და ნიკამ ვიჩხუბეთ. არ გაჭრა არც თხოვნამ და არც მუდარამ, დავზავებულიყავით, შუამავლები ახლოს არ გავიკარეთ. ხუთი ვუთხარი და ათი მითხრა. ათი მითხრა და თხუთმეტი ვუთხარი. საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემთან დაძინების უფლება დაკარგა და შუაღამისას თავშესაფრის ძიება მოუხდა. ზურიკოსთან ათი წუთი გაჩერდა, ხვრინავსო. დივანზე მარტო დაწოლის შეეშინდა, მერე ძმას მიეკედლა, ბოლოს ისევ ჩემი ოთახის შტურმით აღება სცადა, მაგრამ თავდაცვაში ბადალი არ მყავს.
მოკლედ, ოჯახიდან წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. სკოლის ჩანთა ამოაპირქვავა, ესენი აღარ დამჭირდებაო, ჩაიდო ერთი კომუფლირებული ნიფხავი, ბოთლით წყალი, ფანარი და ორი ნაჭერი პური. კარგად ბრძანდებოდე, ქალბატონოო, თავი დამიკრა და კარი გამოაღო.
იდგა ორ-სამ წუთს. სიბნელის შეეშინდა, უკან შემოსვლაც "უტყდებოდა". შიში ოხერია, ხვალ დილით წავალო თქვა და ჩანთა მოიხსნა.
ბოლოს ისევ ძმას მიეკედლა და დაიძინა...
ნიკას გარეშე დათვივით მეძინა, როგორც წესი, მისი მუჯლუგუნები მაღვიძებს ხოლმე. დილით კი ძალიან მომენატრა პატარა, ფუმფულა არსება, თუმცა შევეცდები პრინციპული ვიყო, სენტიმენტებს არ ავყვე და მივახვედრო, რა შეეშალა.
ნიკამ შერიგება ასე სცადა:
ეკატერინე ალფაიძე