საგანგაშო სტატისტიკა, გარდაცვლილი მოზარდები და ექიმი-ტოქსიკოლოგის რჩევები ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარული და აქტუალურია ნარკოტიკი ბიო. ამ ნარკოტიკის მოხმარების შემთხევა არაერთხელ დასრულებულა ფატალურად, მათ შორის, მოზარდების ასაკში და არა მხოლოდ ვაჟები, გოგონებიც ემსხვერპლნენ. აღნიშნული ნარკოტიკის შემადგენლობა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ინტერნეტში უამრავ ინფორმაციას შეხვდებით ბიოს მავნე ზეგავლენაზე, იმაზე, როგორ დამღუპველად მოქმედებს ის ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, როგორ იწვევს მიდრეკილებებს სუიციდისკენ და ა.შ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შესახებ ექიმი ტოქსიკოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ეკა ქურდაძე გვესაუბრა.
- ეს არის ჩვეულებრივი ნარკოტიკი, ოღონდ სინთეზური. ბოლომდე მისი შემადგენლობა არ არის გარკვეული. ვერც ერთმა ექიმმა ნარკოლოგმა ბოლომდე ვერ შეძლო მისი გამოკვლევა, რადგან ხშირად იცვლება, არალეგალურად შემოდის და მოიპოვება, ამიტომ ხშირად ხდება მისი ცვალებადობა. თუ გავითვალისწინებთ მის შედეგ გართულებებს და კლინიკურ ნიშნებს, ეს არის ერთგვარი ქიმიური სინთეზური ნაერთი, რომელიც შეიცავს როგორც მცენარეულ საწყისებს, ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს. ვიცით, რომ ნარკოტიკი იწვევს დამოკიდებულებას, აქვს უამრავი არაპროგნოზირებადი გართულება, ანუ რა კლინიკა გამოვლინდება, რა გართულებებს გამოიწვევს, წინასწარ არავინ არ ვიცით. პერიოდულად იცვლება. ჰგავს როგორც მარიხუანას, ისე სხვა ჰალუცინოგენებს. მისი ცუდი თვისება ის არის, რომ იწვევს როგორც ადრეულ გამოვლინებას, სუნთქვის გართულებას, კარდიოლოგიურ პრობლემებს, ასევე მოგვიანებით ეტაპზე ახასიათებს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. რამდენადაც მომეპოვება ინფორმაცია, რამდენიმე პაციენტი სიკვდილამდეც კი მიიყვანა. მისი დამოკიდებულება და შეჩვევა მეორეს მხრივ იწვევს აზროვნების დაქვეითებას, პერსონალურ ცვლილებებს, მეხსიერების შეცვლას და ყველაზე ცუდი რაც არის, იცვლება ფსიქიური მდგომარეობა. ამ ნარკოტიკს ორგანულ ცვლილებამდე მიჰყავს ადამიანები და პაციენტები ხდებიან უკვე ფსიქიკურად დაავადებულები. შემდეგში საკმაოდ რთულია მათი მკურნალობა, როგორც დამოკიდებულების მოხსნა, ასევე მხედველობითი ჰალუცინაციების მოხსნა და სმენითი პრობლემების მოხსნა. ძალიან რთულია ამ დროს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის დაბრუნება.
- ბიოს მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ეს ნარკოტიკი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით ნაკლებად საზიანოა ორგანიზმისთვის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. მინახავს საკმაოდ გართულებული უამრავი შემთხვევა და ყველა ადასტურებდა ამ ნარკოტიკის გამოყენებას. საკმაოდ რთულია ამ ნარკოტიკის დადასტურება ორგანიზმში. თუ პაციენტი თავის დროზე მოგვმართავს, ამ შემთხვევაში შედარებით მარტივად იხსნება მისი გართულებები. ეს ჩვეულებრივი სინთეზური ნარკოტიკია, რომელიც უამრავ გართულებას იწვევს. რადგან მაინც არალეგალურია, გვიან გვაკითხავს პაციენტი, ან ჰგონიათ, რომ ძალიან მალე მოიხსნება ეს ჰალუცინაციები და ამით დასრულდება. ამით ნამდვილად არ დასრულდება. პროცესი მაინც მიმდინარეობს ორგანიზმში, ძალიან ხშირად იძლევა ღვიძლის უკმარისობას. ხშირად არ იცის მომხმარებელმა ამ პრობლემის შესახებ, გვიან ვლინდება სამწუხაროდ და ამ ჩივილს ვერ გრძნობს პაციენტი. ვერ გრძნობს, რომ იქ მიდის არასასურველი პროცესი, ხდება ღვიძლში უჯრედების კვდომა. ერთ დღესაც შესაძლოა გამოვლინდეს სიყვითლე, სისხლდენა, ცნობიერების დაბინდვა და ამ დროს უკვე გვიანი იყოს და შეუძლებელი გახდეს მათი დახმარება. ამას სხვა შემცველობა აქვს, ქიმიური ნაერთია, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, ნარკოლოგებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ რა ნაერთია, რადგან არალეგალურად შემოდის და ალბათ თვითონ მწარმოებელი მაქსიმალურად ცდილობს მუდმივად ცვალოს, რაც ალბათ გზას გვიბნევს და შეუძლებელს ხდის ბოლომდე გავარკვიოთ რა ნაერთია. ყოველთვის სინთეზური პრეპარატები გაცილებით უფრო რთულია, არაპროგნოზირებადი და სამწუხაროდ, ბევრ გართულებას გვაძლევს.
- რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ფატალურად ამ ნარკოტიკის მოხმარება? თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ პირველივე მოხმარება სასიკვდილო ყოფილა?
- საკმაოდ რთულია მოიპოვო პაციენტის ნდობა, რომ აღნიშნოს, ეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაა. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პლანი, ხშირად თვითონაც არ იცის პაციენტმა, რა არის ეს. შემდეგი გართულების შემთხვევაში ხდება ხოლმე ამის დადასტურება. ნებისმიერი ადამიანი ცალკეული ინდივიდია, ჩვენ ისედაც არ ვიცით, გენეტიკურად რა განწყობა გვაქვს, შესაძლებელია ერთჯერადად გამოყენებამაც გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ასევე გამოიწვიოს უამრავი პრობლემა, როგორც ნერვული სიტემის მხრივ და ცნობიერების თვალსაზრისითაც. ძალიან ცუდია გულსისხლძარღვთა სისტემისთვის და იწვევს არითმიებს. მით უმეტეს, თუ ისედაც აქვს პრობლემა მომხმარებელს, რომელიც საკმაოდ ხშირია განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. პაციენტი ხშირად მოდის მაშინ, როცა უკვე ძალიან გვიანაა. არის უგონოდ, სჭირდება უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა და საჭიროებს საკმაოდ ძვირად ღირებულ მკურნალობას, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში ვეღარ ვეხმარებით.
- დღესდღეობით ამ შემთხვევების სტატისტიკა როგორია?
- ისეთი მაჩვენებელი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო.ტოქსიკომანია ცოტა შემცირდა. ალბათ ყიდვა და მოპოვება ცოტა გართულდა. შემთხვევები პერიოდულად იცვლება, ზოგჯერ არ არის ისეთი ცუდი ნაერთი და ნაკლებად ტოქსიკურია, არის პერიოდი, როცა ფატალური შედეგის ძალიან ხშირი შემთხვევა ფიქსირდება. თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია.
- ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ერთხელ გასინჯავს და შემდეგ ადვილად დაანებებს თავს, ადვილად იტყვის უარს ამ ნარკოტიკზე. ეს ნამდვილად ასეა?
- სამწუხაროდ, არ არის ასე, ეს რეალობა არ არსებობს. ლექტორი ვარ და სტუდენტებსაც სულ ვუმეორებ, რომ ნუ დავდებთ სასწორზე თავს. არ ვიცით, რა განწყობა გვაქვს, რა გენეტიკა გვაქვს. შესაძლებელია ის ერთჯერადი მოწევაც კი სავალალო აღმოჩნდეს. ხშირ შემთხვევაში ვერ ჩერდებიან და კიდევ უნდათ იგივე მდგომარეობის დაბრუნება და სამწუხაროდ, ეს იზრდება ისეთ ჩვევაში, როგორიც არის მანია. ამიტომ თუ ვინმე შეისმენს და შეიძლება ამის პრევენცია, სასურველი იქნება არავინ, არასდროს არ გამოიყენოს, არ გასინჯოს ეს უცნობი ნივთიერება, რომელიც ნამდვილად არ ვიცით, რა არის თავისი შემადგენლობით. ფაქტია, რომ ეს ნარკოტიკი მკვლელია.
- როცა ბიოს ან ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის მომხმარებელს ჰყავს ორსული მეუღლე, ეს რამე საფრთხეს უქმნის ნაყოფს?
- საერთოდ ძალიან გვიხარია ხოლმე, როცა ნარკოტიკის მომხმარებლის შვილი იბადება ჯანმრთელი. არ არის მხოლოდ ვიზუალური სიჯანსაღე ჯანმრთელობა. ძალიან ხშირად არ ჩანს ან გვიან ვლინდება ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემები, რაც სხვადასხვა დაავადების საწყისი ხდება. ჩვენი უჯრედია, ჩვენი ნაწილია ის სპერმატოზოიდი, რომელიც შემდგომში დასაწყისს აძლევს ახალ სიცოცხლეს. ამიტომ მაქსიმალური გაფრთხილება უნდა. ჩასახვამდეც კი სასურველია 2-3 თვე მაინც გაფრთხილება, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილიც ჯანმრთელი და სრულფასოვანი იყოს.
- რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვისაც მიდრეკილება აქვთ ნარკოტიკისკენ?
- ვიცი და მესმის, რომ საკმაოდ რთულია დამოკიდებულების მოხსნა, მაგრამ როგორმე უნდა ვეცადოთ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება. ჩვენი ენერგია უფრო სასიკეთო საქმეზე დავხარჯოთ. შევეშვათ ნარკოტიკებს და ჩვენი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, დედებისთვის თავი როგორმე უნდა დავიხსნათ ამ მკვლელის კლანჭებისგან.
მერი ბლიაძე