”ამ დროს ბავშვი განიცდის მსუბუქ სტრესს, რომელიც ამზადებს მას ზრდასრული ცხოვრებისათვის...” ბოლო დროს ზღაპრის მნიშვნელობაზე, ქართული ზღაპრების ”აგრესიულობაზე” მეტისმეტად ბევრს საუბრობენ. რა ხდება სინამდვილეში, სჭირდება თუ არა ბავშვს ზღაპრის მოყოლა, რომელ ასაკში როგორი ზღაპრები უნდა ვუამბოთ და მოქმედებს თუ არა მასზე ზღაპარში მოთხრობილი სასტიკი სცენები - ამ ყველაფერზე სასაუბროდ ფსიქოთერაპევტ დიანა ნიკოლაიშვილს მივმართეთ.
- როგორ აღიქვამს ბავშვი ზღაპარში არსებულ უხეშ ეპიზოდებს: მაგალითად, დედინაცვალმა დაკვლა დაუპირა, ან გულ-ღვიძლის ამოცლა დაავალა... როგორ მოქმედებს 2-3 წლის ან 4-5 წლის ბავშვებზე? თანაც ეს მხოლოდ ქართულ ზღაპრებში არ ხდება...
- ზღაპარს უდიდესი დატვირთვა აქვს ბავშვის განვითარებაში. უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრები ზღაპრებს იყენებდნენ ბავშვის აღზრიდათვის, ბავშვისთვის გაუგებარი მოვლენების ასახსნელად, ბავშვის ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის.
ხალხურ ზღაპრებში არსებული პერსონაჟები და მოვლენები არ უნდა იყოს შეფასებული ზრდასრული გონებით, რადგან სკოლამდელი ასაკის ბავშვები თავისებურად აღიქვამენ იმ მეტაფორებს, რომელიც ზღაპრებში ასეთი სახის საშიში შინაარსით არის წარმოდგენილი, ამ დროს ბავშვი განიცდის მსუბუქ სტრესს, რომელიც ამზადებს მას ზრდასრული ცხოვრებისათვის და მომავალში დაეხმარება სტრესული სიტუაციების მენეჯმენტში, რადგან ზღაპრებში ხშირად არის ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ვარიანტები.
- რა შემთხვევაში უნდა "დააკორექტიროს" დედამ ზღაპარი?
- იმ შემთხვევაში, თუ დედა ამჩნევს შვილის მკვეთრ ნეგატიურ რეაქციას, შიშს, სასურველია განიხილოს შვილთან ერთად ის პერსონაჟები და მოვლენები, რომლებიც იწვევენ ბავშვის ამგვარ რეაქციას, განიხილონ, კიდევ რა ვარიანტები არის ზღაპრის განვითარების, რას შეუძლია სიტუაციის შეცვლა და ასე შემდეგ.
- შეგიძლიათ ასაკობრივად დააჯგუფოთ, რომელ ასაკში როგორი ზღაპრები უნდა ვუკითხოთ ბავშვს?
- 2 წლამდე ბავშვისთვის უფრო სასიამოვნო და სასარგებლო არის სიმღერების მოსმენა, 2-4 წლამდე მოკლე, რითმული ლექსებისა და ზღაპრების მოსმენა, ხოლო 4 წლიდან , როდესაც ბავშვის სიტყვის მარაგი მაქსიმალურად უნდა გამდიდრდეს, უკვე აუცილებელია ზღაპრების მოყოლა.
- საერთოდ რა დატვირთვა აქვს ზღაპრებს და რამდენად არის აუცილებელი მათი მოყოლა/წაკითხვა ბავშვისთვის?
- ზღაპრის მეშვეობით ხდება ბავშვის ქვეცნობიერში სამყაროს მოდელის ფორმირება. ზღაპრის მოყოლა/წაკითხვა აუცილებელია, რადგან ეს არის ბავშვის განვითარებისა და სოციალიზაციის დამხმარე საშუალება. მნიშვნელოვანი არის ასევე ემოციური კავშირი, რომელიც მყარდება ბავშვსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ზღაპარს უკითხავს მას, აქედან გამომდინარე არ არის სასურველი ზღაპრის ჩანაწერის ჩართვა ბავშვისთვის.
"კარგი" ზღაპრის ნიშნებია:
თუ ზღაპრის ფუნქციაა ბავშვის გაფრთხილება, უნდა არსებობდეს პოზიტიური გზავნილი;
ზღაპარში სიკეთე და კეთილი პერსონაჟი უნდა იმარჯვებდეს;
პერსონაჟი უნდა იწვევდეს ბავშვის სიმპათიას;
სასურველია ზღაპარს ჰქონდეს ლიტერატურული ღირებულებაც, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.
- ამბობენ, რომ ახლა სხვანაირად მგრძნობიარე ბავშვები არიან და იმას, რასაც ჩვენი თაობა მარტივად აღიქვამდა, თუნდაც ზღაპრებში ასახულ აგრესიას, ესენი სულ სხვანაირად აღიქვამენ. ანუ ამ თაობასთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ამგვარი ზღაპრების წაკითხვისას. ასეა?
- ზღაპრებში ასახული აგრესია არის იმ ბრძოლის მეტაფორა, რომელიც თითოეულ ადამიანში მიმდინარეობს, ბრძოლა კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას, სურვილებსა და მოვალეობებს შორის. ბავშვი სიმპათიით განეწყობა მისი სქესის პოზიტიური პერსონაჟის მიმართ, სწავლობს მისი სქესისთვის აუცილებელ სოციალურ როლებს - მამის, მეომრის, დამცველის, ბიჭის შემთხვევაში, და ქალის, დედის - გოგონას შემთხვევაში. ისინი უთანაგრძნობენ პოზიტიურ გმირებს, გულშემატკივრობენ მათ და უხარიათ კეთილი დასასრული. ხალხური ზღაპრების შემთხვევაში მსგავსი საშიშროება არ არის, რაც შეეხება საავტორო ზღაპრებს, აქ მეტი სიფრთხილე მართებს მშობლებს, რადგან ხალხური ზღაპრები ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას და შინაარსი მრავალჯერ კორექტირებას გადიოდა, საავტორო ზღაპრები კი ერთი ადამიანის, ავტოროს ხედვას ასახავს, რაც შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენი ოჯახის ხედვას და ღირებულებებს.
- რაც შეეხება მულტფილმებს, ყველაზე მეტად, როგორი ეპიზოდები ახდენს ბავშვზე გავლენას?
- მულტფილმი არის სხვისი თვალით ნანახი და შემდგომ "ფირზე" გადმოცემული შინაარსი, თითქოს მშობელი კი არა, მულტფილმის ავტორი ზრდის ბავშვში ღირებულებებს, რომელიც ხშირად არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ განვითარებას. მულტფილმებში (თანამედროვე მულტფილმებს ვგულისხმობ) არის უამრავი აგრესიული სცენა, შეცვლილია მამაკაცის და ქალის როლური ქცევა, სხეულის ფორმები ხდემა მკვეთრად სექსუალური, ფიზიოლოგიურად განვითარებული, რაც ბავშვის სხეულს არ შეესაბამება და კომპლექსების განვითარებას უწყობს ხელს (გოგონები ხვდებიან, რომ იდეალს არ შეესაბამებიან, ხოლო ბიჭები სწავლობენ იმას, თუ როგორი გოგონები არიან სიყვარულის ღირსნი). ასევე არეულია როლები და ხშირად ქალბატონები უფრო მამაკაცური სტრატეგიებით და ინტრიგებით აღწევენ სასურველს (მაგალითად, "შრეკში" ფიონას უწევს ბრძოლა ყაჩაღებთან, ელდორადოს გზაში "ჩელი" სექსუალურობითა აღწევს სასურველს, იმავე "შრეკში" ვირი თავს აყვარებს დრაკონს და მანიპულირებს მისი გრძნობებით). ასევე ბავშვი სწავლობს სუსტის დაჩაგვრას და ა.შ.
ბოლო დროს არის ისეთი მულტფილმების სიმცირე, სადაც დედის როლი პოზიტიურად განიხილება, შედეგად ბავშვს არ უყალიბდება დედის როლის პოზიტიური ხედვა.
მულტფილმის ყურების დროს მშობელსა და ბავშვს შორის ემოციური კავშირი ან არ არის ან ძალიან მცირეა.
მულტფილმი უფრო ზრდასრული აუდიტორიისათვის ატარებს გასართობ ხასიათს, თუმცა ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა უფრო საზიანო იყოს და არასწორი ქცევის მოდელებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშოს. სასურველია მულტფილმების საგულდაგულოდ შერჩევა და ბავშვისთვის გარკვეული ეპიზოდების განმარტება.
- რა არის გამოსავალი და ოქროს შუალედი? რას ურჩევდით მშობლებს, რა წაუკითხონ და მოუყვნენ ბავშვებს ყველაზე ხშირად?
- რთულია ხისტი რეკომენდაციების გაცემა, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ფსიქოთერაპიაში არის მიმდინარეობა - ზღაპრით თერაპია, სადაც თერაპევტი სიტუაციურ ზღაპრებს უყვება ბავშვს და ამით ეხმარება იმ მოვლენებში გარკვევაში, რაც მისთვის მანამდე გაუგებარი იყო. შეარჩიეთ კეთილი, შინაარსიანი, კარგი ენით დაწერილი ზღაპრები, სადაც ის ღირებულებები არის წამყვანი, რომელიც თქვენი ოჯახისთვის მისაღებია. მიეცით ბავშვს საკუთარი გაგრძელების მოფიქრების საშუალება, განიხილეთ გმირების ქცევა და ქცევის შედეგები.
ლელა ზურებიანი