ეს ამბავი ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს! მე დამსაჯეს და ახლა კუთხეში ვდგავარ. მე ხომ უკვე დიდი ვარ, 4 წლის ვარ და მინდოდა დედას დავხმარებოდი, მაგრამ დედამ ვერაფერი ვერ გაიგო, არც კი უნდოდა ჩემი მოსმენა, ასევე მამასაც.
დილით მე და დედა მაღაზიაში წავედით, როდესაც დავბრუნდით, დედას თავისმა მეგობრამა დაურეკა . მან ტელეფონი თავის ოთახში შეიტანა და კარი მოხურა. პროდუქტებით სავსე პაკეტები იატაკზე ელაგა. ერთი პაკეტი წაიქცა და იქიდან ორცხობილა გადმოვარდა. ჩვენმა ძაღლმა, ალმამ, მაშინვე დასტაცა პირი და შეჭამა, შემდეგ ცდილობდა პაკეტის დაღრღნას, მაგრამ მე გამოვართვი და თან მკაცრი ხმით (ისე, როგორც დედა ეუბნება ხოლმე), ვუთხარი: “შენთვის არ შეიძლება ორცხობილა, გაწყენს. შენ დედამ ხორცი გიყიდა".
ალმას ძალიან უყვარს ორცხობილა და შემეცოდა. მოვძებნე პაკეტებში ხორცი და გადავწყვიტე, ალმასთვის მეჩვენებინა. ხორცი, რომელიც ცელოფანში იდო, უცებ ხელიდან გამისხლტა და პატარა ნაჭერი ძირს დამივარდა. ალმამ მაშინვე სტაცა პირი და შეჭამა. პაკეტიდან კი იატაკზე კი წვეთ-წვეთად ეცემოდა უსიამოვნო სუნის სითხე. შემეშინდა, რომ დედა გამიბრაზდებოდა და წინდიანი ფეხით დავიწყე წვეთების მოწმენდა. ერთ ფეხზე წინდა დამისველდა, სამაგიეროდ იატაკი თითქმის გასუფთავდა... ორცხობილა ყუთში მოვათავსე, მე ხომ ვიცი, სად რა გვიდევს, მე უკვე დიდი ვარ...
დედა ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა. გადავწყვიტე, ნაყიდი პროდუქტებისთვის თავ-თავისი ადგილი მიმეჩინა და დედას დავხმარებოდი. ჩავიხედე ჩანთაში და დავინახე კანფეტები. „ალბათ დედამ შემთხვევით იყიდა ისინი, - გავიფიქრე მე, - იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა, რადგან სუპს არ ჭამ, კანფეტებს ნაგავში გადავყრიო. დედასთვის კი საერთოდ არ შეიძლება მათი ჭამა, რადგან შეიძლება გასუქდეს. მე მომიწევს კანფეტების გადაყრა, თორემ დედა განერვიულდება, როცა ნახავს, რომ შემთხვევით უყიდია ისინი...“
ძალიან მენანებოდა მათი გადაყრა, მაგრამ მე ხომ უკვე დიდი ვარ და ყველაფერი მშვენივრად მესმის - ასე ამბობს მამა. ამიტომ გადავყარე კანფეტები ნაგვის ურნაში და ჩქარა გამოვიქეცი სამზარეულოსკენ. ისე ძლიერად მოვრბოდი, რომ ფეხი დამიცდა და პირდაპირ პაკეტებზე დავეცი! რაღაცამ გაიჭრიალა - ან პაკეტში ან ჩემს მუხლში! ხმაურზე დედამ გამოიხედა ოთახიდან და დაიყვირა: “ეს რა ჩაიდინე? საზიზღარო?!“
მე ძალიან შემეშინდა, თან მეწყინა, თან საშინლად მეტკინა მუხლი და დავიწყე ღრიალი. „ მოგვიანებით დაგირეკავ“, - უთხრა დედამ გამყინავი ხმით მეგობარს. „აბა ახლავე ადექი , რა გაღრიალებს“. - დამიყვირა და ძლივს ავდექი მუხლის ტკივილისგან. ცრემლმორეულმა ვცადე დედასთვის ამეხსნა, რომ მუხლში რაღაც ხმა მქონდა და ძალიან მტკიოდა, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ უნდოდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მუხლი კი არ ჭრიალებდა, კვერცხები გატეხილა ჩანთაში... ხორცი კი, რომელიც ალმამ შეჭამა, დედამ ჩვენთვის იყიდა ვახშამის მოსამზადებლად... როცა კანფეტები დაინახა ნაგვის ყუთში, მივხვდი, რომ ჯობდა მაგიდის ქვეშ, ჩემს ოთახში შევმძვრალიყავი.
მაგიდის ქვეშ სიმყუდროვე იყო და დედის ყვირილიც არ ისმოდა. იქ ეგდო ჩემი თოჯინა, რომელსაც გუშინ ვეძებდი. ავიღე ხელში და ჩუმად ვუმღეროდი სიმღერას, რომელიც მე თვითონ მოვიგონე: “ჩემო დამხმარე და ჩემო საყვარელო... მიყვარხარ და არასდროს არ გეჩხუბები... დამეხმარები ყველაფერში და ვითამაშებთ ერთად“... მაგიდის ქვეშ ალმამ შემოყო თავი. ალბათ მასაც მოხვდა დედასგან. მე კი ვმღეროდი ჩემს სიმღერას და ვერც შევამჩნიე, როდის ჩამეძინა.
დედას ყვირილმა გამომაღვიძა: “შეხედე, სად დამალულა, ძაღლიც თავისთან დაუმალავს! აბა, გამოძვერი ახლავე და დაანახე მამას შენი უსირცხვილო თვალები". მე არ ვიცი რას ნიშნავს „უსირცხვილო“ თვალები, ალბათ ძალიან ცუდ თვალებს ნიშნავს. მინდოდა მეთქვა დედასთვის და მამასთვის, რომ მე არ მაქვს „უსირცხვილო" თვალები, მაგრამ ყელში რაღაც გამეჭედა და მხოლოდ ტირილი შევძელი.
ალმაც გამოძვრა და გაემართა მამასთან მისასალმებლად. „კარგი ძაღლი, ხარ, კარგი...“ ეუბნებოდა მამა და ხელს უსვამდა თავზე. „შენ რას ტირი? - ეს უკვე მე მეხებოდა. - არ გინდა პასუხი აგო შენს საქციელზე?“ მიყვირა მამამ. “ მე არ მინდა, რომ დედამ მიყვიროს”, - ძლივს ამოვილუღლუღე. „აა, არ უნდოდა თურმე! - ისევ აყვირდა დედა. - ძაღლს რომ ხორცი აჭამე, კანფეტები რომ სანაგვეში გადაყარე, კვერცხები რომ გატეხე და იატაკი დამისვარე, ეგ ხომ გინდოდა?!“
დედა ისე ყვიროდა, ყურები ამტკივდა, თან მუხლმაც შემახსენა თავი. უფრო უარესად ავტირდი. „მე... მე... ვეხმარებოდი...დედა კი ტელეფონზე...“ - ცრემლები ხელს მიშლიდა , რათა მამასთვის ამეხსნა, რაც მოხდა. მამამ გაბრაზებულმა დამიყვირა: “შეწყვიტე ტირილი, თორემ მოგცხებ და ნახავ მერე“.
მე შემეშინდა და შევეცადე გავჩუმებულიყავი. დედამ დამიცვა და მამას უთხრა, რომ ცემა არ არის აღზრდის მეთოდი. მამა გაბრაზდა, გაუკეთა ალმას საყელური და კარი გაიჯახუნა.
მე დავინახე, როგორ აუცრემლიანდა დედას თვალები. მივირბინე, მინდოდა ჩავხუტებოდი, მან კი ხელით გამწია და მითხრა: „მამასთან შენ გამო ვიჩხუბე, ეგ გინდოდა? დადექი კუთხეში და იფიქრე შენს საქციელზე“.
მე მივხვდი, რომ დედას არ ვუყვარდი და დავდექი კუთხეში. კუთხეში დგომის დროს ვიფიქრე, რომ აღარ მოვკიდებდი ხელს არაფერს, სანამ არ შევეკითხებოდი დედას და აღარ მოუყვებოდი მამას არაფერს, რათა ჩემს გამო არ ეჩხუბათ.
მე კარგი გოგო გავხდები და დედა და მამა იამაყებენ ჩემით...