ადრე თუ გვიან ყველა მშობელს მოუწევს პასუხის გაცემა შვილის უხერხულ შეკითხვაზე ადრე თუ გვიან ყველა მშობელს მოუწევს პასუხის გაცემა შვილის უხერხულ შეკითხვაზე - როგორ ჩნდებიან ბავშვები?
წეროსა და კომბოსტოს ვერსია დღევანდელ ბავშვებთან ძალიან უსუსურად გამოიყურება. 7 და 10 წლის ბავშვის მოტყუება კი არც გამოგივათ და არც არის სასურველი. ბუნებრივია, ყველაფერს ვერ ეტყვით, არადა, ამ საკითხის ახსნაზე ბევრად არის დამოკიდებული მისი თავდაჯერება და საწინააღმდეგო სქესთან დამოკიდებულება.
სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის ეს საკითხი, ბუნებრივია, სხვადასხვანაირად უნდა ახსნათ.
ყველაზე პატარებისთვის
პასუხის ვერსია: "თავიდან ძალიან პატარა იყავი და ჩემს მუცელში ცხოვრობდი (თუ მამა პასუხობს - დედის მუცელში), მერე გაიზარდე და ვეღარ ეტეოდი. ამიტომ გარეთ გამოგიყვანეთ. დავურეკე ექიმს და მან სამშობიარო სახლში წამიყვანა. იქ გამოგაძვრინეს მუცლიდან. ეს მარტო ექიმებს შეუძლიათ".
ეს პასუხი 5-4- წლის ბავშვისთვის დამაკმაყოფილებელია. წვრილმანეთით, როგორც წესი, ამ ასაკში არ ინტერესდებიან.
რაკი უხერხულ კითხვბზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი შემთხვევაც განვიხილოთ. პატარა აუცილებლად შეამჩნევს და კითხვაც არ მოერიდება: "რატომ ვშვები ფისის მე ჩაკუზული, ნიკუშა კი ფეხზე დგას?" ან პირდაპირ შემთხევით თვალმოკრული სასქესო ორგანოების განსხვავებაზე გკითხავთ. ნუ გაექცევით ამ კითხვას და უთხარით, რომ "გოგონები და ბიჭები ამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ასე გააჩინა ბუნებამ და ასე იქნება ყოველთვის".
მოზრდილი ბავშვებისთვის, ვისაც უფრო მეტი აინტერესებს
პასუხის ვერსია: როცა გოგო და ბიჭი მშობლების ტოლები გაიზრდებიან, თუ ერთმანეთი მოეწონებათ და შეუყვარდებათ, დაქორწინდებიან. ერთად იცხოვრებენ, ერთად დაიძინებენ. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და სულ ეფერებიან ერთი მეორეს. ამ დროს ქალის მუცელში ერთი ციცქნა უჯრედი იღვიძებს, რომელიც თანადათან იზრდება, დედასაც მუცელი ეზრდება. როცა პატარა ადამიანი იქ ვეღარ დაეტევა, დედას მის გამოყვანაში ექიმი დაეხმარება.
იქვე აუცილებლად განუმარტეთ, რომ ასე მხოლოდ უფროსებს შეუძლიათ მოქცევა და შვილებიც მხოლოდ დიდებს უჩნდებათ.
თუ ბავშვს არ უჩნდება ეს შეკითხვა, თავად ჰკითხეთ. "არ გაინტერესებს, საიდან გაჩნდი?". თუ გიპასუხებთ, რომ იცის, აუცილებლად ჩაეკითხეთ, რა იცის კონკრეტულად და საიდან გაიგო ეს. პასუხს რომ მოისმენთ, საჭიროებისამებრ, შეასწორეთ ის. თუ არაფერი იცის, ჯობია ისევ თქვენგან გაიგოს, ვიდრე სხვა გათვითცნობიერებული ბავშვებისგან.
თუ უკვე ბავშვს ეზოში ყველაფერი უამბეს
პანიკაში ნუ ჩავარდებით და რაც მთავარია, არ ეჩხუბოთ ბავშვს, რომელმაც საშინელი ლექსიკით გაგიზიარათ მიღებული "ცოდნა". უამბეთ სიმართლის თქვენი ვერსია, თუ როგორ გაჩნდა ამ ქვეყანაზე. გააფრთხილეთ, ყველაფერს ნუ დაუჯერებს მეზობლის ბავშვებს, რადგან ისინიც ბავშვები არიან და ბევრი არაფერი ესმით. უთხარით, რომ როცა რამე დააინტერესებს, მშობლებს ჰკითხოს.
დამატებითი რჩევები:
- ნუ მოატყუებთ;
- ნუ აარიდებთ თავს პასუხს, თუმცა მოსაფიქრებელი დროის თხოვნა შეიძლება;
- ეცადეთ, რომ ბავშვს არ რცხვენოდეს მშობლებთან ინტიმურ საკითხზე საუბრის;
- თუ ბავშვი დიდია და გიჭირთ ამ თემაზე საუბარი, არსებობს საგანგებოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლები, რომლებიც ამ საკითხს განმარტავენ. ანახეთ ეს ფილმი და შემდეგ გამოკითხეთ, რამდენად სწორად გაიგო ეს ყველაფერი.