ყველა დედა ცდილობს, შვილს დადებითი თვისებები ჩაუნერგოს ყველა დედა ცდილობს, შვილს დადებითი თვისებები ჩაუნერგოს. სამწუხაროდ, ზედმეტ მონდომებას ზოგჯერ საპირისპირო შედეგი მოსდევს. ერთ-ერთია ეგოიზმიც. გაეგოისტებული შვილებისგან მშობლებს საკმაოდ ბევრი გულისტკივილი ხვდებათ.
საიდან ჩნდება ეგოიზმი
ფსიქოლოგები ამ პრობლემას მშობლების მიერ აღზრდაში დაშვებულ შეცდომებს მიაწერენ. რომელ შეცდომებს გულისხმობენ ფსიქოლოგები. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.
მშობლების მაგალითი
თუ დედ-მამა ძირითადად საკუთარი თავითაა დაკავებული, შვილი მალე "გადმოიღებს" ამ მიდგომას გარშემო მყოფებისადმი. დაეხმარეთ ცხოველებს, მოუარეთ მცენარეებს ან გაჭირვებულს შეეწიეთ და ეს ბავშვის დასანახად, სულაც მისი თანამონაწილეობით გააკეთეთ. ეს ეგოიზმის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
მოთხოვნები და მოლოდინები
როცა ბავშვისგან მუდამ პირველობას და სანიმუშო ქცევას ითხოვენ, გამუდმებული ზეწოლის ქვეშ მისი თვითშეფასება თანდათან ეცემა. ეგოიზმი მისთვის ერთგვარი დამცავი ფარი გახდება და მისი დამარცხება ძალიან გაგიჭირდებათ. წარმატების გარეგნული ნიშნები და პირველი ადგილი კონკურსებში ყოველთვის არ არის ნამდვილი წარმატებისა და რეალიზებული, ბედნიერი ადამიანის ნიშანი.
ჰიპერმზრუნველობა
გადამეტებული ყურადღება ასევე ეგოიზმის საწინდარია, მით უმეტეს, თუ ბავშვი დედისერთაა. როცა ბავშვი ოჯახის კერპად ცხადდება, როცა მისი სურვილი და განწყობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, თავადაც საკუთარ "მეს" დააყენებს პირველ ადგილზე.
ეგოიზმი ყველაზე მეტად დედისერთა ბავშვების პრობლემაა. ასეთი ოჯახი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ბავშვი ოჯახის სხვა წევრებისთვის ანგარიშის გაწევას მიაჩვიოს. ეს პირველ რიგში მისთვისვეა უკეთესი.