"ოჯახი პატარა სახელმწიფოა და ამიტომაც ამ ფაქტორს დიდი გავლენა აქვს" ნინო ძოწენიძეს ქალების თვედ წოდებული მარტის დადგომასთან დაკავშირებით შევეხმიანეთ. დედის დღესა და ქალთა დღესთან ერთად იმაზეც ვესაუბრეთ, თუ როგორ ინარჩუნებს ოჯახურ სიმშვიდეს.
- ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ 3 ან 8 მარტს განსაკუთრებულად აღვნიშნავ, მაგრამ მახსოვს, ბავშვობაში დედას ყვავილები ერთი-ორჯერ რომ ვაჩუქე, მინდოდა, ის დღე განსაკუთრებულად თბილი ყოფილიყო დედასთან მიმართებაში. ჩემი შვილიც არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ემოციებით და ისიც მოკრძალებულად, ყვავილებით მილოცავს ხოლმე. ადრე სკოლიდან წერილებიც მოჰქონდა, "წაიკითხე, ძოწკა" - მეტყოდა და მიყურებდა, რა რეაქცია მექნებოდა. სხვათა შორის, ის წერილები დღემდე შენახული მაქვს.
- რაც შეეხება 8 მარტს, ზოგი ამ დღესასწაულს ძალიან სიღრმეებში მიჰყვება, კლარა ცეტკინთან აკავშირებს და არ აღიარებს, ზოგი პირიქით, ძალიან ნორმალურად უყურებს და ამბობს, რატომაც არ უნდა იყოს კიდევ ერთი დღე სითბოსა და სიყვარულისთვის...
- ქართველებს თავშეყრის მიზეზის პოვნა ნამდვილად არ გვიჭირს, ყოველთვის შეგვიძლია, ვიყოთ კარგ ხასიათზე, დრო ერთად გავატაროთ, ვიხალისოთ და თუ ამას კიდევ ერთი დღე დაემატება, რატომაა ცუდი?! 8 მარტს ჩემი მეუღლე ყოველთვის მიკეთებს საჩუქარს, სიმბოლური დატვირთვა მაინც აქვს ამ დღეს, როგორც ჩანს. ნამდვილად არ ვუღრმავდები და არ ვუკირკიტებ ამ დღის წარმომავლობას, ასე შეიძლება ყველაფერს ჩაეძიო და არანაირი დღესასწაული არ აღიარო გარკვეული მიზეზებით, მაგრამ მე არ ვცდილობ, რაღაცები გავართულო ცხოვრებაში. ხშირ შემთხვევაში ამ დღეს კონცერტი მაქვს ხოლმე, წელსაც კახეთში მივდივარ, კონცერტებით განებივრებულები არ ვართ, დღესასწაულებზე უფრო მართავენ ასეთ ღონისძიებებს და ნეტავ ბევრი იყოს, რომ ჩვენ სამუშაო გვქონდეს.
- მამაკაცების გარემოცვაში ცხოვრობ, მეუღლისა და ვაჟის. რამდენად განებივრებენ, როგოც ქალს?
- ჩემი მეუღლე ისეთია, რომ განებივრებული მართლა ვყავარ, უყვარს სიურპრიზები, საჩუქრები. სანდროს მხრიდან ამას დიდად ვერ ვგრძნობ, უფრო წუწუნაა, ჩემთან შეიძლება დაიჩივლოს ისეთ რაღაცებზე, რაზეც ხმას მამამისთან არ ამოიღებს და იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა. კი მიფრთხილდება, მაგრამ როგროც ხდება ხოლმე, დედასთან უფრო მეტს საუბრობს, გულს მოიოხებს და მამასთან არ შეიმჩნევს. საბოლოო ჯამში, მაინც განებივრებული გამოვდივარ მათი მხრიდან (იღიმის).
- თუ რაიმე თემაზე ვერ თანხმდებით, ინაწილებენ პოზიციებს, რომ ერთი შენ მხარეს იყოს და მეორე - საწინააღმდეგოდ? თუ მამაკაცური სოლიდარობა სძლევთ?
- ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ, მე და გიგას ერთი აზრი გვქონდეს და არ გავიყოთ, სანდრო მთლად დიდი არაა და არ გვინდა, ჩვენმა განსხვავებულმა პოზიციებმა დააბნიოს და არიოს. თუმცა თუ არის შემთხვევა, რომ გიგა და სანდრო ერთ პოზიციაზე არიან, მე რომ სახეს შევიცვლი, ხვდებიან, ზედმეტი მოსდით. ეს ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ, რომ არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაცია, ყოველთვის ვცდილობ, ძალიან მშვიდად, გართულებების გარეშე მოვაგვარო ესა თუ ის საკითხი. მით უმეტეს, კონფლიქტი იმ ოჯახში, სადაც იძინებ და იღვიძებ უკვე 13 წელია, ძალიან არასასიამოვნო და არასასურველია. ზოგადად, სიმშვიდე ყველგან და ყველა ურთიერთობაში მთავარია, როცა საუბრით, მშვიდი კამათით წყდება საკითხი, ყოველთვის მიდიხარ კონსესუსამდე. ყველას თავისი აზრი აქვს, ჩემი შვილიც ინდივიდია უკვე და თავისი მოსაზრებები აქვს, საკმაოდ პრინციპულია და მეც ვცდილობ, შეძლებისდაგავრად გარკვეულ თემებზე დავეთანხმო და თან ვაკონტროლო. მშვიდობა არის უმნიშვნელოვანესი, ოჯახი პატარა სახელმწიფოა და ამიტომაც ამ ფაქტორს დიდი გავლენა აქვს.
ციცი ომანიძე