თქვენს პატარას ძალიან მოეწონება, სიამოვნებით ითამაშებს და შეიძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. ისინი გამუდმებით რაღაცას კიდებენ ხელს, ყნოსავენ, უსინჯავენ გემოს, იკვლევენ. ამას ყველაფერს დიდი ინტერესით აკეთებენ. უფროსების ამოცანაა, მათთვის საინტერესო სასარგებლოდ ვაქციოთ და დავეხმაროთ სამყაროს შეცნობაში. ეს განმავითარებელი თამაშები შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ სახლში. თქვენს პატარას ძალიან მოეწონება, სიამოვნებით ითამაშებს და შეიძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
აკვარიუმი
დაგჭირდებათ:
• დიდი და ღრმა ჭურჭელი წყლისთვის;
• კენჭები, ნიჟარები;
• სათამაშოები წყალქვეშა სამყაროსთვის;
• ბოთლის თავსახურავები;
• პენოპლასტის ნაჭერი;
• ხის ქერქი.
ვთამაშობთ: აჩვენეთ ბავშვს თუ როგორ შეიძლება ამოიღოს ფსკერიდან ჩაყრილი ნივთები ხელით. ამოაღებინეთ თავისი ხელით კენჭები და უთხარით, რომ გადადოს სხვა ჭურჭელში. ახლა უთხარით, ჩააგდოს წყალში ხის ქერქი ან პენოპლასტის ნაჭერი. ანახეთ, რა ჩაიძირა და რა განაგრძობს ტივტივს. აიღეთ წვენის საწრუპი, ჩააყოფინეთ ერთი ბოლო წყალში და შეუბერეთ, ასწავლეთ ბავშვს, როგორ გაუშვას ბუშტები წყალში. ეს ძალიან სახალისოა.
თამაში - მომღერალი ბოთლები
დაგჭირდებათ:
• ნახევარლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლები;
• სხვადასხვა ბურღულეული: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი;
• ნიჟარები, კენჭები.
ვთამაშობთ: თითოეულ ბოთლში მოათავსეთ თითო სახეობის მარცვალი და თავზე დაახურეთ. აამოძრავეთ ბოთლები და აჩვენეთ ბავშვს, როგორ გამოსცემენ სხვადასხვა ხმას. პატარებს ძალიან მოეწონებათ ეს თამაში.
თამაში - ვაბანავებთ თხუპნიას
დაგჭირდებათ:
წყლიანი ჯამი;
რეზინის სათამაშოები;
ჯაგრისი, საპონი, პირსახოცი.
ვთამაშობთ: შეღებეთ სათამაშოები შავი საღებავით. შესთავაზეთ ბავშვს მათი დაბანა. აჩვენეთ, როგორ გააცალოს საღებავი ჯაგრისითა და საპნით, შემდეგ გადაავლებინეთ სუფთა წყალი და უთხარით, გაამშრალოს.
თამაში - შევურჩიოთ ფერები
დაგჭირდებათ:
სხვადასხვა ფერის პატარა პლასტმასის სათამაშო ჯამი;
ბოთლის თავსახურები (სხვადასხვა ფერის);
დიდი ფერადი ღილები.
ვთამაშობთ: უთხარით ბავშვს, რომ დაახარისხოს საგნები (თან აჩვენეთ). მაგ: თავსახურები მოათავსოს ერთად, ჯამები ერთად, ღილები ერთად. შემდეგ აურიეთ და უთხარით, რომ დაალაგოს ფერების მიხედვით.
ჯადოსნური კედელი
დაგჭირდებათ:
ყველაფერი, რაც სახლში მოგეპოვებათ და რასაც ფანტაზია გიკარნახებთ.
ვთამაშობთ: უჩვენეთ ბავშვს, რასთან შეიძლება ხელის შეხება, რისი - მოფერება, დაყნოსვა, გახსნა და დაკეტვა.
ერთობლივი თამაშები ბავშვთან ერთად საინტერესო და სასარგებლოა ბავშვის განვითარებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებთ!