დიდი ფუფუნებაა დედისთვის, როცა ბავშვი თავისი ხელით იწყებს ჭამას ერთი ან ორი წლის ბავშვი რომ მშვიდად, თავისი ხელით მიირთმევდეს კუთვნილ ულუფას, დიდი ფუფუნებაა დედისთვის. ყოველშემთხვევაში, უჭმელი ბავშვების მშობლების გადმოსახედიდან ასეა. პატარა ბავშვების კვება, როგორც წესი, ახალგამოგონილი გასართობების და ტაში-ტუშის ფონზე მიმდინარეობს. თუ დედას ნერვებმა უღალატა, ეს სცენა ნამდვილ დრამად იქცევა.
წარმოდგენილ ვიდეოში 1,3 წლის ნიკო საკუთარი ხელით ჭამს. ასე მიირთმევს ყველა ულუფას. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. რანდენიმე თვის წინ ათასნაირი გამოგონება იყო საჭირო, რომ ერთი ლუკმა ფაფა გადაეყლაპა. ჭამა წუწაობით, სეირნობით, მეზობლების მონახულებით, თამაშით, მუსიკით, კომპიუტერით თუ ტელეფონის დახმარებით ხდებოდა.
რა შეიცვალა? არც ისე ბევრი რამ - ბებოს მზრუნველობით განებივრებული პატარა მშობლებმა ერთთვიან არდადეგებზე საზღვარგარეთ წაიყვანეს. კვებათა შორის შუალედებში ყოველგვარი სასუსნავი შეუზღუდეს, ტკბილეულზე უარი უთხრეს, სპეციალურ სკამში ჩასვეს და თავისი ულუფა კოვზთან ერთად წინ დაუდგეს. მართალია, თავიდან ჭამაზე მეტს აქეთ-იქეთ აქცევდა, მაგრამ მშობლების მიზანმიმართულმა ქმედებამ თავისი შედეგი გამოიღო - დღეს, ნელ-ნელა, მაგრამ საკუთარი ხელით ბოლომდე მიირთმევს. ოჯახიც მშვიდადაა.
"ზოგჯერ მოთმინება არ მყოფნის, ვიცი, რომ ჩემი ხელით ორ წუთში შევაჭმევ და ამდენი დრო აღარ დაიხარჯება. ხომ იცით, ოჯახში რამდენი საქმეა, გეჩქარება ქალს ყველაფერი, მაგრამ თავს ვიკავებ. რაკი ასე მიეჩვია, არ მინდა ყველაფერი წყალში ჩაიყაროს", - ამბობს ნიკოს ბებო.
თუ იმ იღბლიან მშობლებს შორის ხართ, ვის შვილსაც ჭამაზე კონცერტების მოწყობა არ სჭირდება, ძალიან გაგიმართლათ. ხოლო მათ, ვინც იცის, უჭმელი ბავშვი რა ნიშნავს, ეს გამოცდილება ნამდვილად გამოადგება. (ვიდეოს სანახავად დააწკაპუნეთ მთავარ ფოტოზე)