ეს ის კითხვაა, რომელიც განსაკუთრებით ახალდაქორწინებულებს აწუხებთ
ეს ის კითხვაა, რომელიც განსაკუთრებით ახალდაქორწინებულებს აწუხებთ და ხშირად ფიქრობენ, რა არის უკეთესი, გადავიდნენ ცალკე თუ დარჩნენ მშობლებთან ერთად.
ბევრ ჩემს მეგობარს ამის გაგონებაც არ უნდა. ცხოვრება დედამთილთან ლამის ჯოჯოხეთთან ასოცირდება მათთვის და ფიქრობენ, რომ წყვილს შორის დაოჯახების შემდგომ შექმნილი ძალიან ბევრი პრობლემა "მეორე დედის" დამსახურებაა. ამიტომ, მათთვის ერთად ცხოვრება თუნდაც თავიდან, ვარიანტად არ განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეც იგივეს უნდა ვამბობდე და სასტიკი წინააღმდეგი ვიყო სხვადასხვა თაობების თანაცხოვრების, მაგრამ მთალად ასეთი რადიკალურიც არ ვარ…
ხშირად მსმენია რძალ-დედამთილის ჩხუბის შესახებ და ზოგჯერ იმდენად აბსურდული და ელემენტარული მიზეზის გამო, სასაცილოდაც რომ არ გეყოფოდათ, რის გამო ტკენენ ასე ერთმანეთს გულს.
რძალ-დედამთილის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა ალბათ კაცის ვერ გაყოფაა . შვილზე "გადამკვდარი" დედა ვერ თმობს საყვარელ შვილს და ჰგონია რომ მას ართმევენ, ან რძალი ეჭვიანობს დედამთილზე და აი, აქ იწყება პირველი გაუგებრობა, რომელიც დაუსრულებელ კამათში გადაიზრდება ხოლმე.
არადა, ხომ შეიძლება მშვიდად და სიყვარულის გარემოცვაში იცხოვროს ყველამ. ზედმეტად არ ჩავერიოთ ერთმანეთის ცხოვრებაში და პრობლემებში, მივცეთ თავისუფლება და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. რატომ ჩხუბობენ ამდენს? რატომ არ ეზარებათ? რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ ბედნიერები იყვნენ?