ამ მეთოდების გამოყენებით იმასაც გაიგებთ, თქვენს შვილს სმენითი მეხსიერება აქვს თუ მხედველობითი რატომ უნდა ვისწავლოთ ლექსები? იმიტომ, რომ ისინი "აშენებენ" სულის ჰარმონიას, და უფრო სათუთს ხდიან მას. ლექსები პატარებს ფანტაზიას უვითარებენ და მათი ზეპირად წარმოთქმა თავდაჯერებულობას მატებს ბავშვებს. ფსიქოლოგებმა დაამყარეს მჭიდრო კავშირი ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას შორის. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ბავშვს ჩაუნერგოთ რწმენა იმისა, რომ მას კარგი მეხსიერება აქვს, რომ მას შეუძლია დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც სჭირდება.
მუშაობის ალგორითმი:
• თქვენ თვითონ ხმამაღლა კითხულობთ ტექსტს;
• შემდეგ ბავშვი კითხულობს გამოთქმით;
• აუცილებლად ეძებთ ტექსტში უცხო სიტყვებს და უხსნით მათ მნიშვნელობას;
• ბავშვი კიდევ ერთხელ კითხულობს ლექსს - ნელა და აზრიანად;
• აჩვენეთ ლექსის ავტორის პორტრეტი და მოუყევით რაიმე საინტერესო მისი ბიოგრაფიიდან;
• ყურაღება მიაქციეთ ილუსტრაციებს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა წაიკითხეთ ლექსი;
ასეთი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ გადადით ლექსის შესწავლაზე.
ვუყურებ და ვიმახსოვრებ
არის დამახსოვრების რამდენიმე მეთოდი და ყოველი მათგანი დამყარებულია კონკრეტული ბავშვის მეხსიერებაზე. ფურცელზე ნახატის სახით გადაიტანეთ ის, რაზეც საუბარია ტექსტში. შექმენით ერთგვარი გეგმა-ნახატი. როდესაც მიხვდებით, რომ "პროცესი კარგად მიდის" , მოაშორეთ ნახატი. ეს მეთოდი კარგად ეხმარება ბავშვებს ,რომლებსაც განვითარებული აქვთ მხედველობითი მეხსიერება.
ვმოძრაობ და ვიმახსოვრებ
მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ბავშვს შესთავაზეთ აიღოს დიდი თოკი და უთხარით ტექსტის წაკითხვის დროს რიტმულად დაახვიოს გორგალი. შემდეგ გახსნას ასევე რიტმულად სტროფიდან სტროფამდე. როდესაც ამას რამდენჯერმე გააკეთებს, შემდეგ უთხარით, ხელები უკან დამალოს და ისე წაიკითხოს ლექსი. ასეთი მოქმედებები ეხმარება ბავშვს არა მარტო მოუსმინოს და შეხედოს, არამედ შეეხოს კიდევაც. მოქმედების აქტი ეხმარება ბავშვს დამახსოვრებაში.
ვისმენ და ვიმახსოვრებ
ჯერ კითხულობთ თქვენ პატარა მონაკვეთს და გისმენთ ბავშვი. შემდეგ იმეორებთ ერთად. ამის მერე ის მარტო კითხულობს და მერე ისევ თქვენ. ეს მეთოდი ოპტიმალურია მათთვის, ვისაც სმენითი მეხსიერება აქვს განვითარებული.
ვიაზრებ და ვიმახსოვრებ
ბავშვი კითხულობს პირველ სტროფებს, შემდეგ ჩერდება და თავისი სიტყვებით გადმოსცემს მომდევნო სტროფების შინაარსს. ეს მეთოდი ეხმარება ბავშვს დაამყაროს აზრობრივი კავშირი ტექსტის შინაარსთან.
გამოიყენეთ თითოეული ზემოთ აღწერილი მეთოდი და იმასაც მიხვდებით, როგორი სახის მეხსიერება აქვს წამყვანი თქვენს შვილს.