"თანამედროვე გოგონებს სათამაშოებს არასწორად ურჩევენ, რაც მათი განვითარებისთვის ხელისშემშლელია" "მშობლებმა მცირეწლოვან ქალიშვილებს თოჯინები უნდა გამოართვან და ისინი "ლეგოს" მსგავსი კონსტრუქტორებით ჩაანაცვლონ", - აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესორი ათენა დონალდი. მისი თქმით, თანამედროვე გოგონებს სათამაშოებს არასწორად ურჩევენ, რაც მათი განვითარებისთვის ხელისშემშლელია.
პროფესორი მიიჩნევს, რომ საჭირო სათამაშოები გოგონებს მეცნიერებისა და მშენებლობებისკენ ინტერესსაც გაუღვიძებს. ათენა დონალდი აკრიტიკებს საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გოგონებს გენდერული სტერეოტიპების შესაბამისად ზრდიან.
"გოგონებისა და ბიჭების განვითარების შესახებ შეხედულებები შესაცვლელია. თანამედროვე სამყარო მათ სერიოზულ გამოწვევებს სთავაზობს და მათთან გასამკლავებლად ადრეული ასაკიდანვე საჭიროა საფუძვლის მომზადება. თავისი წილი როლი სათამაშოებსაც მიუძღვით. მათ სტერეოტიპულად ვურჩევთ სათამაშოს - გოგონას თავის შესაფერისს, ბიჭს - თავისას. გოგონების სათამაშოები ბავშვებს მოცემული სინამდვილისადმი პასიურად განაწყობენ. მაგალითად, ბარბისთვის ვარცხნილობის გაკეთება. გოგონები არაფერს აშენებენ, ნაკლებად ვთავაზობთ მათ წარმოსახვისა და კრეატიული იდეების განმავითარებელ თამაშებს, მაგალითად, კონსტრუქტორებს", - აცხადებს დონალდი.
თავად პროფესორი ძალიან წუხდა, რომ სტუდენტობის დროს მის ფაკულტეტზე გოგონები კონტიგენტის მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ. მისი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა და ამის მიზეზი ბავშვობასა და მშობლის გავლენაში იმალება.