დაუდგენელია, რა წარმომავლობისაა ხორცი, სად გაიზარდა, როგორ პირობებში ინახავდნენ გასულ ზამთარს გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის ხორცი შეღავათიან ფასად შევიძინე. სახლში მოვიტანე და კერძისთვის მისი მოხარშვა დავიწყე, მაგრამ ხარშვის პროცესში სამზარეულოში არცთუ სახარბიელო სუნი დატრიალდა. წყალი რამდენჯერმე გამოვუცვალე, მაგრამ არ უშველა... რისკის ქვეშ ვერც საკუთარი თავი და ვერც ოჯახის წევრები დავაყენე, ამიტომ მოხარშული ხორცი გადავყარე... ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, როცა შევიტყვე, რომ გლდანის ბაზრის მიმდებარედ, ცხენის ხორცი იქნა აღმოჩენილი... ვერ ვიტყვი და დავასაბუთებ, რომ ჩემ მიერ შეძენილი ხორცი მაინცდამაინც ცხენის იყო, თუმცა უვარგისი რომ გახლდათ, ეს ფაქტია...
რამდენად უსაფრთხოა ხორცი, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა ყოველდღიურად ბაზარში ყიდულობს - ამის გასარკვევად სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს დავუკავშირდით:
"ხორცის სასურსათო ჯაჭვის კონტროლი ყველა ეტაპზე ხორციელდება - საქონლის დაკვლიდან დაწყებული, საბოლოო რეალიზაციამდე, თუმცა აქ სწორად უნდა გავმიჯნოთ ხორცით ორგანიზებული ვაჭრობა, ანუ ლეგალური ჯაჭვი და გარევაჭრობა, არაოგანიზებული ვაჭრობა" - როგორც სააგენტოს უფროსი ამბობს, ლეგალურ ვაჭრობას მიეკუთვნება აგრარული ბაზარი, როცა ორგანიზებულად, ინდენტიფიცირებულად, რეგისტრირებულად არის ყველაფერი და მათზე საკანონმდებლო მოთხოვნები ვრცელდება, რაც რეგულარულ კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება გარევაჭრობას, არაორგანიზებულ საქმიანობას, იმთავითვე არის კანონით აკრძალული და რა თქმა უნდა, ეროვნული სააგენტო აქ კონტროლს ვერ განახორციელებს.
"ისე არ გამოვიდეს, რომ ეროვნული სააგენტო პასუხისმგებლობას იხსნის, უბრალოდ, კანონმდებლობით ეროვნული სააგენტო ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებს. გარდა იმისა, რომ ჰქონდეს კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, კომუნიკაცია მომხმარებელთან, რათა ინფორმაცია მიაწოდოს, რომ ხორცის შეძენა ასეთ არაორგანიზებულ ადგილებში სარისკოა და პრობლემას შეუქმნის", - აღნიშნავს კახა სოხაძე და დასძენს, რომ "ხორცი მაღალი რისკის სასურსათო პროდუქტია, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ინფექციური დაავადების კუთხითაც. ამიტომ, საჭიროა სანიტარული ნორმების დაცვა, სისუფთავე ხორცის, ეტიკეტირება და ა.შ. ასეთ ადგილებში ხორცის რეალიზებისას, ჯერ ერთი, დაუდგენელია, რა წარმომავლობისაა ხორცი, სად გაიზარდა, როგორ პირობებში ინახავდნენ. რა პირობებში და სად დაიკლა, იყო თუ არა დაცული ტემპერატურული რეჟიმები. რა თქმა უნდა, დაავადების კუთხითაც შეუსწავლელია". განაგრძეთ კითხვა