კოღო საკმაოდ საშიში მწერია, მაგრამ რატომღაც ანგარიშს არ ვუწევთ წლევანდელმა უხვნალექიანმა ზაფხულმა დაავადებათა გადამტანი მწერების რაოდენობა ოდნავ შეამცირა - ნალექი მათ კვერცხს რეცხავს. თუმცა, ამ მწერების და მათ შორის კოღოების სრულად განადგურება შეუძლებელია - ის ადამიანის თანმდევი პარაზიტია, სისხლისმწოველია. როგორც კი მზე ამოდის, მაშინვე ჩნდებიან კოღოებიც, ცხადია, სააგარაკო ზღვისპირეთის ზონაშიც. წელს სპეციალისტებმა აჭარაში კოღოებთან ბრძოლის პროექტი განახორციელეს - შეწამლეს საზოგადოებრივი ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და ის ადგილები, სადაც კოღო ყველაზე მეტად მრავლდება... ნაწილობრივ კოღოს გამრავლებას ესეც შეაჩერებს. რატომ არის საშიში კოღო და როგორ ვებრძოლოთ მას, ამის თაობაზე ინფექციონისტი გელა დიდიძე გვესაუბრება.
- კოღო ყველაზე საშიშ მწერად არის მიჩნეული იმის მიხედვით, თუ რა დაავადებას გამოიწვევს მისი ნაკბენი. ასეთი კი მრავალგვარია. მათ შორის: ციებ-ცხელება, დანგეს ცხელება... სპილოს ავადმყოფობა, ყვითელი ციება, მალარია, ალერგია და ა.შ. მხოლოდ მალარიის გადამტანი კოღოს 300-მდე სახეობა არსებობს. საბედნიეროდ, მალარია ჩვენში აღარ არის, მაგრამ ძალიან დიდია მიგრაცია, მათ შორის იმ ქვეყნებიდანაც, სადაც მწერებით გადატანილი მეტად საშიში, სასიკვდილო საფრთხის ინფექციური დაავადებებია გავრცელებული, ამიტომაც კოღოებსა და სხვა მწერებთან ბრძოლის დაწყება მართლაც აუცილებელი იყო.
- საქართველოში რა სახის დაავადებების გადამტანი კოღოა გავრცელებული?
- სამწუხაროდ, ყველა სახის. დღეისთვის ჩვენს ტერიტორიაზე შესწავლილია კოღოების 32 სახეობა, მათ შორის, ნილოსისა და დენგეს ცხელების გადამტანები. მათი განვითარების ციკლი რამდენიმე ფაზიანია: კვერცხები, მატლები და ჭუპრები მდორე წყალში ვითარდებიან, ხოლო უკვე ზრდასრული კოღო წყალგარეთ ბინადრობს და იქიდან გვიტევს. საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 50% მწერებით გადატანილი დაავადებებით დასნებოვნების რისკის ქვეშაა. ეს იმდენად სერიოზული დაავადებებია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მათი დიაგნოსტირებისა და აფეთქებების საწინააღმდეგოდ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად მუშაობს. მაგალითად, დენგეს ცხელების რისკის ქვეშ ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი დგას. არადა, თუ ეს დაავადება გაურთულდათ, დაავადებულთა 3% მაშინაც კი იღუპება, როცა მკურნალობა უტარდებათ.
გაგრძელება