ამ კითხვებზე სტუდია "ბასტი ბუბუს" ფსიქოლოგი ემა თორია უპასუბს ყველა მშობელი სიამოვნებით ატარებს შვილს დამატებით წრეებსა თუ სტუდიებში. რა თქმა უნდა, დამატებითი აქტივობა ბავშვისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ახალი გარემოა მისთვის, რომელსაც თავისებური შეგუება სჭირდება.
რომელი ასაკიდან არის სასურველი ბავშვის წრეზე შეყვანა, როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ახალ გარემოსთან ადაპტაციაში და როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა უარს ამბობს ახალ აქტივობებზე. ამ კითხვებზე სტუდია "ბასტი ბუბუს" ფსიქოლოგი ემა თორია უპასუბს. "ბასტი ბუბუში" დიდი ხანია ფსიქოლოგის ოთახი ფუნქციონირებს და საკმაოდ ბევრი მშობელი სარგებლობს ამ სერვისით.
- რომელი ასაკიდან არის სასურველი ბავშვის რაიმე წრეზე მიყვანა, მათ შორის მუსიკალურ სტუდიაში?
- სამ წლამდე, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, მშობლების გვერდით ყოფნა და სახლის გარემო სრულიად საკმარისია. სამი წლიდან უკვე ბავშვს უჩნდება სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილება და სასურველია შესაბამისი გარემოს შექმნა – საბავშვო ბაღში მიყვანა, წრეებზე, სტუდიაში ტარება. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვს 6 წლამდე არ უნდა მოვთხოვოთ ისეთი რამის კეთება, რაც ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს, რადგან ასეთი მოთხოვნა ემოციურ სფეროს დააზიანებს. სადაც არ უნდა იაროს ამ ასაკის ბავშვმა, სწავლება აუცილებლად უნდა იყოს სახალისო. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის თამაშობს. ამ მეთოდით შესაძლებელია, ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკაზე ზეწოლის გარეშე, მრავალი უნარის განვითარება. მაგალითად, მუსიკალურ სტუდიებში, პირველ რიგში, მუსიკალური პროდუქტი – სიმღერის ტექსტი, რითმა თუ მელოდია უნდა შეესაბამებოდეს ასაკს და სიმღერის, ცეკვის, თუ მაგალითად, კლიპის გადაღების პროცესი უნდა იყოს ძალიან სახალისო და გასართობი.
- თუ ბავშვი ამბობს, რომ არ მოსწონს ესა თუ წრე, სადაც შევიყვანეთ, მშობელი როგორ უნდა მოიქცეს?
- იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ უნდა გარკვეულ წრეზე სიარული, მშობელმა უნდა გაარკვიოს მისი წინააღმდეგობის მიზეზი. თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვს არ აქვს, ან ჰქონდა და დაკარგა ინტერესი ამ კონკრეტული საქმიანობის მიმართ, უნდა გავითვალისწინოთ მისი პოზიცია და უარი ვთქვათ ამ წრეზე. შეიძლება სხვა სფეროზე გადავერთოთ. მაგრამ, თუ მიზეზი სხვა რამეშია, მაგალითად, ურთიერთობის პრობლემაში, ან სიმორცხვეში, ან საკუთარი ძალების რწმენის არქონაში და ა.შ., ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი სიტუაციიდან გაქცევა. პირიქით, დარჩეს, მაგრამ პარალელურად დავეხმაროთ პრობლემა–მიზეზის აღმოფხვრაში.
- ბევრ აქტივობაზე ბავშვი მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს, რომ უბრალოდ, ეზარება. ამ დროს მშობელს რას ურჩევთ. ყველაფერზე ხომ ვერ დავანებებინებთ თავს სიზარმაცის გამო?
- თუ აქტივობაზე ბავშვი უარს ამბობს სიზარმაცის გამო, საჭიროა მოტივაციის ამაღლებაზე ვიზრუნოთ. თუ ერთი ბავშვისთვის საკმარისია გარკვეული დონის დაინტერესება, მეორისთვის შეიძლება ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. მშობელი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ შვილს. ზოგჯერ სურვილები და ინტერესები არ დევს ზედაპირზე, უფრო სიღრმეშია და მისაგნებია, აღმოსაჩენია. ზოგჯერ კი ესეც არ არის საკმარისი და ინტერესები გარკვეული მექანიზმებითაა გამოსამუშავებელი. უფრო მოზრდილ ასაკში, სურვილების არსებობის გარდა, მიზნების დასახვა ძალიან დიდ შედეგს იძლევა.
- რას აძლევს ბავშვს წრეები და სტუდიები, ზოგჯერ იმდენ რამეზე დადის, თავბრუ აქვს დახვეული. რამდენ წრეზე შეიძლება ბავშვმა იაროს სკოლისა და ბაღის პარალელურად?
– სტუდიებში და წრეებზე სიარული ბავშვს ეხმარება განვითარებაში, საკუთარი თავის მრავალმხრივ გამოხატვასა და შესაძლებლობების გამოვლენაში, საკუთარი თავის დადებითად აღქმაში, სოციალიზაციაში. თუმცა, თუ არ გავითვალისწინებთ ბავშვის შესაძლებლობებს, ფიზიკური მონაცემების ჩათვლით, გადატვირთვამ, ერთდროულად მრავალ წრეზე ტარებამ შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს და ბავშვი დაითრგუნოს, გადაიღალოს და შეფერხდეს განვითარების საფეხურზე. მსგავსი ფაქტები შეინიშნება ჩვენს რეალობაში. მიზეზი ხშირად ისაა, რომ ზოგჯერ მშობელი საკუთარ დაუკმაყოფილებელ სურვილებს თუ განუხორციელებელ მიზნებს გაუცნობიერებლად შვილის სურვილებად და მიზნებად მიიჩნევს და ამ პრინციპის შესაბამისად იგეგმება და ხორციელდება ბავშვის აქტივობები. არის შემთხვევები, როცა მშობელი არ იღებს ბავშვს უპირობოდ, ანუ ისეთს, როგორიც არის (განსაკუთრებით დედების მხრიდანაა საზიანო ასეთი დამოკიდებულება) და აქაც გაუცნობიერებლად სთხოვს მას იყოს "აუცილებლად საუკეთესო" და "მრავალმხრივ განვითარდეს". ასეთ შემთხვევაში, ბავშვს ერთმევა უფლება და საშუალება იყოს ის, ვინც არის, რეალურად და აკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის.
ამდენად, ბაღისა და სკოლის გარდა, თუ გადავწყვეტთ, რომ ბავშვი ვატაროთ გარკვეულ წრეებსა თუ სტუდიაში, შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ მისი შესაძლებლობები და ინტერესები. არ უნდა იყოს დღის რეჟიმი გადატვირთული. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, რომელსაც თავად განკარგავს. ბავშვს უნდა მოსწონდეს, რასაც აკეთებს და უხაროდეს იქ მისვლა, სადაც ამას აკეთებს.
როცა ეს წინაპირობა სრულდება და დაცულია, მხოლოდ მაშინ შეიძლება დამატებითმა საქმიანობამ მოიტანოს დადებითი შედეგი განვითარების მხრივ და იყოს ეფექტური.