მეთიუ ისევ მარტოა და საყვარელი მეუღლის ხსოვნას სათუთად ინახავს ამერიკელი მეთიუ ლოჯელინი 7 წლის გოგონას მარტო ზრდის. თავის ცხოვრებაზე 2 წიგნი დაწერა და ბევრისთვის გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიკრიბო უკანასკნელი ძალები დიდი ტრაგედიის შემდეგ სიცოცხლის გასაგრძელებლად.
2008 წლის 24 მარტს მეთიუ და ელიზაბეტ ლოჯელინების ოჯახში გოგონა დაიბადა - მედელინი... ხოლო 1 დღის შემდეგ, ბედნიერი დედა გარდაიცვალა... 30 წლის ლიზას მძიმე ორსულობა ჰქონდა. სიკვდილი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ გამოიწვია.
Yahoo-ს კომპანიის მენეჯერი, 31 წლის მეთიუ, ახალშობილით ხელში სრულიად მარტო დარჩა. საყვარელი მეუღლის სიკვდილმა მეთიუს ცხოვრება გაყო „მანამდე“ და „მას შემდეგ“ მონაკვეთებად.
დამწუხრებულ მამას სრულიად უცნობი ხალხიც კი თანაუგრძნობდა და როგორც ამბობს, მათ ძალა შემატეს. მეთიუს ლიზას გარდაცვალებამდეც ჰქონდა ბლოგი, რომელსაც შემდეგ უფრო აქტიურად მიუბრუნდა და დაარქვა „მეთი, ლიზა და მედელინი: სიცოცხლე და სიკვდილი“. იგი არა მარტო უზიარებდა მკითხველს თავის გრძნობებს, არამედ რჩევებსაც ეკითხებოდა ბავშვის მოვლის თაობაზე. ახალგაზრდა მამის საიტს ყოველდღე 40 000 მკითხველი ჰყავდა. მეთიუს ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიდნენ პამპერსებს, სათამაშოებს, ბავშვთა კვაბას (წელიწად-ნახევარი მას მოუწია სახლში ყოფნა, რათა მოევლო ბავშვისათვის). გაიხსნა ფონდი, სადაც მას უგზავნიდნენ თანხას. მიღებული შემოსავლით მეთიუ კიდევ 3 მარჩენალდაკარგულ ოჯახს ეხმარებოდა.
ახალგაზრდა მარტოხელა მამის ისტორიამ მილიონობით ამერიკელის გულამდე მიაღწია. მეთს პატიჟებდნენ ტელევიზიასა და რადიოში, შემდეგ კი შესთავაზეს გამოეცა წიგნი; 2011 წელს გამოვიდა მისი მემუარები: “ორი კოცნა მედის“. წიგნმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია პრესაში, რის შემდეგაც მეორე წიგნიც გამოსცა.
ასეთი წარმატების შემდეგ მეთმა სულაც დატოვა თავისი სამსახური და გააგრძელა წერა, ბავშვის აღზრდა და მოგზაურობა. 2016 წელს გეგმავს ახალი წიგნის გამოცემას სახელწოდებით „ბედნიერი ვარ შენი მამობით...“ კიდევ ერთი მიმართულება მისი საქმიანობისა არის ქველმოქმედება, კერძოდ ფონდი, რომელიც ლიზ ლოჯელინის სახელითაა ცნობილი. აქ იკრიბება თანხები, რომლებიც ხმარდება გაჭირვებულ ობოლ ბავშვებს და ასევე ახალგაზრდა ოჯახებს...
7 წელი გავიდა ლიზას გარდაცვალებიდან... მეთიუ კი ისევ მარტოა და საყვარელი მეუღლის ხსოვნას სათუთად ინახავს. სიცოცხლე გრძელდება - სიცოცხლე მომავლისთვის!