სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ერთს იქვე მიეძინა, აი მეორემ კი - ეს უნდა ნახოთ! ამ წუთას გამოვედი მეზობლისგან, რომელიც ამავდროულად ჩემი მეგობარიც არის და ხანდახან, ძალიან რომ დავიღლებით ხოლმე ყოველდღიური საქმეებით, შინ თუ გარეთ, ერთმანეთს ვხვდებით, ყავას დავლევთ და ვუზიარებთ ათას ამბავს. ძირითადად, კვირაში ერთხელ ვახერხებთ ასეთ "ჩასხდომას" და იმდენი სათქმელი გვიგროვდება... რასაკვირველია, ისევ ბავშვების გარშემო ვტრიალებთ - ერთ სკოლა-ბაღში დაგვყავს, მე - ჩემი ორი ბიჭი, იმას - თავისი ოთხი ბიჭი-გოგო. ჰოდა, ერთს რომ დავიწყებთ და ავჭორავდებით, ისე გადის დრო, ვეღარ ვხვდებით:) ამაში ახალი არაფერია, ასეა ალბათ ბევრი დედა ჩვენ გარშემო...
დღესაც ასე შევყევით. ბიჭები უფროსები არიან და თავიანთ თავებს უვლიან, პატარები - 3 წლის ტყუპი გოგონა, უსაყვარლესი ბარბარე და მარიამი. სანამ ჩვენ ვჭორაობდით, გოგოები თავიანთთვის ერთობოდნენ. როდის გამოგვრჩა მთავარი მომენტი, აღარ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, ერთი საძინებელში განმარტოვდა, მეორე ტელევიზორს მიუჯდა... ზუსტად 15 წუთი შევყევით რაღაც მძაფრ თემაზე საუბარს (რა გამოლევს ასეთ თემებს, მაგრამ მაინც:), მოვიხედეთ და... ბარბარეს ტელევიზორთან ჩასძინებოდა, აი მარიამს კი... ამოუტრიალებია და გადაუტრიალებია, რაც კი შეიძლებოდა - დედის ტანსაცმლის გარდერობი, საწოლი, სათამაშოები... ყველაფერი ერთმანეთში იყო აზელილ-გადაზელილი. თავად კი ბედნიერი და გამარჯვებული სახით იდგა... თუმცა ამას თქვენც ხედავთ:)
ორივეს გვეწვია იდეა, სწრაფად გადაგვეღო ფოტო და mshoblebi.ge-სთვის გაგვეგზავნა. იმედია, გამოგვიქვეყნებთ:) იმას აღარ დავამატებ, რამდენი დრო დაჭირდა ამ ყველაფრის დალაგებას და მწყობრში მოყვანას. ამასობაში ბარბარე ტკბილ ძილს აგრძელებდა, მარიამი კი გახარებული ადევნებდა თვალს დედას, რომელმაც ჭიქა უკვე გაციებული ყავით მაგიდაზე დადგა, დაქალთან ჭორაობასაც მიანება თავი და ისევ გადაეშვა ყოველდღიურ თავბრუდამხვევ საქმეებში:)