"გაბრაზებულს მოძღვრის შეგონებებიც მავიწყდება და ფსიქოლოგის რჩევებიც" ბანალური ფრაზა: დედობა ცალკე პროფესიააო, - ბევრისგან მსმენია. ვფიქრობ, სიმართლეს შეესაბამება. ამას წინათ, სამარშრუტო ტაქსიში 4-5 წლის ბიჭუნა და მისი ახალგაზრდა დედიკო დამემგზავრნენ. დედა საღეჭ რეზინს დიდი მონდომებით ღეჭავდა, ატკაცუნებდა და ტელეფონით საუბრობდა; შვილი კი საწერკალმით სავარძელზე ხატავდა. რამდენიმე მგზავრმა დედას შენიშვნა მისცა, - ასე მოქცევა არ შეიძლებაო, მაგრამ ქალბატონმა მათ ყურადღება არ მიაქცია და ტელეფონზე ჭორაობა გააგრძელა. შენიშვნა კიდევ რომ მიიღო, უხეშად თქვა: ჩემი შვილი რას გააკეთებს, თქვენი საქმე არ არისო. ერთმა ქალმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა: ამან რა შვილი უნდა გაზარდოს, თვითონ არის გასაზრდელიო! სწორედ ამ ფრაზის გაგონების შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ეს თემა მომემზადებინა და როგორც აღმოჩნდა, აღსაზრდელი მშობლების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია.
ნატალია ჩირგაძე, ოთხი შვილის დედა:
- საერთოდ, ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია. შვილის გაჩენამდე ქალი დედობისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს. სულაც არ არის სირცხვილი, რომ ამისთვის ლიტერატურა და სხვადასხვა ინტერნეტსაიტი გამოიყენო. პირადად მე, ოთხი შვილი მყავს. ყოველი ორსულობისას ბავშვის გაზრდის, მოვლისა და აღზრდის შესახებ ლიტერატურას ვეცნობოდი და ახლაც ვიყენებ ამა თუ იმ ინტერნეტსაიტს. თუმცა, სამაგალითო დედა მაინც ვერ ვარ. მაგალითად, ხშირად ნერვებს ვერ ვთოკავ და ბავშვებს ვუყვირი, თან - საკმაოდ ხმამაღლა; ზოგჯერ, როცა ძალიან მაბრაზებენ, წამოვარტყამ კიდეც. ვიცი, ამით ბავშვს კარგს ვერაფერს ვასწავლი და ამის შესახებ არაერთ ფსიქოლოგსაც ვესაუბრე, ჩემს მოძღვარსაც, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. გაბრაზებულს მოძღვრის შეგონებებიც მავიწყდება და ფსიქოლოგის რჩევებიც. თუმცაღა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემი შვილები თავხედები და უზრდელები არ არიან. იმედი მაქვს, არასდროს გააკეთებენ იმას, რაც ვთქვათ, ჩემი მეზობლის შვილმა გააკეთა: ეზოში ვიყავით. პატარები თამაშობდნენ, მშობლები კი საუბრით ვიქცევდით თავს. ერთი ბავშვი მოვიდა და ბებიამისს რაღაცის ყიდვა სთხოვა. ბებიამ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, თან ხელში აიყვანა და მიეფერა. ბავშვმა კი ქალს თავში ცემა დაუწყო, - ახლავე დამსვი. ცუდი ქალი ხარ, ფული რატომ არ გაქვსო? ბებომ მისი დამშვიდება სცადა: ავიდეთ სახლში და ფული ჩამოვიტანოთ, ოღონდ შენ არ იტიროო. ბოლოს, ბებია და შვილიშვილი შინისკენ წავიდნენ, მე კი ამ ამბის შემსწრე ბიჭუნას დედას ვუთხარი: დათი ბებოს ასე რომ ურტყამს, შვილს შენიშვნას რატომ არ აძლევ-მეთქი? გამაოგნებელი პასუხი გამცა: შენიშვნა რატომ უნდა მივცე? ბავშვი ასეთი უნდა იყოს, თავისი ყველგან და ყველასთან უნდა გაიტანოს. სხვანაირად ცხოვრებაში დაიჩაგრებაო.
ნინო მეტრეველი, ორი შვილის დედა:
- ძალიან საინტერესო თემას ამზადებთ. ბავშვის აღზრდისას მშობლის განათლებას, თვისებებსა და ხასიათს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, სხვის თვალში არც მე ვიყო გადასარევი დედა, მაგრამ ვფიქრობ, მშობელი, რომელსაც უზრდელი და თავხედი შვილი ჰყავს, პირველ რიგში, თავად არის აღსაზრდელი, რადგან ცხადია, იგი ბავშვს რაღაცით ატუტუცებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: შვილებთან ერთად, რაჭაში ვისვენებდი. ოთახი დაქირავებული გვქონდა. იმავე სახლში მდგმურად კიდევ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა. ჩემ გვერდით მდებარე ოთახში ახალგაზრდა გოგონა, ორ შვილთან ერთად დაბინავდა. საერთო სამზარეულო და აივანი გვქონდა და შესაბამისად, ჩვენი შვილები სულ ერთად თამაშობდნენ, ჩვენც ხშირად ვურთიერთობდით. ერთი შეხედვით, ცუდი გოგო ნამდვილად არ იყო, მაგრამ შვილები ჰყავდა უზრდელები. ორივე ბიჭი აბსოლუტურად ყველა ბავშვთან ჩხუბობდა და თუ რამე არ მოეწონებოდათ, თანატოლებს აგინებდნენ, დედას კი მათთვის შენიშვნა არასოდეს მიუცია. ერთ დღეს იმ გოგომ `რუმიანა~ მთხოვა. უკან რომ მიბრუნებდა, ვუთხარი: ახალიც მაქვს და ეგ შენი იყოს-მეთქი. მოკლედ, ის ცდილობდა, დაებრუნებინა, მე არ ვართმევდი. არ ვიცი, მისმა უფროსმა შვილმა რა იფიქრა, მაგრამ დამიყვირა: ახლავე მიეცი დედაჩემს, რასაც გთხოვსო. ჯერ გავოცდი, მერე კი ვუპასუხე: ვინ მოგცა უფლება, რომ უფროსების საუბარში ერევი-მეთქი? - შენ ვინ მოგცა უფლება, რომ დედაჩემს რაღაცას არ აძლევ? მიეცი, დებილო ქალო, თორემ თუ დაგარტყი, იქით გაგისვრიო. დედამისს ვუთხარი: ჩემს შვილებს არ ვაბედვინებ ამდენს და ძალიან გთხოვ, ესენი გააჩუმე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ-მეთქი. ამ გოგომ პასუხიც კი არ გამცა, ზურგი შემაქცია და ოთახში შევიდა ისე, რომ შვილისთვის შენიშვნა არ მიუცია. რაც მთავარია, ის ბავშვი არ გაჩუმდა, უწმაწური სიტყვებით მაგინა. თავი ძლივს შევიკავე, რომ სხვისი შვილისკენ საცემრად არ გავწეულიყავი... ახლა მითხარით, ამ ბავშვის დედა არ არის თავიდან აღსაზრდელი? 16 წლის გათხოვილა და მაშინ უკვე 24-ის იყო, მაგრამ როგორც ჩანს, არც 16 წლამდე არაფერი ასწავლეს და ვერც გათხოვების შემდეგ ისწავლა რაიმე. მისგან შვილმა რა მაგალითი უნდა აიღოს? განაგრძეთ კითხვა