თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, შეიძლება თქვენს სხეულს არც დაეტყოს ფეხმძიმობის კვალი ნებიმიერი ორსულობა კვალს ტოვებს, მაგრამ ეს არაფერს წარმოადგენს იმ სიხარულთან, რასაც დედობის სიხარული ქვია. როდესაც ქალს ორი და სამი შვილი ჰყავს, მისი წელი, მუცელი, მკერდი აღარ არის ძველებური ფორმის. ამის გამო წუხილი არ ღირს, შვილებს არაფერი შეედრება. რაც შეეხება სხეულის ცვლილებს, ამის გამოსასწორებლად ბევრი საშუალება არსებობს. მეტიც, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, შეიძლება თქვენს სხეულს არც დაეტყოს ფეხმძიმობის კვალი. როგორ შეიძლება, აიცილოთ ან მოიშორით სტრიები, შეინარჩუნოთ მკერდის ფორმა, შეინარჩუნოთ ნორჩი სხეული - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე რჩევებს ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი, ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი, გია გვარამია გვაძლევს.
- მშობიარობის შემდეგ სტრიები ბევრი ქალის პრობლემაა. შესაძლოა მათი თავიდან აცილება? რა უნდა გააკეთოს ორსულმა, სტრიები რომ არ გაუჩნდეს.
- სტრიების გაჩენას წონაში სწრაფი ზრდა იწვევს, კანქვეშა ცხიმის სწრაფი განვითარება... ერთი მომენტია, როდესაც გასუქებისგან ხდება კანის გაწელვა და მეორე, როდესაც მუცელი, საშვილოსნო იზრდება, ნაყოფი ყალიბდება და შესაბამისად, მუცლის კანი ისე სწრაფად ვერ იწელება, ამის გამო კანქვეშა ქსოვილებში ე.წ.ნახეთქები ჩნდება, რაც წარმოადგენს სტრიას... სტრია ხელზე, ძუძუზე და ბარძაყის ზედაპირზეც ვითარდება, როდესაც კანქვეშა ცხიმი იმ უბანში სწრაფად და ინტესიურად ლაგდება. სტრია მკურნალობას ადვილად არ ექვემდებარება... თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, არსებობს სპეციალური კრემები, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის ზრდას და განვითარებას, რაც სტრიების გაჩენის თავიდან აცილებას ეხმარება... მუცელზე რომ არ გაჩნდეს სტრიები, ამისთვის ხდება ამ კრემის გამოყენება. ბარძაყებზე, მკლავებზე და ძუძუზე სტრიები რომ არ განვითარდეს, ამისთვის საჭიროა წონის კონტროლი და ფიზიკური აქტივობა.
ზოგჯერ ისეც ხდება სამშვილიანი დედებიც კარგ ფორმაში არიან, მკაცრად იცავენ წონის კონტროლს ორსულობის დროს, ფიზიკური აქტივობით გამოირჩევიან, მაგრამ რაც არ უნდა მოიმოქმედონ, სტრიები მაინც ვითარდება. არიან ქალბატონები, რომლებსაც სტრიები არ აქვთ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა. ეს დამოკიდებულია კანის განსაკუთრებით ელასტიურობაზე. ელასტიური კანი ადვილად იწელება და აღიდგენს ძველ ფორმას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნებისმიერი ორსულობა კვალს ტოვებს!
- საქართველოში არის სტრიებისგან გათავისუფლების რაიმე საშუალებები?
- გააჩნია სტრიები რა ზონაშია... სტრია თითქმის არ ექვემდებარება მკურნალობას, მისი გაქრობა შეუძლებელია. შესაძლებელია შემცირდეს ზომაში, სიგანეში მოიკლოს... თუ მუცელზე არის დიდი რაოდენობით და ამავე დროს მუცელი მოშვებულია, ამ დროს შესაძლოა კანის ნაწილი მოიკვეთოს და შესაბამისად სტრიებიც შემცირდება... არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები: აპარატული კოსმეტოლოგია, მეზოთერაპია სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც სტრიებს ნაკლებადშესამჩნევს ხდის.
ასევე იხილეთ: როგორ მოვიცილოთ სტრიები - მეთოდები, რომლებსაც თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს
- თუ არის შესაძლებელი, რომ ორსულობის შემდეგ არ გაუარესდეს მკერდის ფორმა... იმ შემთხვევაში, თუ პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა, მომავალში ეს მეორე ბავშვი ძუძუთი კვებას შეაფერხებს?
- თუ მხედველობაში გაქვთ მკერდის იმპლანტირებით გადიდება, ამ შემთხვევაში ბავშვის ძუძუთი კვება თავისუფლად შეიძლება. თუ ჩატარებული იყო მკერდის აწევა იმპლანტირებასთან ერთად, მხოლოდ აწევა, ან დაპატარავება ლაქტაციამდე, ამ შემთხვევაში ლაქტაცია გართულებულია და შეუძლებელი ხდება ბავშვის ძუძუთი კვება.
ძუძუ ორსულობის პერიოდში იზრდება, ლაქტაციის პერიოდშიც ასევე დიდია, ამ პროცესის დამთავრების შემდეგ ძუძუ პატარავდება და შესაძლოა ამას მოყვეს ძუძუს დაშვება, იმპლანტის დეფორმაცია და შესაძლოა (არა აუცილებლად) საჭირო გახდეს გარკვეული კორექცია - იმპლანტის გამოცვლა, ძუძუს აწევა... ორსულობის, ან ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ თუ არ აღინიშნება ძუძუს დაწევა, არავითარი ჩარევა საჭირო არ არის. იმპლანტი თავის ადგილზე რჩება... სამწუხაროდ აქაც რჩევა ისევ და ისევ ის გახლავთ, რომ ორსულებმა წონაში ბევრი არ მოიმატონ! ჰორმონულად რაც გაიზრდება მკერდის ფორმა, იმას თავიდან ვერავინ აიცილებს, მაგრამ თუ შეუძლია პაციენტმა დამატებით წონა არ აკრიფოს, ამისთვის ყველა ღონე უნდა იხმაროს! დამთავრდება ორსულობა, ქალი ისევ ეცდება წონის დაბრუნებას და შესაბამისად ჭარბი კანი რაც წარმოიქმნა, ძუძუ რომელიც ძალიან გაიზარდა, თავის ფორმას არ დაუბრუნდება და ამას მოსდევს ძუძუს დაშვება, მუცელზე "ფართუკი", ძუძუს ჩამოკიდება... ორსულობის დროს რომ ქალი 20 და 30 კილოს მოიმატებს, სხეულის სრული დეფორმაცია ხდება. ეს მშობიარობის და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის და ამიტომაც წონის კონტროლი და ჯანსაღი კვება აუცილებელია!
- საკეისროს შემდეგ ზოგჯერ საშინელი ნაწიბური რჩება. მისგან სრულად გათავისუფლება შესაძლებელია?
- უმეტეს შემთხვევაში არ არის საშინელი, უბრალოდ ნაწიბურია და საკმაოდ კარგი ხარისხის არის ხოლმე ნაწიბური. როგორც სტრიის, ასევე ნაწიბურის სრულად გაქრობა შეუძლებელია. მისი გაუმჯობესება კი შესაძლებელია: კეთდება ნაწიბურის პლასტიკა, ხდება აპარატული, ლაზერული ჩარევები, რომლებიც აუმჯობესებენ ნაწიბურის ხარისხს... არ არსებობს განაკვეთი, რომელიც ნაწიბურს არ დატოვებს. თუ უხეში ნაწიბურია და ცუდად გამოიყურება, მისი გაუმჯობესება და ნაკლებადშესამნევამდე დაყვანა შესაძლებელია.
ასევე იხილეთ: ივა კუზანოვის რჩევები ქალებს, რომლებსაც სხეულის კორექცია სურთ
- მოზარდები ძალიან გატაცებულნი არიან იდეალური სხეულით... რას ურჩევდით მათ, რა ასაკამდე არ შეიძლება ქირურგიული ჩარევა და რატომ?
- ახალგაზრდები რომ გატაცებული არიან იდეალური სხეულის შენარჩუებით და გაუმჯობესებით, ეს ძალიან კარგია! საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი! ირგვლივ უკვე ამდენი ფიტნესი, სავარჯიშო დარბაზია და ახალგაზრდები აქტიურად დადიან, რაც ძალიან სასიამოვნოა... რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, მკერდის გაზრდა იქნება თუ სხვა რამ, სასურველია 18 წლამდე არ გაკეთდეს. ზოგადად მიჩნეულია, რომ 18 წლისთვის ჰორმონული ფონი მეტნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია და 18 წლის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა კორექციები გაკეთდეს... 18 წლამდე იდეალური სხეულის მიღება შესაძლებელია სწორი ფიზიკური დატვირთვით, სწორი კვებით. მკერდის გაზრდა ფიზიკური დატვირთვით სამწუხაროდ შეუძლებელია, მაგრამ 18 წლამდე სასურველია თავი შეიკავოს და ამასობაში შეიძლება თავისითაც კარგი ფორმის მკერდი ჩამოყალიბდეს.
მანანა გაბრიჭიძე