პირველი ურთიერთობები ბავშვებს სკოლის პერიოდშივე ეწყებათ დრო ძალიან სწრაფად გადის. ბავშვებიც ძალიან მალე იზრდებიან. გუშინ რომ საფენებს უცვლიდით, დღეს უკვე მოზარდია და "პირადი ცხოვრებაც" აქვს.
ამ ასაკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საპირისპირო სქესის მიმართ გადაჭარბებული ინტერესია. უფრო სწორად, ამ ინტერესისგან მოდის პრობლემებიც. მშობლებს ახალი თავსატეხი უჩნდებათ - მაინც რა ასაკიდან უნდა დართოთ ნება შვილს, რომ პაემანზე იაროს?
როგორც წესი, პირველი ურთიერთობები ბავშვებს სკოლის პერიოდშივე ეწყებათ. 12-13 წლის ბიჭები უკვე გოგონებთან სეირნობენ, ყურადღებას და ინტერესს გამოხატავენ. თუ დღევანდელი თაობის ინფორმირებულობით და სითამამით ვიმსჯელებთ, ასე სეირნობით დაწყებული ურთიერთობა სერიოზულ პრობლემებში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ 14-15 წლის მოზარდების მშობლებს მოუწევთ შვილების სექსუალურ განათლებაზე დაფიქრება. აუცილებლად უნდა გამონახოთ ფორმა, რომ შვილი ინტიმური სიახლოვის შესაძლო შედეგებზე დააფიქროთ. ესაუბრეთ სქესობრივი გზებით გადამდებ დაავადებებზე, რომლისთვისაც არასრულყოფილი სქესობრივი კონტაქტიც საკმარისია. შეახსენეთ კონტრაცეპტივების აუცილებლობა. მართალია, ნაადრევი სქესობრივი კონტაქტის მომხრე არ ხართ, მაგრამ ამას მოზარდები ხანდახან უფროსების ნებართვის გარეშეც სჩადიან (განსაკუთრებით ბიჭები). ამიტომ უკეთესია, თუ მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან ამ ურთიერთობებს.
დედებმა კარგად უნდა აუხსნან გოგონებს არასასურველი ორსულობის რისკები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მეგობრული და უშუალო ტონით აუხსენით, რომ მიხვდეს, აკრძალვის გამო კი არა, მზურველობის გამო აფრთხილებენ.
16-17 წლის მოზარდებს ხშირად სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა აქვთ. თუ აქამდე მიღებულმა სათანადო ზომებმა არ გაჭრა და მოზარდს უკვე ჰყავს „გერლფრენდი“ ან „ბოიფრენდი“, როგორც ახლანდელი თავისუფალი ურთიერთობები კარნახობს, მაშინ მშობლებს მხოლოდ ერთი რამ შეუძლიათ - კვლავაც იმეგობრონ შვილთან და თუ ხედავენ, რომ უკვე დაწყებული აქვს ამგვარი ურთიერთობები, ისე დაეხმარონ, რომ გამოუცდელობის გამო დაშვებულმა შეცდომებმა ახალგაზრდებს ტრავმა არ მიაყენოს. მიეცით რჩევები. აუცილებლად გაიცანით თქვენი შვილის რჩეული და არ დაგავიწყდეთ, რომ ურთიერთობის აკრძალვას ან რჩეულის კატეგორიული ტონით "დაწუნებას" უარესი შედეგი მოსდევს. აკრძალვა უფრო სტიმულს აძლევს მოზარდს, რომ "თავისი გაიტანოს". სავარაუდოდ, ამას მაინც მოახერხებს, თქვენ შორის კი შეიძლება ძალიან ღრმა უფსკრული გაჩნდეს, რომელიც უარეს პრობლემებს მოგიტანთ.
ერთი სიტყვით, შეეგუეთ, რომ ბავშვი გაიზარდა და "კალთიდან ჩამოხტა". ახლა ეცადეთ, რომ შორს არ წავიდეს თქვენგან. ჯობს, ოჯახში მეგობრები ეგულებოდეს, ვიდრე მოჩხუბარი კრიტიკოსები.