ნორმალური ბავშვი ხმაურიანი, ცელქი, მტირალაა - ერთი დედის გამოცდილება ერთი დედის გამოცდილება
აღარ ვბრაზობ ჩემი შვილების საქციელზე... ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ჩემს ბავშვებს შევხედე როგორც ბ ა ვ შ ვ ე ბ ს.
ადამიანი მთელი ცხოვრება იზრდება, ვითარდება, იძენს გამოცდილებას... მოზრდილების უმრავლესობა რჩება ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ ასაკში. ირგვლივ ცოტაა ინტეგრირებული ადამიანი და საიდან გვაქვს ასეთი მაღალი მოთხოვნილებები ბავშვებთან?
შეიძლება არასერიოზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც ბავშვებს ვუბრაზდებით, ვერ აღვიქვამთ მათ ბავშვებად, ჩვენ მათ ვხედავთ "პატარა დიდებს", რომელთა საქციელი არ ჯდება ქცევის ნორმებში. ჩვენი შვილები ზოგჯერ არიან წინდაუხედავები, ეჭვიანები, დამოკიდებულები, უხეშები და უზრდელები, უმადურები და დაუნდობლები. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს არის მახასიათებელი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებისა, განვითარების ამ სტადიაზე. ნორმალური ბავშვი - ხმაურიანი, ცელქი, მტირალაა.
ისინი თამაშობენ, დარბიან, უხარიათ, ყვირიან, იმიტომ, რომ არ შეუძლიათ ჩუმად ლაპარაკი, მღერიან, ცეკვავენ, ბრაზდებიან, ჩხუბობენ და ზოგჯერ უკმაყოფილებასაც გამოხატავენ, იგონებენ სხვადასხვა გასართობ თამაშს. მაგალითად, ჩემებმა დღეს შვედური კედლიდან გადმოხტომა გადაწყვიტეს. იატაკზე ლეიბი დადეს და ზედ ხტებოდნენ. უხაროდათ და ყვიროდნენ...
ასევე იხილეთ: 13 რჩევა ცელქი ბავშვების მშობლებს
მათ არ შეუძლიათ მოგისმინონ ჩუმად და შეკითხვები არ დასვან - როდესაც თქვენ ზღაპარს უკითხავთ. არ შეუძლიათ ჩურჩულით ლაპარაკი, როცა ვინმეს სძინავს. არ შეუძლიათ ბოლომდე საჭმლის დამთავრება - თუ არ მოსწონთ. მათთვის რთულია დახატონ საღებავებით და წყლიანი ჭიქა არ დაღვარონ. თუ ბავშვი გიყვირით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ უყვარხართ და არ აფასებს თქვენს ზრუნვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უბრალოდ ყვირის და მადლობა ღმერთს, რომ ყვირის და გამოხატავს თავის ემოციას!
იყვირე, პატარავ ხმამაღლა, დაე მსოფლიომ გაიგოს, რომ ახლა უკმაყოფილო ხარ! ზოგჯერ ჩემს თავს შევახსენებ ხოლმე მათ ასაკს. ეს ძალიან მაფხიზლებს. ამის შემდეგ მე მათ ვიღებ ისეთებს, როგორებიც არიან. არ ვასწავლი მათ რაიმე ქცევის ნორმებს. ვაძლევ საშუალებას, გამოსცადონ სხვადასხვა ემოცია, რადგან ვიცი, რომ თავისთავად, ბუნებრივად გაიზრდებიან "ცივილიზებულ", "კულტურულ" ადამიანებად.
მანამდე კი რაც მათ სჭირდებათ არის ის, რომ მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან: განსხვავებულები, საყვარლები, მოუხერხებლები და მოუმწიფებლები, ბრაზიანები და ცნობისმოყვარეები...