მშობლები ცდილობენ, ბავშვებს გარკვეული აკრძალვები დაუწესონ. რას აკეთებენ ამ დროს ბავშვები? ფსიქოლოგმა კატერინე მურაშოვამ გამოკითხა 48 ოჯახი და იპოვა პასუხი კითხვაზე, შევუზღუდოთ თუ არა ბავშვს კომპიუტერთან და პლანშეტთან ჯდომა?
ფსიქოლოგმა მოიწვია 48 შეძლებული ოჯახი, რომელთაც 9-დან 12 წლამდე ბავშვები ჰყავდათ. ოჯახები დაყო 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფში შევიდა 19 ოჯახი, სადაც მშობლები მკაცრად აკონტროლებდნენ კომპიუტერისა და გაჯეტების მოხმარების დროს. მეორე ჯგუფში შედიოდა 23 ოჯახი,სადაც მშობლები და შვილები გამუდმებულ "ომში" იყვნენ ჩართული. ასეთ ოჯახებში გაჯეტების სარგებლობის დრო შეზღუდულია, თუმცა მშობლები ბოლომდე ვერ აკონტროლებენ თავის აკრძალვებს და ბოლოს მაინც ბავშვების სასარგებლოდ სრულდება ყველაფერი. მესამე ჯგუფში შედიოდა 6 ოჯახი, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო არანაირი აკრძალვა არ დაუწესა ბავშვებს.
მურაშოვამ სამივე ჯგუფის მშობლებს ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვა: "დღის მანძილზე დაახლოებით რამდენ საათს ატარებდნენ მათი ბავშვები კომპიუტერთან და გაჯეტებთან?" შემდეგ ფსიქოლოგმა სთხოვა ბავშვებს ყოველდღიურად, ერთი კვირის მანძილზე ჩაეწერათ ფურცელზე, თუ რამდენ საათს ატარებდნენ გაჯეტებთან. ოღონდ ისე, რომ მშობლებს არ სცოდნოდათ ამის შესახებ. ერთკვირიანი ექსპერიმენტი გაიმეორეს სამჯერ - ოქტომბერში, დეკემბერში და თებერვალში. მურაშოვასთვის მშობლების და შვილების "შედეგები" გასაოცარი აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: რას ურჩევს ექიმი კომაროვსკი მათ, ვისი შვილებიც გაჯეტებით სარგებლობს
გაირკვა, რომ ბავშვები ცდილობენ ყველა შესაძლო მეთოდით თავი აარიდონ მშობლების კონტროლს: "ვთამაშობდი მეგობართან ერთად დასვენებაზე. გაკვეთილების შემდეგ გავაგრძელე თამაში გახანგრძლივებულში. დედა ჩემს უმცროს დას ამეცადინებდა და დაავიწყდა კომპიუტერის გამორთვა. დედას ვუთხარი, რომ გეოგრაფიაში პრეზენტაცია მქონდა გასაკეთებელი. მასალა გადმოვწერე 5 წუთში და 3 საათი კიდევ ვიჯექი კომპიუტერთან. ბებიასთან ერთად ვიყავი. მთელი დღე ვთამაშობდი კომპიუტერს. დამპირდა, რომ დედას არ ეტყოდა".
ექსპერიმენტის შედეგები კი ასეთია:
"პირველი ჯგუფი. მშობლები, რომლებიც "აკონტროლებდნენ" შვილებს აცხადებენ, რომ მათი შვილები საშუალოდ ინტერნეტში ატარებენ კვირაში 7 საათს. ამავე ჯგუფის ბავშვების მონაცემებით კი ეს დრო შეადგენს 21,7 საათს.
მეორე ჯგუფი. მშობლები, რომლებიც "ებრძოდნენ" შვილებს, აცხადებენ, რომ კვირის მანძილზე საშუალოდ მათი შვილები ინტერნეტში 11,5 საათს ატარებდნენ. ბავშვების მონაცემებით ეს დრო შეადგენს 24,3 საათს.
მესამე ჯგუფი. მშობლები, რომლებიც საერთოდ არ აკონტროლებენ შვილებს, აცხადებენ, რომ კვირაში 25 საათს ატარებენ მათი შვილები კომპიუტერთან. შვილების მონაცემებით ეს დრო შეადგენდა - 23,7 საათს".
"მოგწონთ? მეც. დასკვნები თქვენთვის მომინდვია" - წერს მურაშოვა.