სუფთა გარემოში გაზრდილი ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ უფროსებს ხშირად გვსურს, რომ ბავშვები იყვნენ მშვიდები, დამჯერები და შინ თუ გარეთ თამაშის დროს არ დაისვარონ.
...მაგრამ ეს ბავშვობა არ არის. მათ სჭირდებათ მოძრაობა, სამყაროს შეცნობა, თავგადასავლები და ახალი აღმოჩენები. დასვრა ამ პროცესის სრულიად ნორმალური შემადგენელი ნაწილია. მეტიც, ის ჯანსაღი გონებრივი განვითარების და ბედნიერი ბავშვობის ტოლფასია.
გათხუპნა არის სახალისო და ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს
როცა უფროსები ხედავენ ბავშვს ამოსვრილს საჭმელში ან ტალახში, ისინი ფიქრობენ, რომ მას აღზრდა აკლია და მშობელი არ აქცევს სათანადო ყურადღებას. ზოგი პირდაპირ იკითხავს: „ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავს?! რატომ არ ასწავლით სისუფთავეს?“თუმცა ასე იმიტომ ხდება, რომ სინამდვილეში მათ არ იციან, რომ ბავშვი ამ დროს იცნობს სამყაროს, ხოლო ამაში მას ფიზიკური შეგრძნენები ეხმარება. ისინი სწავლობენ არა მარტო ვიზუალურად - არამედ, შეგრძნებით (შეხება, სუნი, გემო). ეს კი მათი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება გაგიკვირდეთ და სილაში, წყალში, საღებავებთან და თუნდაც ფქვილთან თამაშისას - ბავშვები სწავლობენ. ეს პროცესი კი მათთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ ასტიმულირებს მათი ტვინის ნერვულ დაბოლოებებს.
ბავშვი დაბადებიდან სწავლობს ცნობისმოყვარეობის დახმარებით, თავისუფლად თამაში კი, თუნდაც იქ, სადაც დაისვრება და სადაც არ არსებობს წესი და კანონი - აძლევს მას საშუალებას, თავისუფლად მიიღოს სიახლეები და სირთულეები.
მონტფორტის უნივერისიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომელთაც ეძლევათ საშუალება "ითამაშონ საკვებით" - არ ეშინიათ გასინჯონ ახალი გემოები და ზოგადად არიან უფრო კარგი მჭამელები. გარდა ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ "საკვების გაცნობა თამაშის სახით" დადებითად აისახება მათ სწავლისუნარიანობაზე.
მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა 16 თვის ასაკის 72 ბავშვზე. დადასტურდა, რომ ასეთი წესით აღზრდილი ბავშვებს უფრო მეტი სიტყვის გარჩევა და დამახსოვრება შეეძლოთ. პატარებს შეუძლიათ მკვრივი საგნების ადვილად დამახსოვრება, ხოლო თხევადი, ფხვნადი საგნები კი მათთვის ძნელად დასამახსოვრებელია. ცდის მიხედვით კი ამ ბავშვებმა შეძლეს ამ მასალების გარჩევაც კი.
აქედან გამომიდინარე დადგინდა, რომ ბავშვის მოთხუპნა არა მარტო სახალისო პროცესია, არამედ ის აუმჯობესებს მათ გონებრივ შესაძლებლობებს.
ასევე იხილეთ: ბავშვებში მომატებული ალერგიები და ასთმა მშობლების ბრალია
სუფთა გარემოში გაზრდილი ბავშვები უფრო მეტს ავადმყოფობენ
სილასთან, მიწასთან და ცხოველებთან თამაშის დროს ხდება არა მარტო კოგნიტიური და ემოციური განვითარება, არამედ მას მოაქვს თურმე ჯანმრთელობა. ზედმეტი ჰიგიენა კი უკუშედეგს იძლევა. მშობლები ცდილობენ აარიდონ შვილებს ავადმყოფობა და ეს ნორმალურიცაა, მაგრამ ცოტა დასვრილი ტანსაცმელი და ფქვილით სავსე ხელები არ არის მთლად საგანგაშო. პირიქით, ის აძლიერებს მათ იმუნურ სისტემას. ბოლო წლების განმავლობაში იმატა იმუნურმა დაავადებებმა, როგორიცაა ალერგიები. მეცნიერების აზრით, ერთ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არ ხდება ბაქტერიებთან ურთიერთობა და შეჩვევა, რაც იწვევს მათდამი მგრძნობელობის ამაღლებას.
მეცნიერებაში ეს თეორემა ცნობილია "ჰიგიენური ჰიპოთეზის" სახელით. ის გვასწავლის, რომ სუფთა ჰიგიენურ გარემოში გაზრდა, სადაც არ არიან ცხოველები და მიკროორგანიზმები, ადუნებს ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმებს. ეს კი იწვევს სხვადასხვა ავადმყოფობას.
კერძოდ, შემოწმდა 222 ბავშვის ნაწლავების მიკროფლორა. ბავშვების ნაწილი იყო ფინეთიდან და ესტონეთიდან (სადაც იმუნური დაავადებების დონე მაღალია) და ნაწილი - კარელიიდან, რუსეთიდან (სადაც იმუნური დაავადებები უფრო იშვიათია).
მათ შეისწავლეს ამ ბავშვების ცხოვრების და კვების რეჟიმი დაბადებიდან 36 თვის განმავლობაში, რამაც აჩვენა, რომ ფინელებს და ესტონელებს ნაწლავებში ჰქონდათ ბაქტერიის მაღალი დონე, ხოლო რუსებს პირიქით - ბიფიდობაქტერიის მაღალი დონე.
მკვლევარები ამბობენ, რომ ნაწლავებში ბაქტერიული ფლორა არის თანამედროვე ფენომენი დაკავშირებული დასავლური ცხოვრების სტილთან და რომ გაძლიერების ნაცვლად, ისინი ახშობენ იმუნურ სისტემას. აქედან გამომდინარე ზედმეტი ჰიგიენა და ანტიბაქტერიული საშუალებები, რომელიც ბავშვთა დასაცავად არის გამიზნული, უკუშედეგს იძლევა და აზიანებს მათი იმუნიტეტის ბრძოლისუნარიანობას. ეს კი იწვევს ხშირ ავადმყოფობას და დაავადებებს, რაც გასდევთ მათ მთელი ცხოვრება.
ასევე იხილეთ: ამ ინგრედიენტის გამო აშშ-ში აკრძალეს ანტიბაქტერიული საპნის ხმარება
აღსანიშნავია, რომ ზოგ ბავშვს საეთოდ არ სიამოვნებს თუნდაც მიწასთან, სილასთან კონტაქტი. ჩვენ არ უნდა დავაძალოთ მათ, პირიქით, ვაცალოთ მოძებნონ ისეთი მასალა, რაც მათ ესიამობნებათ და კომფორტს შეუქმნით. ასევე აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და გამოვყოთ დრო და ადგილი ასეთი თამაშებისთვის.
მშობელმა უნდა გაიგოს, რომ თამაშის, სამყაროს შეცნობის პროცესი - უმნიშვნელოვანესია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. ჩვენ არ უნდა გამოვკეტოთ პატარები დიდების სამყაროში, არამედ ვაცადოთ მაქსიმალურად ბევრი ითამაშონ, შეიმეცნონ, გაუკვირდეთ და გამოსცადონ სიახლეები საკუთარ თავზე.
მოამზადა მარიკა შორტლანდმა
წყარო http://www.psychology-spot.com