ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი უზრდელია (როგორც ხშირად ამტკიცებენ ბებიები) შიში, სიხარული, შური, წყენა - ამ გრძნობებისგან შედგება ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრება. შეგვიძლია თუ არა გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ვასწავლოთ ამის შესახებ ბავშვებს? მინდა გაგიზიაროთ ჩემი მიღწევები.
ჩემი მეგობარი ფსიქოლოგია და მე ძალიან გამიმართლა. სწორედ მან მიბიძგა, დავფიქრებულიყავი გრძნობების თემაზე.
როდესაც ლიდა მაიას (თავის შვილს) აცმევდა, ეუბნებოდა: "ვიცი, შენ გაბრაზებული ხარ, იმიტომ, რომ სახლში მივდივართ, მაგრამ უკვე დროა" ( ასეთ სიტუაციებში ხშირად გაიგონებთ: "აბა, დროზე ჩაიცვი, გეყოფა თამაში".). მე ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. იმ დღიდან დაიწყო ჩემი მუშაობა გრძნობებზე. ვცდილობდი მელაპარაკა ჩემს შვილ ლერასთან თავის სურვილებზე, ინტერესებზე, გრძნობებზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ვიყავით და ვისთან. თუ მაღაზიაში ისტერიკა დაიწყებოდა - მე ვდგებოდი მუხლებზე, ვუყურებდი თვალებში და ვიწყებდი ლაპარაკს იმაზე, რაც იმ წუთას ხდებოდა და რას გრძნობდა ლერა. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე.
შემდეგ ეტაპზე ვცდილობდი მიმეცა ბავშვისთვის თავისი გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა. როდესაც ის ტიროდა, მე არ გადამქონდა მისი ყურადღება სხვა რამეზე, ვაძლევდი უფლებას გამოეხატა ემოცია: ეტირა, ებაკუნა ფეხებით, ესროლა სათამაშო. ამაზე მე და ჩემს მეუღლეს უთანხმოებაც მოგვივიდა. იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ბავშვს ასეთი სახით გამოეხატა თავისი ემოცა. მეც ვიცი, ამასაც დრო სჭირდება, რომ მიხვდეს ჩემს საბოლოო მიზანს და იმედი მაქვს, შედეგსაც მალე დაინახავს. ცოტა მოთმინებაა საჭირო ჩემი მხრიდანაც,თუმცა შეიძლება მეც იგივე რეაქცია მქონოდა მის ადგილზე. როცა ჩემი შვილი გაბრაზებულია, მეუბნება: " დედა, მე შენზე ვარ გაბრაზებული". თუ ემოციები ძლიერია, მაშინ სათამაშოებს ისვრის, ფეხებს აბაკუნებს და ეს ნორმალურია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი უზრდელია (როგორც ხშირად ამტკიცებენ ბებიები), ეს ნიშნავს იმას, რომ მე უფლებას ვაძლევ ბავშვს, გამოხატოს თავისი ემოცია.
შემდეგი ეტაპია ასწავლო, თუ როგორ აკონტროლოს თავისი გრძნობები. ეს საკმაოდ რთულია. ახლა მე და ჩემი შვილი ვცდილობთ, ვუთხრათ ერთმანეთს ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ სხვადასხვა სიტუაციაში. ბავშვობაში მე არ მასწავლიდნენ გრძნობების გამოხატვას, ახლაც არ შემიძლია მივიდე საყვარელ ადამიანთან, ჩავეხუტო და ვუთხრა: "იცი, ძალიან მიყვარხარ, მე ბედნიერი ვარ შენ გვერდით". ან საწინააღმდეგო: "ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე, ძალიან მატკინე გული". მე მინდა, რომ ჩემი ბავშვები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს და იცოდნენ ემოციების მართვა.
რას ვგრძნობ ახლა? უფროს გოგონას სძინავს, უმცროსი კი წევს და სათამაშოთი ერთობა. ჩემს თავზე ვარ გაბრაზებული, რადგან როცა მეუღლე მიდიოდა სამსახურში, არ ჩავეხუტე, არ ვაკოცე და არ ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს.