ისტორია მამაზე, რომელიც ერთი შემთხვევის წყალობით მიხვდა, რას ნიშნავს ნამდვილი მამობა.
"გუშინ სამსახურში შვილმა დამირეკა და დაღონებული ხმით მამცნო, თუ როგორ გადმოაგდო კატამ თაროდან ჩემი ობიექტივი. საშინლად გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ აუცილებლად დავსჯიდი ორივეს (კატას და შვილს). ობიექტივი საკმაოდ სოლიდური თანხა ღირდა.
საღამოს გაბრაზებულმა შევაღე სახლის კარი. გამოვიცვალე, ვიბანავე. მოვისმინე, თუ როგორ ახტა კატა თაროზე, როგორ ცდილობდა ბიჭი მის ჩამოყვანას და როგორ დაენარცხა ობიექტივი იატაკზე.
- კარგი, - ვუთხარი მე, - მოგვიწევს შენი ყველა ნივთის გაყიდვა: პლანშეტის, ლეპტოპის, მუსიკალური ცენტრის, მოკლედ, რაც კი რამე გაქვს - იმისთვის, რომ ჩემი ფოტოაპარატისთვის ახალი ობიექტივი ვიყიდოთ.
მან თავი ჩაქინდრა და თავის ოთახში წავიდა. ცოტა ხანში თავისი ლეპტოპი მომიტანა და მაგიდაზე დამიდო.
- ეს რა არის? - ვკითხე მე.
- ახალი ობიექტივის საყიდლად, - ჩაიბუტბუტა დაღონებულმა.
ჩემს ბიჭს მუხლი აქვს ტრავმირებული, უკვე 3 თვეა სახლში მკურნალობს. მასწავლებლები სახლში აკითხავენ სამეცადინოდ. ჩვენ დღისით სამსახურში ვართ, ის და კატა კი მარტო არიან (თუ მასწავლებლებს არ ჩავთვლით). არადა, 9 წლისაა. მისი თანატოლები საათობით ერთობიან ეზოში, ის კი სახლში ზის. გული შემეკუმშა. ტყუილისთვის, არაკაცური საქციელისთვის დავსჯი, მაგრამ ამისთვის... ამისთვის ნამდვილად არა! - გავიფიქრე ჩემთვის.
სიტყვა აღარ მითქვამს ობიექტივის გატეხვისთვის, აღარ მიჩხუბია და არ დამისჯია.
შემდეგ გამახსენდა, 16 წლის ასაკში როგორ დავუმტვრიე მამას მანქანა. მან ნება დამრთო, მხოლოდ სოფლის ტერიტორიაზე მეტარებინა, მე კი ტრასაზე გავედი. სიჩქარეს მოვუმატე და ხიდის მაგივრად არხში გადავვარდი. მანქანა დავამტვრიე და მეც სახე დავიზიანე. სახლში უმანქანოდ დავბრუნდი. მამამ შემომხედა და უსიტყვოდ გასწია მანქანისაკენ. პოლიციას უთხრა, რომ თვითონ იჯდა საჭესთან. ჩემთან სიტყვა არ დაუძრავს მანქანის თაობაზე, არც მაშინ და არც მას მერე...
არც ერთი გატეხილი ნივთი (მით უმეტეს შემთხვევით მომხდარი) არ ღირს საყვარელი ადამიანისათვის გულის ტკენად. რაც არ უნდა თქვან ჩემი მისამართით პედაგოგებმა და თეორეტიკოსებმა, მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, ისე როგორც მამაჩემი. ვიმედოვნებ, რომ მას ვგავარ. მინდა, რომ ჩემი შვილიც მე დამემსგავსოს მხოლოდ კარგ თვისებებში.