"გმადლობ, უფალო, რომ ჩემი შვილი უსაშინლესი ცოდვისაგან დაიხსენი და მისი მეგობრების ცოდვა არ დაიდო..." ეს წერილი ეკატერინე-თეკლა ცირამუამ გამოგვიგზავნა და გვთხოვა, გამოგვექვეყნებინა. ეს მისი დედის წერილია, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი გარდაეცვალა:
"ჩემი ძმა მთაწმინდაზე მუშაობდა.. იქ მოხდა საშინელი ჩხუბი... ძმაკაცის ხმის გაგონებაზე გაიქცა დასახმარებლად და სხვისთვის განკუტვნილი დანა მოხვდა რამდენჯერმე... მაშინ სასწაულებრივად გადარჩა... სასწაულებრივად... თუმცა მომხდარიდან 6 თვეში ისევ საშინებება მოხდა და სამსახურიდან სახლში მიმავალს ავარია მოუვიდა... მას შემდეგ დავკარგეთ მოსვენება... ეს სულ მცირე ისტორიაა, რომელიც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი თქმაც გვინდა ჩვენს ბიჭზე...
არ ვიცი რა ვთქვა, ან რა მაქვს სათქმელი... ცრემლიც შემშრობია თვალებზე... ვკითხულობ ჩემი გულმოკლული დედის დაწერილ ნაფიქრ-განცდილს და სულისშემძვრელია ეს ყველაფერი... მტკივა ყოველი სიტყვა... მზარავს წარმოდგენა ყოველივე ამის...
დრო გადის და შემოდგომაზე, ფოთლებდაცვენილ ხეს ვემსგავსები. სული კვლავინდებურად ფორიაქობს და ადგილს ვერ პოულობს მოსასვენებლად...
ეს დედაჩემის წერილებია, სულ მცირე ნაწილი...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე და იხილეთ წერილები
{{ArticleSplitCont}}
"ნაფიქრ-განცდილი
საზოგადოებისთვის გასაცნობი და საჯაროდ გამოსატანი ჩანაწერები არ მაქვს. ვწერ მხოლოდ ჩემთვის. ვწერ გონებაში ამოტივტივებულ ნაფიქრ-განცდილს. ვწერ და ვკითხულობ. წარსულში ვმოგზაურობ და ვიხსენებ იმ გარდასულ დღეთა ბედნიერებას, გულის ტკენას, სევდას თუ სიხარულს... ზოგჯერ მწარეზე მწარეა ცხოვრების ფინალი, მაგრამ სიცოცხლე მაინც ღირს, რანაირიც უნდა იყოს ის.
მადლობელი ვარ სიკეთის მატარებელი ადამიანების, გულწრფელი სიყვარულისთვის, მეც უსაზღვროდ მიყვარხართ.
ბოროტებისთვის ბოროტებით არასდროს მიპასუხნია. ადამიანის სულში შესაცნობად ჩამიხედავს. ყველასთან ვიყავი გულმართალი, შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებოდი. ჩემი მიზეზით ცუდი არავის არ დამართნია. შური, ფლიდობა, გაუტანლობა, წყევლა-კრულვა შორს იყო ჩემგან. არ ვიცი, რატომ დავისაჯე ასე, ჩემი გაზრდილი და დასაფიცარი შვილი, ჩემი გიორგი წამართვა სიკვდილმა. რატომ? ამ ქვეყანაზე კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ, თუმცა ვარსებობ კი? ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო და მეც ამ იმედს ვებღაუჭები, იმედს იმისას, რომ მოვა დრო და ყოვლისშემძლე და მოწყალე უფალი ღირსს გამხდის გიორგისთან შეხვედრისა. მე ჩემს სიცოცხლეს უფალს ვავედრებ, რომ დარჩენილი სიცოცხლე უფლის დიდებაზე, გიორგის სულის გადარენაზე, ჩემი საყვარელი თეკლას და ყველა იმ ადამიანის კეთილდღეობაზე ლოცვაში გავატარო, რომლებმაც გულით გაიზიარეს ჩემი ტკივილი და სიხარული...
უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე ბოროტმოქმედი. გმადლობ, უფალო, რომ ჩემი შვილი უსაშინლესი ცოდვისაგან დაიხსენი და მისი მეგობრების ცოდვა არ დაიდო. არ გაიწირა სრულიად უდანაშაულო ბავშვები. შენც არ გსაყვედურობ, შვილო, მაპატიე, განა შენ გინდოდა ეს? არ ვიცი, არ ვიცი რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია ჩვენს თავს...
... შენ სიკვდილმა სიცოცხლე წაგართვა, მაგრამ ვაჟკაცობა ვერ წაგართვა, სახელი ვერ წაგართვა, ხალხის სიყვარული ვერ წაგართვა...
ასევე იხილეთ: "როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედები?" - შვილმკვდარი დედის საოცარი წერილი
შენ იყავი არსი, გახდი ზეარსი, შენ ვარსკვლავების ოკეანეში გაუჩინარდი და მნათობების მიღმა იწყები, შენ ჩემთან ხარ ყველგანმყოფი და ყველგანმსუნთქავი. მართალია, შენი თვალები გაყინული და გარინდებულია სამარეში, მაგრამ შენი სამკვიდრებელი სამარე კი არა, ჩემი თვალები და გულია.შ ენ ზღვა სიყვარული ხარ ჩემი... მჯერა,ჩვენ აუცილებლად შევხვდებით.
დღევანდელი დღე დამთავრდეს უნდა, რომ ხვალინდელი გათენდეს დილა.
წადი, ჩემო ვაჟკაცო, გაგიშვებ იმ იმედით, რომ სიკვდილის კი არა, უფლის ხელში მეგულები. ებარებოდე უფალს! იძინე, შვილო, შენ ძილი გიყვარს, სიმშვიდე გჭირდება. ძილი არ გაგიკრთო საფლავში მძინარეს. იმ უკუნეთში არ შეგეშინდეს, თუმცა შენ აქ მზერით უზომო სინათლე წაიღე და დაუსრულებელ სიზმრებს ხედავ. ღვთისმშობელმა ხომ შენი გაჭრილი სამარე მის თვალთა შუქის სინათლით აავსო და თვალები შენი,მანამდე სატრფოს რომ უმზერდნენ, გაცისკროვნებული, ახლა იდუმალ სივრცეს შესცინის.
ჩემო სიხარულო, ჩემო გულისტკივილო, დროებით შეხვედრამდე, გიორგი.
შენი ტანჯული დედა
ლარისა კვარაცხელია"