"მე ჩაქუჩივით არ ვუკაკუნებ ტვინში მემკვიდრეობით დაზეპირებულ ფრაზებს: “უფროსს სიტყვა არ შეუბრუნო”, “ბავშვს ვინ კითხავს”, “იტირებ და გაჩუმდები”... - ყველასთვის წასაკითხი ბლოგი ზოგჯერ ბავშვებიც არიან “მართლები”
“- ზოგჯერ ბავშვებიც არიან “მართლები” – ეს ჩემი შვილის საყვარელი ფრაზაა. ყოველ ჯერზე მეუბნება, როცა ჩემთან კამათში იმარჯვებს. მე ვრისკავ და თავის უფლებებს ვასწავლი. 7 წლის ასაკში იცის, რომ აზრის გამოხატვას ვერავინ დაუშლის.
მე ჩაქუჩივით არ ვუკაკუნებ ტვინში მემკვიდრეობით დაზეპირებულ ფრაზებს: – “უფროსს სიტყვა არ შეუბრუნო”, -” სწავლის ძირი მწარეა”, – “ბავშვს ვინ კითხავს”, -“ბავშვმა რა იცის”, – “იტირებ და გაჩუმდები”. მე არ მჯერა, რომ მტრად გაზრდილი მოყვარედ გამომადგება. ჩემთვის მოყვარე აუცილებლად თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს.
ჩვენს სინამდვილეში ბავშვად ყოფნა ძნელი მგონია. აქ ბავშვებს საკუთარ უფლებებს არ ასწავლიან. ამას ორი მიზეზი აქვს. 1) შემდეგ ვეღარ აიძულებენ თავიანთ ჭკუაზე სიარულს. 2) უფროსებმაც არ იციან ბავშვის უფლებების შესახებ. არადა, ბავშვს კანონი აძლევს უფლებას გააჩნდეს აზრი და საკუთარი შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს სახლშიც, ბაღშიც, სკოლაშიც, ეზოშიც…
ასე უუფლებოდ დიდდებიან თაობები და მერე, როცა ხდებიან დედები და მამები, აიღებენ ხელში უფლებების სადავეებს და ყველა დაუკმაყოფილებელ სურვილს გადაჭარბებულად ისრულებენ. სამწუხაროდ, გამოკითხული მოსახლეობის 60% დასაშვებად მიიჩნევს აღზრდის პროცესში ბავშვის ცემას (გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა).
… …
მეზობლის სახლიდან ყოველდღიურად გამოსული წივილ-კივილი კიდევ უფრო მიმყარებს იმ აზრს, რომ ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ხანა არ არის. ალბათ, ოდესმე ჩემი მეზობლის შვილიც იტყვის, რომ ბავშვობა ენატრება. მერე რა, რომ დედა დილა-საღამოს უყვირის “შენ რა გასაჩენი იყავიო” და სახლიდან აგდებს 5 წლის ასაკში. მერე რა, რომ ყოველდღიურად ძალადობენ მასზე. “ბავშვი ხომ ტირილში იზრდება” – ასე გვასწავლეს და ჩვენც ასე ვასწავლით.
ბუნებით დემოკრატი დედაჩემი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალი დედაა ჩემს თვალსაწიერზე. მე მაინც მეჩქარებოდა გაზრდა. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი გვიანი ახალგაზრდობის პერიოდში, ასე 35-36 წლის. ბავშვობაშიც ასე მინდოდა და დღესაც ასე ვთვლი, რომ ადამიანი ყველაზე სრულყოფილი შესაძლებლობების ამ ასაკშია – განათლება მიღებული აქვს, კარიერაში საკუთარ თავს ხედავს, ოჯახი შექმნილი აქვს, შვილები წამოზრდილი ყავს, მშობლები ჯერ კიდევ შრომისუნარიანები არიან. და რაც მთავარია, თვითონ ისევ ახალგაზრდაა, მოტივირებული, პროდუქტიული, ხალისით სავსე. (სხვა სცენარებიც არსებობს, რა თქმა უნდა, მე ჩემეული გეგმა-სურვილები გავახმაურე.)
ბავშვობა ამ მიზნებისკენ ყოველდღიური სწრაფვა მგონია, საკმაოდ შრომატევადი, ემოციურად დატვირთული. დიდი ადამიანები ხომ პატარა ადამიანებს დაბადებისთანავე ვზომავთ, ვწონით, ერთმანეთს ვატოლებთ, ნიშნებს ვუწერთ, გამოცდებს ვუწყობთ, ვაფასებთ, ვწვრთნით და ისე ვიღებთ დიდი ადამიანების სამყაროში.
რატომ უნდა გინდოდეს ისევ იქ დაბრუნება, სადაც გზომავენ, გწონიან, სხვას გატოლებენ, ნიშნებს გიწერენ, გამოცდებს გიწყობენ, გწვრთნიან? იმიტომ რომ დედა გიმღერებს და ისე დაგაძინებს? იმიტომ რომ ბებო და პაპა სოფელში წაგიყვანენ? იმიტომ რომ მამა იშვიათად მაინც წაგიკითხავს წიგნს? თუ იმიტომ რომ ნაკლები პასუხისმგებლობა გაქვს? არის კი ეს ყველაფერი უუფლებოდ ცხოვრების საპირწონე?! ბავშვობაში, ხომ მთლიანად უფროსების ნება-სურვილზე ხარ დამოკიდებული. მშობლების ხასიათი განსაზღვრავს ისეირნებ თუ არა ველოსიპედით; შეხვდები თუ არა საღამოს საუკეთესო მეგობარს; შეჭამ იმას, რაც გინდა თუ იმას რასაც დედა დაგიდებს თეფშზე.
ვინც ბავშვობას მისტირის, სინამდვილეში თავისი ცხოვრების დასაწყისი ენატრება, რადგან კიდევ დიდხანს უნდა ადამიანად ყოფნა. შესაძლოა, წარსულში დარჩენილი გარემოცვა ენატრებოდეს – ვისთან ერთადაც ბავშვობაში უწევდა ყოფნა. ან ზრდასრულობაშიც ვერ იცავს თავის უფლელებს და მზრუნველ ხელს მისტირის.
….
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ფერადი ბუშტები და “მაკდონალდ-ვენდის-ბომბორა-მუშტაედში” გასეირნება არ ნიშნავს ბავშვთა დაცვას. აღარც ტკბილეული კმარა ჩვენი დროის ბავშვების ბედნიერებისთვის. თავისუფალი გარემო – აი, რა ჭირდებათ მათ. ერთად გვეფიქრა ამაზე.