გონები დაპყრობის მეტს ვერაფერს დაარქმევ იმ რეაქციებს, რასაც ჩვენი შვილები მათი დანახვისას იჩენენ ხშირად დავფიქრებულვარ, როგორ ახერხებენ საბავშვო პერსონაჟების შემქნელები მსოფლიოს ბავშვების გულისა და გონების დაპყრობას. დიახ, დაპყრობის მეტს ვერაფერს დაარქმევ იმ რეაქციებს, რასაც ჩვენი შვილები საყვარელი პერსონაჟების დანახვისას იჩენენ. მე, მაგალითად, გოგონების მშობელი ვარ და ამ ბრჭყვიალა გმირებს ისეთივე სრულფასოვანი ადგილი უკავიათ ჩემს ცხოვრებაში, როგორც საბავშვო საკვებსა თუ ტანსაცმელს. მაშა მაისურზე, ელზა კედელზე, ჰელოუ ქითი სარკეზე, მონსტრ ჰაი - რვეულის გადასაკრავებზე, ვინქსები... ვინქსები მაისურზეც, კედელზეც, სარკეზეც, თაროზეც, ჩანთაშიც, კომპიუტერშიც, წიგნებშიც და ჟურნალებშიც... დიახ, ამჯერად ვინქსის ფერიებზე ვართ "გადარეულები", მითუმეტეს, მას მერე, რაც წიგნების მაღაზიებში ქართულ ენაზე გამოჩნდა ამ ფერიების თავგადასავლები. ხომ გადავაბულბულეთ ხუთივე წიგნი, დედა-ბუდიანად შევისწავლეთ ამ ფერიების წარმოშობა და საქმიანობა, გავიცანით მათი მშობლები და ნათესავები, შეყვარებულები, მტრები და მოკეთეები... ვაფერადეთ, ვასტიკერეთ და ვხატეთ. ვიმსჯელეთ და ვათვალიერეთ... ზოგი ვიყიდეთ, ზოგი გვაჩუქეს, ზოგი - გავაჩუქეთ... და... დავიღალე... ახლა თურმე ვინქსების წყალქვეშა მოგზაურობა იწყება და ვინქსის კლუბის გოგონებს მოუწევთ, შეხვდნენ საშინელ და ძლევამოსილ მტერს, ტრიტანუსს. წარმოგიდგენიათ, თურმე ის ნორმალური ტრიტონი იყო მანამ, სანამ ქიმიური დაბინძურების შედეგად მუტაციას განიცდიდა. მისი მთავარი მიზანი ოკეანის დაპყრობა და შემდგომ სამყაროს მართვა ყოფილა...
არც მე მაინტერესებს... სამაგიეროდ, გოგონებს აინტერესებთ, ახალისებთ, თვალებს უციმციმებთ, ბაძავენ მათ და უნდათ მათსავით კეთილები და სამართლიანები იყვნენ...
და რატომ მოვყევი ეს ყველაფერი: არა მგონია, მარტო მე ვიყო ამ დღეში. მალე ამ ფერიების შესახებ ქართულ ენაზე მულტფილმების სერიას გაუშვებენ და იმედია, დავისვენებ. უჩემოდ იფრენენ ვიქნსებთან ერთად, რა თქმა უნდა, თავისუფალ დროს.
მულტფილმი ქართულ ენაზე ყოველ სამშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე საიტ palitratv.ge-ზე დაიდება. ასე, რომ ვინქსის ფანებს შეუძლიათ ცოტა ხნით მოწყდნენ სამყაროს და ფერიების კლუბში გადაეშვან... მირჩევნია, ხანდახან და განსაზღვრული დროით უყურონ მულტფილმს, ვიდრე იუთუბზე უსასრულოდ ეძებონ და სერიიდან სერიაზე ”გადახტომით” უფრო მეტი დრო დაკარგონ... რას ვიზამთ, ხანდახან ჩვენც უნდა დავთმოთ და მივცეთ იმით ტკბობის საშუალება, რაც ძალიან ახალისებთ