”საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ დაასრულოს შეშის ეპოქა. მოსახლეობის 90% არ უნდა თბებოდეს შეშით!” ბოლო დროს ბორჯომსა და ბათუმში განვითარებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა საზოგადოება საკმაოდ შეაშინა. განსაკუთრებით ბორჯომის სტიქიამ შეაშფოთა მოსახლეობა და დამსვენებელი, რომელიც ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, თითქოსდა შედარებით მშვიდ რეგიონში ატარებდა ზაფხულს. რატომ ვდგებით სტიქიური უბედურებების წინაშე რამდენიმესაათიანი წვიმის დროს, რაშია პრობლემა და რომელია შედარებით უსაფრთხო კურორტი - ამ თემებზე გარემოს დამცველს, ”კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის” გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორს რეზო გეთიაშვილს მივმართეთ.
- რა განაპირობებს მომრავლებულ სტიქიებს, შეიძლება ერთჯერადად მოსულ ძლიერ წვიმას ამ შედეგამდე მივყავდეთ? რასთან გვაქვს საქმე. ასე უნდა გვეშინოდეს ძლიერი წვიმის?
- პრინციპში, მართალი ხართ, ალბათ უნდა გვეშინოდეს. ყველა ასეთ მოვლენას აქვს მიზეზი და ზოგჯერ მიზეზების ერთობლიობა. სტიქიებს აქვს თავისი მაპროვოცირებელი ფაქტორები. ამ ყველაფრის უკან მაინც დგას ის პრობლემა, რასაც დეგრადირებული ეკოსისტემები ჰქვია. ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დროის სვლასთან ერთად ამ მხრივ იგრძნობა მცირე გაუმჯობესება, იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომ დღეს ეს მოუგვარებელი საკითხები ბუნებრივი კატასტროფების და რისკების მთავარც ფაქტორად იქცა. ამაში პირველ რიგში ტყეების დეგრადაცია მოიაზრება, რაც დღემდე გრძელდება. გრძელდება იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის შეშა არის ძირითადი სათბობი რესურსი და სახელმწიფო იძულებულია, ეს რესურსი გასცეს იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე ტყეს ამის გაცემა შეუძლია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც 10-დან 9 შემთხვევას შეიძლება მოერგოს, მაგრამ მაგალითად, ზღვაზე შტორმი ამასთან არანაირ კავშირში არ არის. რისკის გამომწვევ ფაქტორად ჩვენ ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, დაუგეგმავი, სათანადო შეფასების გარეშე განხორციელებული პროექტები, რის უკანაც დგას საკანონმდებლო ხარვეზები. ამის კლასიკური მაგალითია დარიალიჰესი, რომელიც ღვარცოფის მსხვერპლი აღმოჩნდა და საერთოდ სათუაოა, იმუშავებს თუ არა, ამოღებული იქნება თუ არა იქ ჩადებული ინვესტიცია, იმიტომ, რომ პირდაპირ ღვარცოფის გამოზიდვის არეალშია ეს ჰესი აშენებული.
- გავრცელებული შეხედულებით მთაში თითქოს უფრო შენარჩუნებულია ეკოსისტემა... ეს ნიშნავს იმას, რომ არცთუ ისე ძლიერი წვიმა და ქარი ვერ გახდება იქ კატასტროფის მიზეზი?
- მთაში, 90-იანი წლების შემდეგ ზეწოლამ იკლო, მოხდა სოფლების დაცარიელება, შესაბამისად, ერთი შეხედვით ეკოსისტემაც იმდენად არ უნდა ზიანდებოდეს, როგორც მჭიდროდ დასახლებული ადგილების გარშემო, მაგრამ ასე არაა. მთა და ბარი – ასე დაყოფა მაინც არაა სწორი. ტყეების 99% არის მთაში და სწორედ მთის ტყეებს მოიხმარს არა მარტო მთის, არამედ ბარის მოსახლეობაც. დიდ ქალაქებში, მაგალითად, ქუთაისსა და თბილისში რომ შეშა იყიდება, ეს სულაც არ არის ამავე ქალაქებში მოჭრილი ხეები, ეს ყველა მთიდან მოდის. ტყე, სადაც შედის სამანქანო გზა, დეგრადირებულია, რადგან იქიდან ხდება ხეების როგორც კანონიერი, ასევე უკანონო გამოტანა. შედეგად ვიღებთ მეორად ტყეებს, რომლებიც ვეღარ ასრულებენ ნიადაგდაცვით წყალმარეგულირებელ ფუნქციებს, მოშლილი აქვთ ეკოსისტემური სერვისები და შესაბამისად რამდენიმესაათიანი წვიმის შემდეგ მივდივართ ბუნებრივ კატასტროფებამდე. მთაში დაზიანებული ეკოსისტემა შეიძლება, მიზეზი გახდეს, უკვე ქვემო წელში წარმოქმნილი ბუნებრივი კატასტროფისა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად ვერ ვიტყვთ, რომ მთაში უკეთესადაა საქმე. რა თქმა უნდა, გვაქვს ისეთი ეკოსისტემები, სადაც ზეწოლა ნაკლებია, ზოგან გზაც კი არაა, ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. ხელშეუხებელი ტყეები, სადაც არაა სამანქანო გზა და ადამიანს მხოლოდ ფეხით შეუძლია შევიდეს, ფეხით შესული ადამიანი კი ტყეს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს...
- თუ შეგიძლიათ გვითხართ, რომელი კურორტია უფრო რისკის შემცველი ამ მხრივ?ბორჯომში თითქოს მშვიდი კლიმატური პირობების გამო, არავინ ელოდა იმას, რაც მოხდა, მაგრამ...
- შარშან ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ დედაქალაქიც შეიძლება გახდეს ბუნებრივი კატასტორფების ეპიცენტრი, ამ შემთხვევაში ძალიან ნათლად გამოჩნდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემა. როდესაც კურორტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების განვითარების საკითხი, რომელიც უნდა იყოს მზად, გაატაროს წარმოქმნილი ნალექი და არ მივიღოთ ისეთი შედეგები, რის წინაშეც ვდგებით ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იყო შტორმი ბათუმში, რომელმაც დააზიანა ბულვარის გარკვეული ნაწილი. ასეთი შტორმები იქნება და არცთუ იშვიათად. მაშინ კითხვა ისმება ასე, თუკი გარანტირებულად ვიცით, რომ ბუნებრივი მოვლენა შტორმის სახით გვექნება, რადმენად სწორია გადაწყვეტლება იმის შესახებ, რომ ამ ადგილას შევქმენით სერიოზული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური აქტივები. თავის დროზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იყო შემუშავებული სანაპირო ზოლის განვითარების გეგმა, სადაც გაწერილი იყო კოეფიციენტები, რომლის მიხდვითაც აიკრძლებოდა მაღალსართულიანი მშენებლობები სანაპირო ზოლზე, მაგრამ ეს ჩვენმა პარლამენტმა არ მიიღო, ეკონომიკური ინტერესების შელახვის გამო. დღეს კი ვიცით, რომ ბათუმსა და ქობულეთში ზრვისპირა ზოლში მიმდინარეობს მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა. თუმცა, ცალსახად არ შიეძლება ვთქვათ, რომ ბათუმში ბულვარის მოწყობა არ იყო სწორი, ან ზოგადად, ეკონომიკური აქტივების შექმნა არ არის სწორი რისკის არეალში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ძვირად ღირებული ეკონომიკური ღირებულება, ეს გვავალდებულებს დავიცვათ ის და მივიღოთ შესაბამისი ზომები. არსებობს შესაძლებლობები, როგორ ვებრძოლოთ სტიქიას, შტორმს. ამისთვის უნდა დაიხარჯოს ყოველწლიურად საჭირო თანხები, აქ არაა საუბარი ათასებზე, საუბარია მილიონებზე, მაგრამ ამით ხელოვნურად მოვახერხებთ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, დავიცავთ ეკონომიკურ აქტივებს განადგურებისგან.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაზეც შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი, არის ბუნებრივი კატასტროფების მართვა. 90-იან წლებამდე არსებობდა და არაჩვეულებრივად მუშაობდა ეს სკოლა, მაგრამ 90-იანების შემდეგ ყველაფერი მოიშალა და დაგროვდა ბევრი პრობლემა. ბოლო წლებში ძალიან იშვიათად შეგვიძლია გავიხსენოთ მომენტი სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით ზღვაში ინერტული მასალების ჩაყრისა... სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ვებრძვით ბუნებრივი კატასტროფის შედეგებს და არა მიზეზებს. იმას კი არ ვებრძვით, რაც იწვევს კატასტროფას, უკვე დამდგარ შედეგებზე ვზრუნავთ. ბუნებრივი კატასტროფები არ ყალიბდება დასახლებულ ტერიტორიაზე, ის ყალიბდება ბუნებრივ გარემოში, ტყეებში, მდინარეების აუზებში, სადც გაიჩეხა დიდი რაოდენობით ტყე, განვითარდა ეროზიული პროცესები, შეიცვალა წყლის რეგულაცია და შემდეგად უკვე დაბლა ჩამოგვიტანა ამით გამოწვეული პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც წარმოიშვება, ვიბრძვით იქ, სადაც ეს პრობლემა უკვე ეჯახება ჩვენს საცხოვრებელს, მატერიალურ ზარალს გვაყენებს და ა.შ.
ამ პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე კარგი მეთოდი არის ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა. ამისთვის აუცილებელია დღეს, XXI საუკუნეში, საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ დაასრულოს შეშის ეპოქა. საქართველოს მოსახლეობის 90% არ უნდა თბებოდეს შეშით, იმიტომ, რომ ჩვენ ამის გამო ყოველწლიურად ვჭრით მილიონობით ხეს უკანონოდ. გვგონია, რომ ეს უფასოა, იაფია, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს. მაგალითად, ამ ზამთარს მოსახლეობას დასჭირდება 3 მლნ კუბური მეტრი შეშა, მაგრამ სატყეო სააგენტო მისცემს მხოლოდ 600 ათას კუბურ მეტრს. დანარჩენი 2 მლნ-მდე ან ცოტა მეტი ხე, რომელიც დგას ფერდობზე, იცავს ნიადაგს, არეგულირებს წყალს, მოიჭრება უკანონოდ, რაც აუცილებლად გამოიწვევს ბუნებრივ კატასტროფებს. გარემოს სამინისტროში უკვე არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნდა შეიცვალოს და შემუშავდეს სათბობი რესურსის მომარაგების პროგრამა, უნდა მოხდეს შეშის ალტერნატივებით ჩანაცვლება - ესაა ბუნებრივი გაზი, ქვანახშირი, ბიომასა, ბრიკეტი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თუ 2-საათიანი წვიმა აზიანებს ქვეყანას, ხვალ – ერთსაათიანი და ნახევარსაათიანი წვიმაც ”ეყოფა”.
ციცი ომანიძე