რომელია ჩირის საეჭვო ნიშნები? ჩირი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნუგბარად ითვლება და მშობლებიც ცდილობენ, არ მოაკლონ შვილებს. მარკეტებში ჩირის ფართო არჩევანია, მაგრამ გამოდგება კი სასარგებლო საკვებად? სანდო ჩირისა და ქიშმიშის შერჩევა რომ შეძლოთ, ამისათვის გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ.
ხილის გამოშრობის სამი წესი არსებობს: მზეზე, ჩრდილში და ღუმელში, ან ქიმიურად დამუშავების შედეგად. სამწუხაროდ, სუპერმარკეტებში უმთავრესად სწორედ ქიმიურად დამუშავებული ჩირი იყიდება. რომელია ჩირის საეჭვო ნიშნები? პირველ რიგში ფერი - ქიშმიში ქარვისფერი არ უნდა იყოს, გარგრის ჩირი (კურაგა) - ნარინჯისფერი, ლეღვი - ოქროსფერი.
სწორად გამომშრალი ჩირი მუქდება. გარგარის ჩირი უნდა იყოს მოყავისფრო, მუქი ქიშმიში - შავი, ლურჯი ელფერით, ლეღვი - ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი.
გაზით გალამაზებული
თუ ჩირი ბზინავს, გამჭვირვალეა და თითქოს ცხიმიანი, შავქლიავი თითქოს შავ მარმარილოს ჰგავს, ქიშმიში კი ოქროსფერია, ე.ი. ჩირი სპეციალური გაზითაა დამუშავებული. ასეთი ჩირი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. არ გირჩევთ გასუფთავების მიზნით ჩირის დამდუღვრას, ვიტამინები დაეკარგება. ჩირი ცხელ წყალში გარეცხეთ. ხოლო თუ მისგან კომპოტის მოხარშვა გქონდათ გადაწყვეტილი, მეცნიერები გვაიმედებენ, რომ მოხარშვის დროს საშიში გაზი აორთქლდება.
გლიცერინით ან ცხიმით დამუშავებული
მბზინვარე ჩირი არ არსებობს. მას ან გლიცერინით ან გაურკვეველი წარმოშობის ზეთით ამუშავებენ. იდეალურად გამომშრალი ჩირი უნდა იყოს მქრქალი, მოჭმუჭვნილი, მტვრიანი. ხშირად გამოსაშრობად ხილს ბენზინზე მომუშავე საშრობებში აშრობენ, რის გამოც ჩირს დაკარგული აქვს არომატი, სამაგიეროდ, ბენზინის სუნი ასდის, გამდიდრებულია კანცეროგენებით და მისი ჭამა საშიშია.
ღუმელში გამომშრალი ხილი
სწრაფი მეთოდია ხილის დასაჩირებლად. თუმცა, მასში ვიტამინები აღარ არსებობს.
თხევად ბოლში გამოყვანილი
ბოლში გამოყვანილი ხილი კანცეროგენით მდიდრდება და ორგანიზმისთვის არაფერ სასარგებლოს არ წარმოადგენს. საფრთხის გამო თხევადი ბოლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მოერიდეთ ნარინჯისფერი შეფერილობის "კურაგას" და წვნიანი, ხორციანი შავქლიავის ყიდვას. თუ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეიძინეთ მოყავისფრო ქიშმიში და "კურაგა". აგრეთვე, ნუ შეიძენთ ძმრის არომატიან ჩირს. ეს მიუთითებს, რომ ხილი არასწორად იქნა დაჩირებული. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩირში არ იყოს მატლის კვერცხები.
გაუზირეთ სტატია ჩირის მოყვარულ მეგობრებს, რათა დაიცვათ ისინი საფრთხისგან.