"ცოცხის ტარით მცემა ერთხელ, შეშუპებები მქონდა..." - დამაფიქრებელი მოგონებები ბავშვზე ფიზიკური ძალადობის თემა ყოველთვის აქტუალურია და სამწუხაროდ, საქართველოში კვლავაც არიან ოჯახები, სადაც ბავშვებს ცემენ და ამაში ვერაფერს ვერ ხედავენ დასაძრახს. თუმცა რა შედეგი მოჰყვება ამას, ბევრი ვერ აცნობიერებს. ყველა შვილს მინიმუმ, მწარე მოგონებად რჩება მშობლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა, მაქსიმუმ - ამას მოჰყვება სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი, არც ისე იშვიათად, ფიზიკური და მორალური იარები, რომლებიც მთელი ცხოვრება გასდევთ.
ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას, "ფიზიკური ძალადობა ბავშვის თვალით" (იხილეთ სტატია), საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა იმისა, რომ ბევრმა წაიკითხა, მოიწონა და გააზიარა, ბევრმაც საკუთარი ამბები დატოვა კომენტარებში. იმის, თუ როგორ სცემდნენ მშობლები ან თავად როგორ სცემდა შვილებს. და თუ დააკვირდებით, ყველაზე ხშირად ფიზიკურად ძალადობენ იმ ოჯახებში, სადაც წყვილები არ არიან ბედნიერები, სადაც ქალებს "არ გაუმართლათ" პირად ცხოვრებაში, სადაც თავად ჰყავთ მოძალადე ქმრები და შემდეგ ჯავრს შვილებზე იყრიან და ა.შ. და ა.შ.
ეს მართლაც დამაფიქრებელი ამბებია, რომელთაგან რამდენიმეს გთავაზობთ:
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
"მე მცემდა დედა, ორჯერ-სამჯერ მამასაც ვუცემივარ, ძმასაც. მაგრამ ყველაზე ცუდად მახსენდება ის ღირსების შემლახავი სიტყვები, რასაც ისინი მეუბნებოდნენ. "შენ ეგდები სახლში, შე სამარცხვინო", "შე ძროხა", "გველო" და რა იყო ამის მიზეზი, დედის ისტერიკა, რომელიც ყველა ელემენტარულზე გიჟივით იქცეოდა? სულ ერთი იყო მიზეზი, ჭიქის გატეხვა, თეთრეულის ცუდად დაუთოვება... ცოცხის ტარით მცემა ერთხელ, შეშუპებები მქონდა. თმით ისე მითრია, რომ შეგრძნება აღარ მქონდა თავის კანზე. ეს მისი მოუწყობელი ცხოვრების ბრალი იყო, გაბოროტებული სახე ჰქონდა მაგ დროს, საშინელება იყო...
ჩემდა საბედნიეროდ, გადავლახე მე ეს ცუდი მოგონებები, დღეს შვილი მყავს და ერთი-ორჯერ მოვარტყი საჯდომზე სულ, ისე არასოდეს ვცემ, როგორც მე მცემდნენ და ვკიოდი.
მე მივუტევე ჩემს მშობლებს და ახლა კარგად ვართ, არ სცემოთ ბავშვი!"
ვივიენი
"სულ მოკრიტიკე ქალების, დეიდების, ბებიების, მეზობლების და ლამის გამვლელების შენიშვნების შიშით ვცემდი, ვსჯიდი და ვსაყვედურობდი ბავშვს და შედეგად მივიღე გაბოროტებული და დაკომპლექსებული თინეიჯერი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მტრები მშობლები არიან. ცემით იშვიათად ვცემდი, მაგრამ მას ახსოვს, თითქოს მუდმივად ვცემდით და ვძალადობდით მასზე. და მიუხედავად იმისა, რო დღეს ძალიან ვცდილობთ გავუგოთ და დავუმეგობრდეთ, უკვე აღარ სჯერა ჩვენი და არ გვიკარებს ახლოს. ის ქალები, მეზობლები, გამვლელები წავიდნენ, მე კი ჩემს ერთადერთ შვილთან გაფუჭებული ურთიერთობა შემრჩა. თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ცემით და ყვირილით კარგ შვილს გაზრდით!"
ქართველი ქალი
"რომ მახსენდება, გული მისკდება, ჩემს შვილებს რომ ვცემდი. ახლა დიდები არიან, მაგრამ იმედია მაპატიეს".
...
"დედაჩემმა იმდენად დამაკომპლექსა ყველანაირად, ქვეყანაც გამოვიცვალე, მეგობრებიც, მაგრამ ამ კომპლექსს თავი ვერ დავაღწიე. მეგობრებს მიძაგებდა, რას გვანან ან რა ნიშნებზე სწავლობენო, არავისს მაყვანინებდა სახლში, არც მე მიშვებდა სხვაგან. გაბრაზებული ისეთი უშვერი სიტყვებით მლანძღავდა, ქუჩის ქალს ახლაც არ აკადრებენ კაცები. როგორი დებილი და მოუხერხებელი ვარ, ლაპარაკი არ ვიცი და ა.შ. ახლაც მაწუხებსს ეს კომპლექსი. ზრდასრული ქალი სახლში ვარ დამწყვდეული, როგორც დედას ვყავდი, ხალხთან კონტაქტს ვერიდები. არც არავისთან მინდა სტუმრად მისვლა, ხშირ შემთხვევაში ძალით მივყავარ ოჯახს, რომ მასპინძელმა შეურაცხყოფად არ მიიღოს. სახლშიც იშვიათად ვიწვევთ ხალხს. ჩემი თავი აღარ მეცოდება, ბავშვბი მეცოდებიან. და დედაჩემზე ისე ვარ გაღიზიანებული, საკუთარი თავი მეჯავრება. ხალხის მრცხვენია, თორემ მოკითხვითაც არ მინდა მოვიკითხო".
დაკომპლექსებული
"მე სულ მცემდა დედა - ხელით, ჯოხით, ცოცხის ტარით - რაც შეხვდებოდა, იმით. ჩემს უფროსს შვილს ვცემ ხოლმე, სხვაგვარად ვერ ესმის. გოგოს კი ალბათ ბევრსაც ვუთმობ, რადგან მეც გოგო ვარ და ჩემს მაგალითზე არ შემიძლია, ვერ ვცემ. კი არა, დაყვირებაც არ შემიძლია... მეშინია... მე რომ მცემდა დედაჩემი, ახლა ქმარი მცემს და ვიტან... არ მინდა ჩემმა გოგომაც იგივე გაიმეოროს ამიტომ თითს არ ვადებ ზედმეტად".
გვანცა
"გვანცა, შევრძწუნდი, შენი ნაწერი რომ წავიკითხე. ჩემი ბავშვობა გამახსენდა. გამახსენდა მამაზე გაბრაზებული დედა ჯავრს ჩემზე როგორ იყრიდა. მე ეს გავიაზრე და შევეწინააღმდეგე. უკან დავუწყე ენის შებრუნება და სიმართლეც ბევრჯერ ვუთხარი, თუ რა იყო მიზეზი. ზოგჯერ უფრო მეტად ვუცემივარ ამის გამო და ზოგჯერაც უბრალოდ გამეცალა. კაცთანაც ასეთი ურთიერთობა დამჩემდა, მაშინვე თუ არ ვეტყვი სიმართლეს, ცოტა ხნის მერე მაინც ველაპარაკები მის შეცდომებზე ისე, რომ თავმოყვარეობა არ შევულახო და ბოდიშიც მოვახდევინო.
ბავშვებისთვის მეუღლეზე გაბრაზებულს ბევრჯერ დამიყვირია, მაგრამ უცბად დედაჩემი მახსენდება და კიდევ უფრო ვბრაზდები არა მათზე, არამედ ჩემს თავზე, რომ ვუყვირე. ბოდიშებსაც ვუხდი.
ისეთ ქმართან ნუ იცხოვრებთ, რომელიც გცემთ. ოქროსიც რომ ჰქონდეს. არ ღირს, თქვენი შვილებიც ეგუებოდნენ ძალადობას. ნურც ხშირად ეჩხუბებით ბიჭს, ცოლი დაჩაგრავს, გოგოს - ქმარი. ან ვინც ერთ თბილ და ალერსიან სიტყვას ეტყვის, მათ მიეკედლებიან და ასეთები ხშირად სანდო პიროვნებები არ არიან. ასწავლეთ შვილებს თავის დაცვაც და თქვენი შეცდომების არეკვლის უნარი".
თამარი
"სამწუხაროდ, მიცემია ბავშვი, მადლობა ღმერთს, არა ძალიან და გამეტებით, მაგრამ ყოველთვის ძალიან მწარედ მინანია ამის გამო. ცემა არის ძალიან გაუმართლებელი და მიუღებელი, ამით ვერანაირ დადებით შედეგს ვერ მივიღებთ, უფრო პირიქით.
მეც ვუცემივარ დედას ბავშვობაში და კარგად მახსოვს, იმ წუთას როგორ მეზიზღებოდა იგი იმ ტკივილისა და შეურაცხყოფისათვის, რასაც მაყენებდა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ თავადაც ვეზიზღებოდი, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ადამიანს, რომელსაც ვუყვარდი, ასე გავემეტებინე. იგი მამაზე იყო გაბრაზებული, არ მოსწონდა მისი საქციელი და აშკარა იყო, რომ მის ჯავრს შვილებზე იყრიდა. იმ დროს ძალიან ვნატრობდი, რომ მოვმკვდარიყავი, რადგან ვფიქრობდი, ამის შემდეგ სინდისის ქეჯნას იგრძნობდა დედა და დაიტანჯებოდა და სწორედ ეს იქნებოდა ჩემი შურისძიება. ამ დროს ძალიან კარგად ვსწავლობდი და ძალიან მორჩილი ბავშვიც ვიყავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი აშავებს რაღაცას და ცემის მიზეზის პოვნაც არაა ძნელი. მაშინ დედას ეგონა, რომ მისი მეთოდი ამართლებდა, რადგან ცემას მოსდევდა იმ შეცდომის გამოსწორება, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემს გულში, რადგან არასოდეს უკითხავს, რა მაწუხებდა. ამ ყველაფრის შედეგს დღეს ვიმკით ისიც და მეც - დედას უკვირს, რა დაემართა იმ ჭკვიან, საყვარელ გოგოს, რატომ გახდა მის მიმართ გულგრილი; მე კი რამდენჯერაც ბავშვებზე გავბრაზდები, დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ცემა-ტყეპისგან თავი შევიკავო.
დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენა არაა, ესაა უდიდესი პასუხისგებლობა, ჩვენ გვევალება სწორად აღვზარდოთ ჩვენთვის მობარებული უმანკო არსებები. ყველა დედას, თქვენც და ჩემს თავსაც ვუსურვებ, ღირსეულად შეგვესრულებინოს ეს ყველაზე რთული მოვალეობა".
მანო