ბავშვებს, რომლებსაც ნორმაზე ნაკლები დროის განმავლობაში სძინავთ, გაცილებით ხშირად აქვთ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები 4 წლის ბავშვებს, რომლებსაც ნორმაზე ნაკლები დროის განმავლობაში სძინავთ, გაცილებით ხშირად აქვთ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე მათ კარგად გამოძინებულ თანატოლებს. ეს დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნით, რომელთა ნაშრომიც ჟურნალ Journal of Developmental Behavioral Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
”სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომლებსაც ძილის ხანგრძლივობა აკლიათ, მიდრეკილნი არიან ჰიპერაქტიურობისკენ, აგრესიისა და სიბრაზისკენ, დაძაბულობისა და იმპულსურობისკენ", - აცხადებს კვლევის ერთერთი ავტორი რებეკა შარიფი.
მეცნიერებმა 9 000 ბავშვის მშობელი გამოკითხეს. მონაცემების შეჯერების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 4 წლამდე ბავშვის ძილის ხანგრძლივობა 10 საათზე ოდნავ მეტია. ბავშვების 16%-ს ძილის სერიოზული ნაკლებობა აღმოუჩინეს. ეს განსაკუთრებით გამოხატული იყო ბიჭებში, რომლებიც დღეში ტელევიზორს 2 საათზე მეტ ხანს უყურებდნენ.
ექიმების რეკომენდაციით, საშუალოდ 3-4 წლის ბავშვს დღე-ღამეში 14-16 საათი უნდა ეძინოს. ამ დროში, ბუნებრივია, შუადღის ძილიც იგულისხმება.
5-6 წლის ბავშვს 13-15 საათიანი ძილი ესაჭიროება. სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, ანგარიში გაუწიონ ბავშვების ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს და საკუთარი გატაცებებით მათ ჯანმრთელობას ხელი არ შეუშალონ. როცა იცით, რომ ბავშვი ტელევიზორს არ მოცილდება, საღამოობით საერთოდ ნუ ჩართავთ მას (ზოგიერთი ფსიქოლოგი იმასაც კი ურჩევს მშობლებს, საერთოდ გაიტანონ ტელევიზორის სახლიდან). ეს შეიძლება დიდი მსხვერპლია, მაგრამ მისი გაღება ღირს. თუ საჭირო გახდა შეუქმენით ილუზია, რომ მთელი ოჯახი დაწვა. ცოტა ხნით სახლში შუქი ჩააქრეთ და გამოაცხადეთ, რომ ყველა წვება.
გაითვალისწინეთ, ექიმები გაღვიძების შემდეგ ლოგინში დიდი ხნით ”კოტრიალის"წინააღმდეგნიც არიან.