არ შეადაროთ შვილი თანატოლებს. ამით შეიძლება შური გამოიწვიოთ ბავშვების დიდ კოლექტივში, როგორც წესი, კონფლიქტები და ურთიერთობების გარკვევა ხშირი მოვლენაა. ყოველთვის არის ტენდენცია, გამოიკვეთოს ლიდერი ან პირიქით, დაჩაგრული. ამ დროს ჯგუფში (სკოლა იქნება ეს თუ უბრალოდ უბნის სამეზობლო) ირჩევენ ხოლმე ე.წ. განტევების ვაცს, რომელზეც თავიანთ აგრესიას "ხარჯავენ" ან მის გვერდით, უბრალოდ უკეთესი ჰგონიათ საკუთარი თავი. ასეთი ტენდენცია პირველ რიგში ადასტურებს, რომ მოზარდი სრულფასოვნად და ღირსეულად ვერ გრძნობს თავს, თუ სხვა არ დაამცირა. მხოლოდ დაჩაგრულის გვერდით გრძნობს თავს უპირატეს მდგომარეობაში.
ბავშვს (უფროსსაც), რომელსაც რეალური წარმატებები და მიღწევები აქვს ცხოვრებაში, არ სჭირდება სხვისი დამცირება. ის ისედაც კარგად გრძნობს თავს. ეს მთავარი რეცეპტია იმ მშობლებისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ ბავშვი არა მარტო სხვების აგრესიისგან დაიცვას, არამედ თავად არ გაიზარდოს აგრესორი.
არ შეადაროთ შვილი თანატოლებს. ამით შეიძლება შური გამოიწვიოთ და გაუჩინოთ ლტოლვა, სწრაფად დაამტკიცოს თავისი უპირატესობა. შეადარეთ მხოლოდ საკუთარ მიღწევებს. "ეს დავალება თეოზე უკეთ დაგიწერია" კი არა, არამედ "დღეს დავალება გუშინდელზე უკეთ დაგიწერია". ფრაზა, რომ ვინმეზე უარესია, არასოდეს გამოიყენოთ. ფსიქოლოგიაში არსებობს მარტივი კანონი: მოზარდში ძლიერდება ის მხარე, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ. ასე რომ, უკეთეს მხარეს მიაქციეთ ყურადღება, მისი არსებობა გამოკვეთეთ და უარყოფითი თვისებებიც თანდათან შემცირდება. ხშირად შეაქეთ მისი თანდასწრებით სხვა ადამიანებიც: ნაცნობები, მეგობრები, ბავშვის მეგობრები. სამაგიეროდ, ბავშვის თანდასწრებით მათი კრიტიკისგან თავი შეიკავეთ. თუნდაც აქებდეთ ვინმეს, მაინც ნუ შეადარებთ თქვენს შვილს და ნურც მაგალითად დაუსახავთ.
მინიმუმამდე დაიყვანეთ აღზრდის მკაცრი და ხისტი მეთოდები. უფროსებზე გაბრაზებული, მათგან დამცირებული და შეურაცხყოფილი ბავშვი თავის ბოღმას აუცილებლად გადმოანთხევს სხვაზე. სავარაუდოდ იმაზე, ვინც უფრო სუსტია.