ვის მოეწონება, ბავშვს რომ სათამაშო 2 დღესაც ვერ უძლებს - შლის, ამტვრევს, კომპიუტერიდანაც კი კლავიშებს ყრის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ტემპერამენტი ჯერ კიდევ დედის მუცელში ყალიბდება, პიროვნულ თვისებებს გარემო და აღზრდა აყალიბებს, ტალანტი კი არც ერთზეა დამოკიდებული და არც მეორეზე. როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის ნიჭის გამოვლინებას?
"თვინიერი" ბავშვი
ბავშვის ესა თუ ის გატაცება ხშირად მშობლების გაღიზიანებას და წინააღმდეგობას იწვევს. ვის მოეწონება, ბავშვს რომ სათამაშო 2 დღესაც ვერ უძლებს - შლის, ამტვრევს, კომპიუტერიდანაც კი კლავიშებს ყრის. მშობელი თავბედს იწყევლის, არადა ეს მავნე ჩვევები ხშირად იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვს ინჟინრის მიდრეკილებები აქვს. ამ შემთხვევაში არ უნდა მოაკლოთ კონსტრუქტორები, ასაწყობი სათამაშოები, გასამართი მექანიზმები. ნივთები, რომელთა გაფუჭებაც გენანებათ, გადამალეთ. გარკვეულ ასაკამდე პატარა ვერ ხვდება, რომ რაიმეს აფუჭებს. ამის მიუხედავად, ნუ ჩაუკლავთ კვლევა-ძიებისა და შექმნის სურვილს. ნუ აწყვეტინებთ, როცა რაიმეს ინტერესით აკვირდება, თუნდაც ძალიან გეჩქარებოდეთ.
ყველა ბავშვში იმალება პოტენციალი, უბრალოდ, გამოვლენა სჭირდება. ჩვენ აჩქარებულ რიტმს მივეჩვიეთ, ბავშვს კი დიდი დრო სჭირდება, რომ დაინახოს, შეამჩნიოს, გააანალიზოს და გააცნობიეროს. ნიჭი აუცილებლად "გამოანათებს". ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. ბუნებრივი მიდრეკილებები სკოლამდელ ასაკში ბავშების მხოლოდ 10-15%-ში ვლინდება. ტალანტის გვიანი გამოვლენის ნათელი მაგალითია ვინსენტ ვან გოგი, რომელმაც ხატვა 27 წლის ასკში დაიწყო. როცა ბავშვის ინტერესები მიმართ სათანადო ყურადღებას იჩენთ, დროულად უბიძგებთ მას სწორი მიმართულებისკენ. ასე უფრო ადვილად იპოვის თავის მოწოდებას.
ყველაფერი თამაშით იწყება
ფსიქოლოგები გირჩევენ, ყურადღებით დააკვირდეთ, რას და როგორ თამაშობს ბავშვი. ამით ბევრ მის ინტერესს გამოავლენთ.
აქვს თუ არა მუსიკისადმი მიდრეკილება, ამის შემჩნევა ადრეულ ასაკშივე შეიძლება. მუსიკის ხმის გაგონებითანავე ხმას აყოლებს და დიდი გატაცებით ცეკვავს. ხატვის ნიჭით დაჯილდოებულებს კი ეს მიდრეკილება მაშინვე ეტყობათ, როგორც კი ხელში საღებავსა და ფუნჯს დაიჭერენ.
თუ ასე გამოკვეთილ უნარს ვერ ამჩნევთ, აცადეთ მრავალმხრივად განვითარდეს. საამისოდ მასწავლებლებთან ტარება სულაც არ არის აუცილებელი. საკმარისია სახლში შეუქმნათ ლაღი და მშვიდი გარემო. ზოგჯერ ნება მიეცით რაიმე გააფუჭოს, დაალაქავოს, მიყარ-მოყაროს... ზოგჯერ ქვიშაც შეიძლება სახლში შემოიტანოს და კენჭებიც. მას მაძიებლის სული აქვს და ამ პატარა-პატარა ეშმაკობებით გრანდიოზულ დასკვნებს აკეთებს. სწორედ ეს დასკვნებია მომავალი გენიალური აღმოჩენების დასაწყისი.