"ორსულობის დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მორალურთან ერთად, მშობლობა ამხელა ფინანსურ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული" "ორსულობის დროს ყველა მხრიდან მესმოდა, რომ დედობა დიდი პასუხისმგებლობაა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მორალურთან ერთად, მშობლობა ამხელა ფინანსურ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენი ოჯახის საშუალო შემოსავლიანთა კატეგორიაშია, თუმცა ფინანსები მხოლოდ საჭიროებებზე გვყოფნის და თითქმის არ გრჩება ფული ახალი ტანსაცმლისთვის, ცოტა გართობისთვის ან უბრალოდ თვეში ერთხელ კინოში წავლისთვის," - ამბობს 28 წლის ანა, რომელიც 2 შვილის დედაა.
ბავშვის საჭიროებები მისი ასაკის მიხედვით განსხვავდება. ჩვენ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ და ვეცადეთ, გაგვეგო თუ რა ჯდება ბავშვის მოვლა-პატრონობა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მცირეწლოვანი ბავშვისთვის საჭირო ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 800 ლარია.
ბავშვის დაბადებამდე უნდა იყიდოთ საწოლი (300 ლარი), თეთრეული (100 ლარი), ეტლი (300 ლარი), აბაზანა თავისი სადგამით (100 ლარი), ტანსაცმელი (200 ლარი). ეს ყველაფრისთვის დაახლოებით 1 000 ლარი დაგიჯდებათ. თუმცა ჩამოთვლილი მხოლოდ აუცილებელი ნივთებია. ასევე სასურველია, რომ ბავშვისთვის გქონდეთ პამპერსის გამოსაცვლელი მატრასი (50 ლარი), საწოლზე ჩამოსაკიდებელი სათამაშო (50 ლარი), ბაუნსერი (100 ლარი), სპეციალური ხალიჩა (70 ლარი), "მანეჟი" (300 ლარი), რამდენიმე თვეში დაგჭირდებათ საჭმელი სკამი (150 ლარი).
სასურველია, თუ 6 თვემდე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იქნება.
ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი დანახარჯი იქნება პამპერსი, რომელიც ახალშობილს განსაკუთრებულად ბევრი სჭირდება. საშუალო ღირებულების მქონე პამპერსის შემთხვევაში, თქვენ ყოველთვიურად 80 ლარის პამპერსი დაგჭირდებათ. ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ რძის ფორმულის ყიდვაც მოგიწევთ. მისი საშუალო ყოველთვიური დანახარჯი კი 120 ლარია. ასევე, უნდა იყიდოთ ბოთლი, რომელიც დაახლოებით 20 ლარი ღირს.
პედიატრების რჩევით, 6 თვიდან ბავშვმა დამატებითი კვება უნდა დაიწყოს. თავდაპირველად იწყება ბურღულეულის დამატება. ყოველთვიურად 50 ლარი ფაფები დაგჭირდებათ. შემდეგ ეტაპობრივად ემატება ხილი და ბოსტნეული. ხილ-ბოსტნის საშუალო თვიური ხარჯი 100 ლარამდეა. ასევე, აუცილებელია თევზი და ხორცი, რომელისთვისაც თვეში დაახლოებით 80 ლარი დაგჭირდებათ. განაგრძეთ კითხვა