ხშირად დედ-მამა ძალიან ბევრს იკლებს, რომ შვილს მორიგი ახირება შეუსრულონ მშობლები დიდი სიყვარულის ნიშნად შვილებს ხშირად უარს არაფერზე ეუბნებიან. სათამაშოები, ძვირად ღირებული ტექნიკა, ლამაზი ტანსაცმელი... ხშირად დედ-მამა ძლიან ბევრს იკლებს, რომ შვილს მორიგი ახირება შეუსრულონ. შედეგად ბავშვი კმაყოფილი და მადლიერი კი არა, ეგოისტი და ჭირვეული ხდება. მშობლები კი გაოცებულნი კითხულობენ, ვის ჰგავს ასეთი უზნეო და უმადური.
პედაგოგები და ფსიქოლოგები ხშირად გვიმეორებენ: "ბავშვი ნედლი თიხაა. რასაც გამოძერწავთ, ის შეგრჩებათ". მართლაც თქვენ ძერწავთ თქვენი შვილის ბუნებას და მოდით, ეს სწორად გააკეთეთ. ამაში ეს 10 რჩევაც დაგეხმარებათ.
1. ერთმანეთისგან გაარჩიეთ "მინდა" და "მჭირდება"
ვთვათ ბავშვს ტანსაცმელი სჭირდება. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული ბრენდების ნაწარმი უყიდოთ. სათამაშოებიც სჭირდება, მაგრამ არა ყოველთვის, როცა მაღაზიაში მიდიხართ. არ არის აუცილებელი 48-ე მანქანის ყიდვა მხოლოდ იმ მოტივით, რომ "ასეთი ფერის არა აქვს". მტკიცედ და მშვიდად უთხარით უარი. საერთოდ, საყიდლებზე ჯობია სიით წახვიდეთ და ბავშვის მორიგ ახირებაზე უპასუხოთ, რომ ეს სათამაშო სიაში არაა.
2.ასწავლეთ განაწილება
თანატოლებისთვის სათამაშოები, მშობლებისთვის - ნივთები ან გემრიელობები, ცხოველებისთვის კი საჭმელი უნდა ემეტებოდეს. მიაჩვიეთ გაცემას და "ძმურად" განაწილებას.
3. ასწავლეთ თანაგრძნობა
პატარები ეგოისტები არიან და ეს ბუნებრივია. თანაგრძნობას თავისით ვერ ისწავლის. მოუყევით თქვენს გრძნობებზე, სხვა ცოცხალი არსებების გრძნობებზე (ძაღლზე, ფისოზე, როგორ აბრაზებენ ან როგორ უვლიან მათ). ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ სხვებიც ისევე ფიქრობენ და განიცდიან, როგორც თვითონ, რომ სხვებსაც სწყინთ, უხარიათ და ეშინიათ. ამიტომ არავის წყენინება არ არის კარგი, რომ სხვებსაც ისე უნდა მოექცეს, როგორც უნდა, რომ მას მოექცნენ.
4. ასწავლეთ ფულის დაზოგვა და გაფრთხილება
თქვენ თვითონ რაციონალურად უდგებით ფინანსურ სახსრებს? თუ ასეა, უკვე წამოზრდილი შვილი აუცილებლად ჩართეთ ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში. თავისი თვალით ნახოს, როგორ ანაწილებენ მშობლები თავიანთ ნაშრომს ოჯახური ხარჯებისთვის. ერთად გადაწყვიტეთ ის ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ბავშვს ეხება.
"შპარგალკა" მშობლებისთვის - შეინახეთ და წაიკითხეთ, როცა ბავშვები მოთმინებიდან გამოგიყვანენ
5. ნუ ცდილობთ, ყველაფრისგან დაიცვათ
ეს მცდელობა თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. მთელი სამყაროსგან მას მაინც ვერ დაიცავთ. ყველა აკრძალვა ადრე თუ გვიან დაირღვევა, თანაც დიდი სიამოვნებითა და გაორმაგებული ენთუზიაზმით. ამიტომ ბევრ ბარიერს ნუ დაუწესებთ. ჯობია დაეხმაროთ და სწორი მიმართულებები მისცეთ. მიაჩვიეთ პრობლემების თავისით გადაწყვეტას.
6. ზოგჯერ უარიც უთხარით სინდისის ქეჯნის გარეშე
ერთი რამ დაიმახსოვრეთ - ჯადოქარი არ ხართ და ყველა სურვილს ვერ შეუსრულებთ. არც არის საჭირო, ამით მხოლოდ გაანებივრებთ. თუ მისი სურვილის ასასრულებლად თანხა არ გყოფნით, ამის გამო თავს ნუ დაიდანაშაულებთ. აუხსენით, რომ ამის საშუალება არ არის.
7. მიაჩვიეთ, რომ სახლის საქმეში დაგეხმაროთ
ყველაზე პატარა წევრსაც კი ოჯახში თავისი ვალდებულება უნდა ჰქონდეს. მაგალითად, სათამაშოების მილაგება. ასე ეჩვევა ბავშვი შრომას, პასუხისმგებლობის გრძნობა უვითარდება. თუმცა ბევრსაც ნუ მოსთხოვთ - ყველა ასაკს თავისი ვალდებულება აქვს.
8. ეცადეთ მუდმივად გამოუყოთ ბავშვს დრო
მშობლებს ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ნახევარი საათი საკუთარი შვილისთვის რა სალაპარაკოა. დაინტრესდით მისი საქმეებით, ერთად გაატარეთ დრო, ისაუბრეთ. საუკეთესო, რაც შვილს შეგიძლიათ აჩუქოთ, ესაა სიყვარული, მზრუნველობა და ყურადღება.
5 წლამდე ბავშვს მეფესავით მოექეცით, მერე... - ტიბეტელი ბერების აღმზრდელობითი მეთოდი
9. აჩვენეთ მაგალითი
ძალიან ადვილია: თუ გინდათ ზრდილობიანი იყოს, თავად მოიქეცით ზრდილობიანად, თუ გინდათ კეთილი იყოს, თავად გამოიჩინეთ სიკეთე სხვების მიმართ, თუ გინდათ მშრომელი იყოს- იშრომეთ და ბავშვიც აიყოლიეთ. ბავშვები ხომ მშობლების ანარეკლები არიან.
10. ასწავლეთ სულიერი ფასეულობები
აუხსენით ბავშვს რა არის ცული, რა - კარგი. რა არის სიკეთე და რა - ბოროტება, სამართლიანობა, სილამაზე...თუ ბავშვის სულიერ სამყაროს თავიდანვე სწორ მიმართულებას მისცემთ, დიდი შანსია, რომ უკან იგივე ფასეულობებს დაგიბრუნებთ.