როგორ აღიქვამენ სიშიშვლეს ბავშვები და რა ევალება მშობელს? როგორ აღიქვამენ შიშველ სხულს პატარები და მოზარდები? რა ვუპასუხოთ ბავშვურ რეპლიკებს? შეიძლება თუ არა, ჩაუცმელი დავენახოთ მათ?
შევეცადეთ მოგვეძებნა პასუხები ამ კითხვებზე.
გაიხსენეთ ბიბლიური ისტორია ადამსა და ევაზე: მას შემდეგ, რაც აკრძალული ხილი გასინჯეს - მიხვდნენ, რომ სიშიშვლე უნდა დაემალათ და ფოთლებისგან შესამოსელი გააკეთეს. არაბი ქალები თავიდან ფეხებამდე ფარანჯაში შემოსილები არიან, ხანში შესული გერმანელი ქალები კი, თითქმის გახდილები, ზღვაზე რუჯს იღებენ.
თითოეული ადამიანის ჩაცმულობა გამოვლინებაა მისი კულტურული ნორმებისა, რომელიც მიღებულია კონკრეტულ სოციუმში. პირველ რიგში, საკუთარი მაგალითით ბავშვს ამ ნორმებს მშობელი აჩვევს.
ახალშობილი 1 წლამდე
პატარამ არ იცის, გახდილია თუ ჩაცმული. მისთვის მთავარია, რომ არ შესცივდეს ზამთარში და არ გადახურდეს ზაფხულში. ფსიქოლოგები და პედიატრები თვლიან, რომ ამ ასაკში ერთობლივი, ოჯახური წყლის პროცედურები სასარგებლოც კია ბავშვის განვითარებისათვის. ოჯახის წევრებს ერთნაირი მიკროფლორა აქვთ, საჭიროა მხოლოდ ელემენტარული სანიტარული ნორმების დაცვა. პატარები ამ დროს დაცულად გრძნობენ თავს. ამ დროს პატარა ვერც სხვის სიშიშვლეს აღიქვამს.
გაფრთხილება: ამ ასაკიდანვე საჭიროა დაიცვათ კიდევ ერთი წესი - თუ პატარას შიშველს გადაუღებთ ფოტოებს, ეს ოჯახური ალბომისთვის შეინახეთ და ნუ გაავრცელებთ ამგვარ ფოტოებს სოციალური ქსელით (იხილეთ ამის შესახებ სტატია).
2-3 წლის ბავშვები
სწორედ ამ ასაკში პატარა შეიცნობს საკუთარ სხეულს, უყურებს, ეხება. ეს ინტერესი შემეცნებითია. ფსიქოლოგების აზრით, ეს ის პერიოდია, როცა ბავშვი ხვდება, რომ სტუმრების მოსვლამდე საჭიროა გამოეწყოს ლამაზად; როდესაც დედა ბანაობს, აბაზანაში შეჭყიტვა არ ღირს, რადგან ეს დედას არ მოეწონება.
ამ ასაკიდან, მშობლები უკვე უნდა მოერიდონ ბავშვის თანდასწრებით ტანსაცმლის გამოცვლას.
3 წლის ასაკში ჩნდება ასევე პირველი უხერხული კითხვები: „რატომ დაიკოსნაირად არ ვშვრები მეც ფისებს?“, „საიდან გავჩნდი?“ მშობელი ისე უნდა მოიქცეს, რომ ერთის მხრივ დააკმაყოფილოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა და თან „პიკანტურ“ თემას დიდი ყურადღება არ დაუთმოს.
არ უთხრათ შემდეგი ფრაზები: შენთვის ჯერ ადრეა ამის ცოდნა“. უპასუხეთ გასაგებად, მოკლედ და მშვიდად, ყოველგვარი ირონიის გარეშე. მაგალითად, კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლება შიშველმა იაროს სახლში ან ყველას დასანახად - საპირფარეშოში, საკმარისია უპასუხოთ, რომ ეს არის ულამაზო და ადამიანები, ცხოველებისგან განსხვავებით, ასე არ იქცევიან.
სკოლამდელი ასაკი - 4-6 წელი
ამ ასაკში ბავშვს უვითარდება სირცხვილის გრძნობა. მაგალითად, საპირფარეშოში შესვლისას ხურავს კარს. გოგონებს უფრო ადრე უვითარდებათ ეს გრძნობა, ვიდრე ბიჭებს. ბავშვთა ფსიქოლოგი, მარგარიტა კონჩალოვსკაია გვიყვება: „თუ 6 წლის ბავშვს უნდა, რომ დამოუკიდებლად იბანაოს უფროსების დახმარების გარეშე, დართეთ ამის ნება - ოღონდ დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.
ასევე ბავშვს დაუწესეთ ზღვარი: მაგალითად, დაკაკუნების გარეშე არ შევიდეს მშობლების საძინებელში. (ამ თემაზე ასევე დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ სტატია, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვმა თქვენ და თქვენს მეუღლეს უხერხულ სიტუაციაში მოგისწროთ)
სკოლის ასაკი - 7-10 წელი
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო “უჩვეულო“ და „სასირცხვილო“ ხდება მისთვის სიშიშვლე. 8-10 წლის ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ დამოუკიდებლად ბანაობას და გამოცვლას; რცხვენიათ საპირისპირო სქესის მშობლისა.
თუ ამ ასაკის ბავშვი შემთხვევით გახდა სხვისი სიშიშვლის მომსწრე, მისი რეაქციაა- სირცხვილი, ზიზღი და სურვილი გაქცევისა და დამალვის. არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ ბავშვს იმის გამო, თუ მისი სიმორცხვე გადაჭარბებულად გეჩვენებათ. ამით ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებთ. და ასევე არ მიაჩვიოთ სიშიშვლეს - ზოგიერთი მშობელი თავისუფლად იხდის, იცვლის ან ბანაობს ბავშვის თანდასწრებით. ეს არანაირად არ არის გამართლებული და ფსიქოლოგების აზრით, ხშირად საკმაოდ ცუდი შედეგებიც მოაქვს მოზრდილ ასაკში.
მოზარდები - 11-14 წლის
ინტერნეტისა და მასობრივი ინფორმაციის წყალობით, ამ ასაკის ბავშვები გათვითცნობიერებულები არიან ადამიანის სხეულსა და მის რეპროდუქციულ ფუნქციაში. ორივე სქესის წარმომადგენლებს ეს თემა დიდ ინტერესს უღვიძებს. საკუთარი სხეულის ცვლილებებმა მოზარდში შეიძლება სხვადასხვა გრძნობა გამოიწვიოს: გაკვირვება, სირცხვილი, ზიზღიც კი.
გარდატეხის ასაკში სხეულის აგებულება და მასთან დაკავშირებული ყოველივე იმდენად მძაფრად აღიქმება, რომ მშობლებს მაქსიმალური პატივისცემა და სიფრთხილე მართებთ. თუ ამას ითხოვს თქვენი შვილი, გაზარდეთ დისტანცია თქვენც - მაგალითად, ოთახში შესვლამდე დააკაკუნეთ კარზე. არ მისცეთ კრიტიკული ან ირონიული შენიშვნები, მაგალითად, ზედმეტი წონის ან აკნეს შემთხვევაში, რადგან ყველაფერი, რაც მათ სხეულს ეხება, ზემოქმედებას ახდენს სულზეც.
ასევე იხილეთ: "ბავშვებს სექსი კი არა, სიყვარული სჭირდებათ" - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ ბავშვს "ყველაფერი"
როგორ უნდა აუხსნათ შვილს, საიდან ჩნდებიან ბავშვები - პასუხის ვერსიები უხერხულ კითხვებზე
"პატარა ბიჭები სექსს ასახიერებდნენ" - მორიგი საგანგაშო შემთხვევა