ყველაზე ხშირად რა სიტყვებს ეუბნებით თქვენს შვილებს - "შეიძლება" თუ "არ შეიძლება?" ყველაზე ხშირად რა სიტყვებს ეუბნებით თქვენს შვილებს - "შეიძლება" თუ "არ შეიძლება?"ორივე მნიშვნელოვანია პატარა ბავშვისთვის: "შეიძლება" ეხმარება ბავშვს საკუთარი ძალების რეალიზებაში, ზრდის ნდობას გარე სამყაროს მიმართ, ხოლო "არ შეიძლება" ჩარჩოებში აქცევს ბავშვს და დაუცველობის გრძნობას უღვივებს. რა თქმა უნდა, ზომიერი აკრძალვების გარეშე წარმოუდგენელია ბავშვის აღზრდა. თუმცა ფსიქოლოგებმა გამოყვეს 10 რამ, რაც არ უნდა დაუშალოთ ბავშვს.
დამოუკიდებლად ჩაცმა, დალევა და ჭამა
რა თქმა უნდა, თქვენ ამას უფრო სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებთ, მაგრამ ბავშვს განვითარებაში ვერ დაეხმარებით. ბავშვთა სპეციალისტები თვლიან, რომ ღილების დამოუკიდებლად შეკვრა და ხელთათმანების გაკეთება საუკეთესო ვარჯიშია თითების მოტორიკისთვის - ე.ი. ტვინისთვისაც. თუ დილით აგვიანებთ ბაღში, შეგიძლიათ უთხრათ: "დარწმუნებული ვარ, შენ თვითონაც შეძლებ ჩაცმას, მაგრამ ახლა ძალიან გვეჩქარება, საღამოს კი, თვითონ ჩაიცვამ საღამურს".
დაეხმაროს მშობლებს
ალბათ, ხშირად გაგიგონიათ აღშფთებული დედებისგან: "ჩემს შვილს საერთოდ არაფრის გაკეთება არ უნდა სახლში!" მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რამდენიმე წლის წინ რომ უშლიდნენ ყველაფერს საყვარელ შვილს: "არ მოკიდო ხელი - გატეხავ!", "დადგი თავის ადგილზე, დაგივარდება!" სთხოვეთ (არ მოსთხოვოთ), დაგეხმაროთ საოჯახო საქმიანობაში, ნება დართეთ შეასრულოს მარტივი დავალებები და არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ შესრულებული სამუშაოსთვის.
ასევე იხილეთ: 10 რამ, რაც ბავშვებს ყოველთვის ეხსომებათ
იყოს აქტიური
ხშირად შემაწუხებელია, როდესაც ბავშვი ხმაურობს, დარბის, ხტუნაობს და ანცობს. სინამდვილეში ის ფიზიკურად ვითარდება და დაგროვილ ენერგიას ხარჯავს. რა თქმა უნდა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ასეთი ქცევა მიუღებელია, თუმცა სახლში შეიძლება მისცეთ ნება ბავშვს, იყოს ისეთი, როგორიც არის. იქნებ ღირდეს მასთან ერთად თქვენც ითამაშოთ და იცელქოთ?
ძილი სინათლეზე
სიბნელის შიში 4-5 წლის ბავშვისთვის ჩვეული მახასიათებელია. ისინი ამ ასაკში გამოეყოფებიან დედას ფსიქოლოგიურად. ამ ავტონომიის საფასურად პატარას შეიძლება დაეწყოს ღამის კოშმარები, სიბნელის შიში. ღამის სანათი დაამშვიდებს ბავშვს, როდესაც გაიღვიძებს და დარწმუნდება, რომ საშიში ურჩხულები არ არიან ოთახში.
დასვრა
ნუ შეშინდებით, თუ ბავშვი ხელში ფლომასტერებს და საღებავებს აიღებს. შეიძინეთ არატოქსიური საღებავები, დააფინეთ იატაკზე დიდი ფურცელი და მიეცით ნება დახატოს. კარგი იქნება, თუ თქვენც მიიღებთ მონაწილეობას. ასევე ნუ დაუშლით სეირნობის დროს გადაკოტრიალებას ბალახზე, მიეცით უფლება გასინჯოს გუბის სიღრმე, შეაგროვოს და ერთად აყაროს ჰაერში ფოთლები. ნუ იჯავრებთ დასვრილი ტანსაცმლის გამო, სახლში უდავოდ გექნებათ სარეცხი მანქანა.
გამოიკვლიოს საგნები
გაგიკვირდებათ, მაგრამ ბავშვთა განვითარების ბევრი სპეციალისტი რეკომენდაციას აძლევს მშობლებს, უთხრან ბავშვებს: "მოკიდე ხელი, აიღე, გადაიტანე ერთი ხელიდან მეორეში, აკაკუნე, დაჭმუჭნე, დახიე!" თუ გეშინიათ ძვირფასი ჭურჭლის გატეხვისა, შეინახეთ სხვა ადგილას, გამოუძებნეთ სხვა ნივთები სათამაშოდ.
ასევე იხილეთ: 7 წყენა, რომელსაც ბავშვი დიდობაშიც არ პატიობს მშობლებს
უყუროს მულტფილმებს
შეურჩიეთ ისეთი გადაცემები და ანიმაციები, რომლებიც თქვენი შეხედულებით სასარგებლოა ბავშვისთვის. აუცილებლად უყურეთ და განიხილეთ ბავშვთან ერთად.
საკვების თეფშზე დატოვება
ნუ დააძალებთ ბავშვს საჭმლის ბოლომდე დამთავრებას (თუკი არ უნდა). საკვების მიღება ბავშვს უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას და არა წამებას. ჯერ ერთი, ულუფის რაოდენობა საკამათოც შეიძლება გახდეს. დიეტოლოგები შეშფოთებულები არიან პატარა პუტკუნების რიცხვის მატებით. ნუ გაართობთ ჭამის დროს მულტფილმებით და სხვადასხვა სათამაშოთი. ნამდვილი სარგებელი ბავშვისთვის იქნება მაშინ, როდესაც იგრძნობს საკვების გემოს, აუჩქარებლად დაღეჭავს და სადილს ჩათვლის ნამდვილ რიტუალად.
ფანტაზიის უნარი
დაეხმარეთ ბავშვს გაარჩიოს ფანტაზია მიზანმიმართული ტყუილისაგან. სთხოვეთ, მოიგონოს რაიმე ამბავი. უთხარით, რომ მისი ისტორია ძალიან ჰგავს ზღაპარს. შეეცადეთ ინტერესი გამოხატოთ მისი წარმოსახვის მიმართ და ამით ხელი შეუწყოთ მის შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებას.